რეზონანსი
11.07.2024

ვაშინგტონი 2024 წლის ნატოს სამიტს მასპინძლობს, რომელსაც ალიანსის წევრი თურქეთიც ესწრება ბევრი ანტიდემოკრატიული „ბარგით", რაზეც გასულ კვირას ამერიკის კონგრესის 142 წევრმა მოახდინა აქცენტირება.

ნატოს 32 წევრ ქვეყანას შორის თურქეთი ერთადერთია, რომელიც ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზის" მიერ კლასიფიცირებულია, როგორც „არათავისუფალი". „ეკონომის ინტელიჯენს იუნითის" 2023 წლის დემოკრატიის ინდექსში თურქეთი 102-ე ადგილზეა მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის. ნორვეგია იკავებს პირველ ადგილს, კანადა მე-13-ს, ხოლო შეერთებული შტატები 29-ეს. ნატოს არც ერთი წევრი ქვეყანა არ არის მიახლოებულიც კი თურქეთის ცუდ რეიტინგთან, წერია ალპ ასლანდოგანის მიერ ამერიკულ „ნიუსიუიკში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ნატო შეიქმნა იმისათვის, რომ უზრუნველეყო დასავლური დემოკრატიების კოლექტიური უსაფრთხოება საბჭოთა კავშირის კომუნისტური, ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. მისი დაარსებისას შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი დაიცავდნენ თავიანთი ხალხების თავისუფლებას, საერთო მემკვიდრეობასა და ცივილიზაციას, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე.

შემაშფოთებელია, რომ ნატო, რომელიც წელს 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, ახლა აღიარებს შიდა ძალისხმევის აუცილებლობას საკუთარი წევრების დემოკრატიების შესანარჩუნებლად და დასაცავად.

არსებობს ინიციატივა ნატოში დემოკრატიული მდგრადობის ცენტრის შექმნის თაობაზე, რადგან, როგორც კონგრესმენმა გერი კონოლიმ აღნიშნა, „დემოკრატია, მიუხედავად იმისა, რომ მდგრადია, ასევე მყიფეცაა. ის მუდმივად უნდა გაძლიერდეს და დაცული იყოს ანტიდემოკრატიული მცდელობებისგან - შიგნიდან თუ გარედან." მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრებს წლების განმავლობაში ჰქონდათ მერყევი, თუმცა ზოგადად დადებითი ურთიერთმიმართება დემოკრატიასთან, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ძალაუფლების ხელში ჩაგდების პრაქტიკა და მისი რეჟიმის ორი ათწლეულის ავტორიტარული კურსი შეიძლება იყოს აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზეზი.

თურქეთი ნატოს მოკავშირეა 1952 წლიდან, ბლოკის გაფართოების პირველი ტალღის შემდეგ. იგი მდებარეობს სტრატეგიულ ადგილას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის და არის მეორე უდიდესი ქვეყანა და მეორე უდიდესი სამხედრო ძალა ნატო-ში. მაგრამ ქვეყნის ამ უპირატესობებს მნიშვნელოვანი ფასი გააჩნია - თურქეთის მოქალაქეების მუდმივი ტანჯვა, რომელიც მოდის ავტოკრატიისკენ მიდრეკილი ლიდერისგან, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული ძალაუფლების ყველა ბერკეტი, ცერა თითი დემოკრატიის თვალში და ფეხი დადგმული ადამიანის უფლებებზე.

ერდოღანმა სრულჰყო „ავტოკრატის ინსტრუქციების სახელმძღვანელო", რომელიც მოიცავს პოპულიზმისა და ნაციონალიზმისკენ მიმართვას, აღმასრულებელი ძალაუფლების გაფართოებას, არჩევნების ფარულ მანიპულირებას, დიდ კაპიტალზე კონტროლის განხორციელებას, დამოუკიდებელი საინფორმაციო მედიის ჩახშობას, სასამართლო სისტემის ლოიალური კადრებით შევსებას და საგანგებო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას არჩევნების გზით დემოკრატიის მოჩვენებითი ფასადის შენარჩუნებისას.

მის ამგვარ ქცევაზე შიდა შეზღუდვების არარსებობის პირობებში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობა - სანქციების, გაკიცხვის და სხვა მექანიზმების მეშვეობით - აიძულოს ერდოღანის მთავრობა შეასრულოს თურქეთის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შარშანდელმა გადაწყვეტილებამ სწორედ ეს გააკეთა და გამოავლინა თურქეთის მიერ დისიდენტების გაჩუმება პოლიტიკურად მანიპულირებადი სასამართლო სისტემის გამოყენებით. სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთის მთავრობის მიერ ყოფილი მასწავლებლის, იუქსელ იალჩინკაიას დევნა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი ფუნდამენტური გარანტიის უხეშ დარღვევას - სამართლიანი სასამართლოს უფლება, სამართლიანი სასამართლო დასკვნის გარეშე გასამართლება და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

იალჩინკაია დააპატიმრეს არა სავარაუდო დანაშაულის რაიმე სახის მტკიცებულების საფუძველზე, არამედ ჰიზმეტის მოძრაობასთან (რწმენაზე დაფუძნებული სამოქალაქო გაერთიანება) კავშირის ბრალდებით, რომელიც ხელს უწყობს რელიგიათა შორის დიალოგს და ტოლერანტობას, განათლებასა და ჰუმანიტარულ დახმარებას. თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ჰიზმეტის მოძრაობის წევრების დასჯა კავშირშია მოძრაობის დამფუძნებლის - ფეთჰულა გიულენის დევნასთან, რომელმაც უარი თქვა ერდოღანის უპირობო ერთგულებაზე.

ერდოღანმა სცადა 2016 წლის ეგრეთწოდებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გიულენისთვის დაებრალებინა, თუმცა ვერცერთი დასავლური მთავრობა ვერ დაარწმუნა მის თანამონაწილეობაში. შემდეგ, მიუხედავად გიულენის მხრიდან ერდოღანის ბრალდებების მტკიცე უარყოფისა, ერდოღანმა მიმართა ჰიზმეტის მონაწილეთა დევნას - ასობით ათასი მათგანის დაპატიმრებას და ციხეში ჩასმას. თურქეთის მთავრობამ 11 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები ჩამოართვა ათასზე მეტ კერძო კომპანიას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ 100 000-ზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება იყოს უკანონო, იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით. ბუნებრივია, თურქეთმა არასათანადო რეაგირება მოახდინა ამ ფაქტზე, იუსტიციის მინისტრმა ეჭვქვეშ დააყენა ამ განაცხადის კანონიერება მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი იყო საქმის მხარე.

გაბრაზებულმა ერდოღანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უწოდა „ჩალის კონა, რომელმაც აქლემს ზურგი ჩაუტეხა". რეალურ ცვლილებას დასჭირდება ერთზე მეტი სასამართლო საქმე, თუმცა ნატო-ს და მის წევრებს აქვთ შესაძლებლობა გაუგზავნონ ძლიერი, მარტივი მესიჯი ერდოღანს წელს - შეწყვიტეთ უდანაშაულო მოქალაქეების დევნა მოგონილი ბრალდებებით, შეწყვიტეთ სიძულვილის ენის გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიმართ, შეაჩერეთ ტრანსნაციონალური რეპრესიები, მათ შორის თქვენი საზღვრებს გარეთ ადამიანების გატაცება, იცხოვრეთ ნატოს ალიანსის დემოკრატიული იდეალების შესაბამისად, როგორც ალიანსის პატივსაცემი წევრი.

ნატომ და მისმა წევრებმა უნდა გადალახონ ერდოღანის წინააღდეგობა, პოლიტიკური მანევრები და მუქარები. შვედეთის ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით მისი დაგვიანებული თანხმობა არის მისი მაკიაველური აზროვნების უცხადესი ილუსტრაცია. მის მიერ რუსული S400 რაკეტების შეძენა აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ მას არ აინტერესებს ალიანსთან შესაბამისობა. თურქეთის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული უკუსვლის გამოსწორება ნატოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაცვა გარე აგრესორისგან. თუ ნატო არ იცავს დემოკრატიას, პიროვნულ თავისუფლებას და კანონის უზენაესობას ისეთ ქვეყნებში, როგორიც თურქეთია, მაშინ ის უბრალოდ იცავს ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც არაფრით განსხვავდება იმ საფრთხისგან, რომლის წინააღმდეგაც თავდაპირველად ნატო შეიქმნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×