თამთა ჩაჩანიძე
19.05.2024

რუსეთმა ხარკოვზე შეტევა შეაჩერა. როგორც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, მათი მიზანი არა ქალაქის აღება, არამედ ბუფერული ზონის შექმნა იყო, რათა „დაეცვა რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიები". უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი არ გამორიცხავს, რომ ოკუპანტების შეტევა რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს და ერთ-ერთი ხარკოვის ოლქში - ჩრდილოეთის მიმართულების გაქტიურება იყოს. რა არის რუსეთის შეფერხების მიზეზი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ფრონტზე?

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოხდა ერთიც და მეორეც - რუსეთს უკრაინის ჩრდილოეთში დაახლოებით 50-ათასიანი დაჯგუფება ჰყავდა გადასროლილი, რაც მხოლოდ ქალაქ ვოლჩანსკის ასაღებად გამოდგა საკმარისი. ამასთან, მათი განცხადებით, რუსეთის ამოცანებში ხარკოვის აღება ამ ეტაპზე არ ჯდებოდა, ვინაიდან მათი დარტყმის მთავარი მიმართულება უფრო სამხრეთშია დონეცკი-კუპიანსკი. სამხედრო მიმომხილველები გვეუბნებიან, რომ ზაფხული უკრაინის ომში საკმაოდ აქტიური იქნება და მოვლენების განვითარება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რესურსები ექნებათ მხარეებს.

„რუსეთის შეტევა შეიძლება რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს, პირველი ტალღა ხარკოვის ოლქში იყო. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და გავიაზროთ, რომ ისინი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში შემოდიან და არა პირიქით. ეს მაინც მათი უპირატესობაა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფრანსპრესთან".

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი ირწმუნება, რომ რუსეთი ხარკოვის ოლქში „სანიტარიულ ზონას" ქმნის და ამჟამად არ აქვს ქალაქ ხარკოვის აღების გეგმა. მისი განცხადებით, არ წყდება შეტევა მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიების საცხოვრებელ რაიონებზე, მათ შორის ბელგოროდზე და იქ მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან.

„მე საჯაროდ ვამბობდი, რომ თუ ეს გაგრძელდებოდა, იძულებული ვიქნებოდით, შეგვექმნა უსაფრთხოების ზონა, სანიტარიული ზონა. აი, ამას ვაკეთებთ", - განაცხადა პუტინმა.

შეკითხვას, აქვს თუ არა რუსეთს ხარკოვის აღების გეგმა, პუტინმა უპასუხა, რომ „დღესდღეობით ასეთი გეგმები არ არის."

დიდი ჩავარდნა, თუ ბუფერული ზონის შექმნა

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს,რომ მოხდა ერთიც და მეორეც.

„რუსული დაახლოებით 50-ათასიანი დაჯგუფება, რომელიც ხარკოვისკენ გადაისროლეს, მხოლოდ ვოლჩანსკის ასაღებად იყო საკმარისი. თუმცა ეს არასაკმარისია მთლიანი რეგიონის დასაკავებლად და ხარკოვის საკონტროლოდ, რომელსაც სამი თავდაცვითი ზღუდე გააჩნია. რუსეთს ძალა არ ჰქონდა, რომ უფრო შორს წასულიყვნენ. მის ამოცანებში არ ჯდებოდა ამ ეტაპზე ხარკოვის აღება, ვინაიდან, მათი დარტყმის მთავარი მიმართულება დონეცკია.

„ხარკოვში უკრაინელებს სამი თავდაცვითი ზღუდე აქვთ. ეს მას შემდეგაა მოწყობილი, რაც რუსეთს ამ მხარეს შეტევის მცდელობები ჰქონდა. ხარკოვი საკმაოდ დაცულია, მაგრამ ქალაქს ახლა მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები სჭირდება, რადგან რუსები ცდილობენ რეგიონზე ზალპური სისტემებით და დრონებით განახორციელონ დარტყმები.

„ხარკოვი საზღვართან ახლოსაა, მაგრამ რუსეთის მთავარი მიმართულება კუპიანსკი-სლავიანსკია, სადაც რუსებს 250-ათასიანი დაჯგუფება ჰყავთ. ხარკოვი მხოლოდ დამხმარე მიმართულებად ითვლება, რათა უკრაინელები აიძულოს, რომ ძალები გადაანაწილოს მთავარი - დონბასის მიმართულებიდან", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ომის დროს მხარეების მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციები ნაკლებად დამაჯერებელია, თუმცა რუსების შეტევის შეჩერებას ხარკოვის მიმართულებაზე შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.

„პუტინი რასაც იტყვის, ეს დასაჯერებელი არაა. ხარკოვში შესაძლოა რამდენიმე ჩანაფიქრი ყოფილიყო - მთლიანად ხარკოვზე შეტევა, ბუფერული ზონის შექმნა საზღვრის გაყოლებაზე, ახალი ფრონტის გახსნით უკრაინის მებრძოლების მოხსნა ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან და გადასროლა ჩრდილოეთით, რაც შეასუსტებდა უკრაინელების ფრონტის ხაზს სხვადასხვა მიმართულებაზე და შესაძლოა ყველაზე ფარული ის იყო, რომ ვოლჩანსკის აღების მერე შეტევა არა ხარკოვისკენ, არამედ აღმოსავლეთისკენ - კუპიანსკის ფრონტის ზურგის მისასვლელის გადაკეტვაზე ყოფილიყო ორიენტირებული, რაც ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა გახდებოდა უკრაინელებისთვის.

„უკრაინელები ხარკოვზე თავდასხმას ელოდნენ, მაგრამ ბოლომდე მაინც მომზადებულები არ აღმოჩნდნენ. ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ობიექტური ისაა, რომ უშუალოდ საღვარზე თავდაცვის ზღუდეების აგება რუსული თავდასხმების გამო რთული იყო. სუბიექტური კი ის, რომ როცა უკრაინის პრეზიდენტს აცნობებდნენ, რომ თავდაცვის ზღუდეები მოეწყო, აღმოჩნდა, რომ ბევრ ადგილას საერთოდ არც იყო დაწყებული", - განაცხადა ალადაშვილმა.

რას უნდა ველოდოთ ზაფხულში

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზაფხულში ორივე მხრიდან სხვადასხვა ინტენსივობის შეტევებია მოსალოდნელი.

„ზაფხულში მოსალოდნელია ლოკალური და ტაქტიკური დონის შეტევა-კონტრშეტევები როგორც რუსების, ისე უკრაინელების მხრიდან. რუსების მხრიდან დიდი გარღვევა მოსალოდნელი არაა. მას შემდეგ, რაც უკრაინამ 18 მაისს მობილიზაცია გამოაცხადა, ეს რუსებს აძლევს საშუალებას, რომ სამთვიანი ფანჯარა ჰქონდეთ, რა დროსაც მობილიზებულები სამბრძოლო მომზადებას გაივლიან.

„რუსები ეცდებიან, რომ ეს „ფანჯარა" გამოიყენონ რაც შეიძლება მეტი წარმატების მისაღწევად. დღევანდელი მონაცემებით არ იკვეთება რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა რუსების მხრიდან. ის არსებული ძალები, რომლებიც მათ გააჩნიათ, სჭირდებათ, რომ მაქსიმალურად განავითარონ შეტევა და აქტიურობა კუპიანსკი-სლავიანსკის მიმართულებაზე. სხვა მიმართულებით არ გააჩნიათ შესაძლებლობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანონ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ირაკლი ალადაშვილი კი „რეზონანსს" ეუბნება, რომ ის, თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები, ძირითადად მხარეების რესურსებზეა დამოკიდებული.

„ძირითადად ყველაფერი რესურსებზეა დამოკიდებული - ესაა ცოცხალი ძალა და დაბრძოლო ტექნიკა თავის შემადგენლობით. რუსებს ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე უკრაინას, მაგრამ არც რუსეთის ეს რეზერვებია უსაზღვრო და არც მას შეუძლია, რომ ყველა მიმართულებაზე ერთდდროულად დაიწყოს იერიში ზაფხულში, თუმცა შესაძლოა რამდენიმე მიმართულება აარჩიოს და სადაც გამოუვა იქ განავითაროს.

„ყველა ვარიანტში ჩასოვ-იარისკენ შეუტევენ. საკითხი უფრო პოლიტიკურია, პუტინის მიზანი დონბასის მთლიანი ოკუპაციაა. ლუგანსკს მთლიანად აკონტროლებს, დონეცკის ოლქში კი სამი დიდი ქალაქია უკრაინის კონტროლქვეშ - კონსტანტინოვკა, კრამატორსკი და სლავიანსკი, რომელთა აღება ყველანაირად უნდა, უკვე მესამე წელია ამას ცდილობს", - განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×