ნატალია ჯვარიძე
11.07.2024

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამკაცრებს თავის პოზიციას პეკინთან და იმ „სისტემურ გამოწვევებთან", რასაც აღმოსავლეთაზიური გიგანტი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას უქმნის. ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში ნატოს ლიდერებმა ჩაწერეს, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის, არც მეტი არც ნაკლები, „საკვანძო სპონსორია" (decisive enabler).

სწორედ ჩინეთის „არალიმიტირებული" პარტნიორობა რუსეთთან და მისი „თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა" აძლევს საშუალებას რუსეთს, რომ ეს ომი აწარმოოს, ნათქვამია ნატოს ლიდერების განცხადებაში. ალიანსი პეკინს რუსეთის „მატერიალური და პოლიტიკური მხარდაჭერის" შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ნათქვამია სიენენის ონლაინ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში.

აშშ და ევროპელი ლიდერები ბოლო თვეებში აქტიურად ადანაშაულებდნენ ჩინეთს, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი მეშვეობით, რუსეთის თავდაცვის სექტორის გაძლიერებაში. თუმცა პარალელურად პეკინი უარყოფს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას.

ამას გარდა, ნატო შეშფოთებულია კოსმოსში ჩინეთის „მზარდი შესაძლებლობებით" და უკმაყოფილოა პეკინის „მავნე კიბერ- და ჰიბრიდული ქმედებებით", მათ შორის დეზინფორმაციით, და ბირთვული არსენალის სწრაფი გაფართოებით.

დეკლარაციაში წერია, რომ ალიანსი ჩინეთთან დიალოგისთვის და კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის მზადაა, თუმცა „ამავდროულად, ვაძლიერებთ ჩვენს მდგრადობასა და მზადყოფნას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალისმიერი ტაქტიკებისა და ალიანსის გაყოფის მცდელობების მიმართ."

32 წევრისგან შემდგარი ალიანსი - ისტორიულად ორიენტირებული ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში უსაფრთხოებაზე - ბოლო წლებში აძლიერებს ურთიერთობას აშშ-ს მოკავშირეებთან აზიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან მიმართებით თავად ალიანსის შიგნითაც კონსენსუსი არ არის.

პეკინმა გააღრმავა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირები მოსკოვთან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 2022 წლის თებერვალში „უსაზღვრო" პარტნიორობა გამოაცხადეს და საჯარო დააფიქსირეს უკმაყოფილება ნატოს გაფართოების მცდელობაზე - ეს პეკინში რუსეთის ლიდერის ვიზიტის დროს მოხდა, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი კვირით ადრე.

ჩინეთმა არც ისე დიდი ხნოს წინ გაუსწრო ევროკავშირს და რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რაც რუსეთის სანქცირებული ეკონომიკისთვის ერთგვარ სამაშველო რგოლად იქცა. ამას გარდა, უკრაინის ომის ფონზე მოსკოვი და პეკინი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ.

ხუთშაბათს ჩინეთმა მკაცრად დაგმო ნატოს სამიტის დეკლარაცია, როგორც „ცივი ომის მენტალიტეტითა და მეომარი რიტორიკით სავსე", „პროვოკაციული, სავსე აშკარა სიცრუითა და ცილისწამებით".

„ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის შემქმნელი. ჩინეთის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ღიაა. ჩვენ მიზნად ისახავს სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობას და პოლიტიკური მოგვარების ძიებას", - ნათქვამია ევროკავშირში ჩინეთის მისიის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×