თამთა ჩაჩანიძე
09.05.2024

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს. გავრცელებული ცნობებით, პუტინისა და ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრა კრემლში 8 მაისს საღამოს გაიმართა, თუმცა ფაშინიანი 9 მაისის აღლუმს არ დასწრებია. მან მოსკოვში ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომას ჩაატარა, რომლის თავმჯდომარე ქვეყანაც ამჟამად სომხეთია.

„2020 წლის შემოდგომას, სომხური მხარის თხოვნით, ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები განთავსდნენ რიგ სომხურ ოლქებში. ფაშინიანმა თქვა, რომ დღეს, შეცვლილ პირობებთან დაკავშირებით, ასეთი საჭიროება აღარ არის, ამიტომ პრეზიდენტი პუტინი ჩვენი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანა შეთანხმდა", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ სომხური მხარის მოთხოვნით, რუსი მესაზღვრეები ირანთან და თურქეთთან საზღვარზე დარჩებიან.

მანამდე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის მოსკოვში 9 მაისის საზეიმო ღონისძიებებს არ დაესწრება. „მე მგონი ცოტა უცნაური იქნებოდა, თუ სომხეთის ლიდერი ყოველ წელს მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრება", - განაცხადა ფაშინიანმა ორი დღის წინ.

მანამდე ის 7 მაისს პუტინის ინაუგურაციასაც არ დაესწრო.

სომხეთის ხელისუფლებამ 8 მაისს გამოაცხადა, რომ წყვეტს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ოდეკაბე) ფინანსურ მონაწილეობას. მანამდე, სომხურ საზოგადოებაში საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთმა სომხეთი მიატოვა, ყარაბაღის ომის დროს და სათანადო დახმარება არ გაუწია, რაც ხელშეკრულებიდან მის გასვლას გამოიწვევდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 10 მაისს გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებების საკითხი. დღის წესრიგში ასევე აღნიშნულია მხარეთა ვალდებულებების დადასტურების და რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო გზების აღდგენასთან დაკავშირებული თემები.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სომხეთი ჯერჯერობით „ოდეკაბედან" არ გავა, რადგან რუსეთს გარკვეული ბერკეტები აქვს მასზე ზემოქმედების და არც დასავლეთში არ აქვს მყარი გარანტიები უსაფრთხოებაზე.

„ახლა ის სასაზღვრო ჯარები გადიან, რომლებიც არიან ფედერალური უშიშროების სამსახურის დაქვემდებარებაში, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრებზეა საუბარი. თუ მერე თურქეთისა და ირანის საზღვრიდანაც გაიყვანენ, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთვევაში, რუსეთი სამხედრო ბაზებს დატოვებს სომხეთში, სანამ პუტინი ჯერ კიდევ პრეზიდენტია.

„რუსეთმა ჩათვალა, რომ ხელს აღარ შეუშლის აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის პოლიტიკას და სასაზღვრო ჯარების ყოფნა იქ უკვე სასურველი არაა, რადგან იქ სომხეთისთვის უსაფრთხოება გარანტირებულია, არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ზანგეზურის კორიდორის დაცვა რაიმე ღირებულებაა რუსეთისათვის. მეორეც, რუსეთს სომხეთზე ზეწოლის სხვა ბერკეტებიც აქვს და გავლენას მაინც ინარჩუნებს.

„10 მაისს სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეხვდებიან, დიდი ალბათობით შეთანხმდებიან პრინციპებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, გაიმართება რამდენიმე რაუნდი და სავარაუდოდ მესამე რაუნდის მერე, სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი და შესაძლოა ეს ალმათის სახელით იყოს ცნობილი.

„არა მგონია სომხეთი ოდეკაბედან გავიდეს. იმ დღეს ნიკოლ ფაშინიანი ამბობდა, რომ 9 მაისის აღლუმზე რუსეთში პუტინთან არ ჩავალო და აგერ, როგორც ვნახეთ, დაბარებულივით ჩავიდა. ის ჯერ კიდევ სრულიადაა მიბმული რუსეთზე, ბუნებრივია კრემლმა ზეწოლით ჩაიყვანა. ის ორ წყალს შუაა, დასავლეთშიც ჯერ ვერ ხედავს მყარ გარანტიებს და რუსეთს კი სომხეთზე ზემოქმედების ბერკეტი აქვს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ფაშინიანი 9 მაისის აღლუმზე იყო, მოსკოვში ჩავიდნენ ყაზახეთის პრეზიდენტი თოყაევი, ლუკაშენკო და სხვები. სამხედრო აღლუმი ჩატარდა, გაიცა ბრძანება, რომ სამხედრო წვრთნები დაიწყოს, სხვათა შორის ჩვენს სიახლოვეს, - კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში. მოხდება არასტრატეგიული ბირთვული დანიშნულების შეიარაღების დემოსტრირება, ფაქტიურად ბირთვული დაშინების პოლიტიკის გატარებაა, ეს უფრო უკრაინის დასანახად კეთდება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს დასანახადაც იყოს, ბოლოს ასეთი მასშტაბის წვრთნები საბჭოთა კავშირმა 1981 წელს ჩაატარა და მერე დასავლეთის წინააღმდეგ სტრატეგიული რბოლა დაიწყო", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზოანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×