ნატალია ჯვარიძე
20.05.2024

უკრაინული მედია ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა 19 მაისს ღამეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პროექტ 266-M- რალერი „კოვროვეცი" გაანადგურეს. ტრაილერი არის სპეციალური დანიშნულების გემი, რომლის ამოცანაა მოძებნოს, აღმოაჩინოს და გაანადგუროს საზღვაო ნაღმები.

განადგურებული ხომალდი მოდიფიცირებული იყო და განსხვავდებოდა საბჭოთა წინამორბედებისგან ნაღმების მოსაძიებელი და გამანადგურებული უფრო მოწინავე აღჭურვილობით, ასევე დაბალი აკუსტიკური ველით. მისი სიგრძე 61 მეტრია და ეკიპაჟი თითქმის 70 კაციანია.

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, ხომალდის ჩაძირვა სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია. როგორც იგი აღნიშნავს, რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე უკრაინას ფრონტის ხაზზე რთული სიტუაცია აქვს. მისივე თქმით, გარე ფაქტორებზე ბევრია დამოკიდებული, თუმცა, სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ მარტივი საწინასწარმეტყველო არაა საბოლოოდ რა იქნება.

"მგონი სარაკეტო დარტყმა იყო, რამაც ხომალდის ჩაძირვა გამოიწვია. ფრონტის ხაზზე ძალიან რთული ვითარებაა. უკრაინას ცუდი სიტუაცია აქვს და ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზია. პირველი - დაგვიანებული და გაწელილი შეიარაღების მიწოდება, მეორე არის ის, რომ უკრაინა ფეხს ითრევს მობილიზაციის ჩატარებისგან, არა და რეალურად ახლა ფრონტის ხაზზე გაცილებით მეტი ჯარისკაცი სჭირდებათ. თუ კი შევადარებთ რუსეთს, მათ უკვე მესამე თუ მეოთხე მობილიზება ჩაატარეს. მესამე მიზეზი რუსეთის მხრიდან ხარკოვის ოქლზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან მოულოდნელი შეტევაა.

„ახლა რუსეთი ცდილობს ისედაც წნეხის ქვეშ მყოფი უკრაინის თავდაცვის ხაზი კიდევ უფრო გაწელოს და სხვადასხვა სახიფათო მიმართულებები შეუქმნას. თუ უკრაინა ხარკოვზე ყურადღებას გადაიტანს, ეს ალბათ, რუსეთს საშუალებას მისცემს გარკვეულ უპირატესობას მიაღწიოს დონეცკის ოლქში. თუმცა, სტრატეგიულად, რომ ვისაუბროთ, ეს საკმარისი არ არის, რომ ამან რუსეთისთვის რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა, ან გამარჯვება გამოიწვიოს.

„ისევ და ისევ გრძელვადიან ომთან გვაქვს საქმე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მითუფრო რთულ დღეში ჩავარდება რუსეთი. კი, რა თქმა უნდა, მათ გარკვეული გამოსავლები ნახეს, ეკონომიკა ომის ეკონომიკაზე გადააჯგუფეს, მაგრამ თუ ეს მშვიდობიანზე არ დაბრუნდა, ასეთ სახელმწიფოს ამ რეჟიმში ცხოვრება ძალიან გაუჭირდება.

„მაგალითისთვის, რომ მოგიყვანოთ, გაცილებით დაბალი მასშტაბების ომი იყო ავღანეთის, თუმცა, მასაც ვერ გაუძლო საბჭოთა კავშირმა, რომელიც უფრო ძლიერი სახელმწიფო იყო, ვიდრე რუსეთი. ამიტომ დიდი ქვეყნებისთვის გრძელვადიანი ომები ძალიან პრობლემურია.

„ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინამ როგორმე გაუძლოს რუსეთის დარტყმებს, არ მისცენ საშუალება, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი სახის უპირატესობას მიაღწიონ და დროთა განმავლობაში თავად უკრაინამ უნდა შეიტანოს გარდატეხა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამის ლოგიკური დასასრული, მაგრამ, იმდენად არის როგორც უკრაინის წარმატება გარე ფაქტორებზე დამოკიდებული, ისე რუსეთის გარკვეული პროცესები, რომ ძალიან რთული საწინასწარმეტყველო გახდა საბოლოოდ რა იქნება. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს". - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის აზრით, ფრონტის ხაზზე მდგომარება შედარებით მძიმედ სტაბილურია. როგორც იგი აღნიშნავს, რუსეთი ცდილობს, რომ ეს პერიოდი გამოიყენოს, დაახლოებით 2-3 თვის ფანჯარა, სანამ უკრაინაში მობილიზებული ჯარისკაცები სწავლებას არ გაივლიან და სანამ ფრონტის ხაზს არ გააძლიერებენ.

„ჩემი მონაცემებით, დრონი იყო გამოყენებული და მისი მეშვეობით გაანადგურეს ხომალდი. ამ დროისთვის უკრაინის ფრონტზე მდგომარება შედარებით მძიმედ სტაბილურია. რუსები ცდილობენ უკრაინელები აიძულონ, რომ სუმის ოლქის საომარი მოქმედებების გააქტიურებით ხარკოვის მიმართულებაზე გადაანაცვლონ თავიანთი ძალები. შესაბამისად, რუსეთს უნდა, რომ ფრონტის ხაზი გაზარდოს და უკრაინას საკუთარი ძალების მეტად დაქსაქსვას აიძულებს.

„ხერსონზე და ზაპოროჟიეს ოლქებზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია, რუსები ამბობენ, რომ ავიღეთო, უკრაინელები კი პირიქით, ჯერ ვერ აიღესო. რუსეთი ცდილობს, რომ ეს პერიოდი გამოიყენოს, დაახლოებით 2-3 თვის ფანჯარა, სანამ უკრაინაში მობილიზებული ჯარისკაცები სწავლებას არ გაივლიან და სანამ ფრონტის ხაზს არ გააძლიერებენ. ორივე მხარეს უნდა, რომ მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიონ. უკრაინამ შეინარჩუნოს ტერიტორიები და რუსეთმა პირიქით დაიკავოს, ეს ალბათ იმიტომ, რომ მოსალოდნელ მოლაპარაკებაზე ორივე მხარე მზად იყოს. ამჯერად არც ერთი მხარეს ეს არ უნდა" - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×