რუსეთის ოლქების გუბერნატორების ინფორმაციით, რიაზანისა და ვორონეჟის ოლქებს თავს დრონებით დაესხნენ და რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამავე ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალოკვმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ადგილობრივების ცნობით, ქარხანაზე თავდასხმა ღამის სამ საათზე განხორციელდა.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ვორონეჟის ტერიტორიაზე 2 დრონი ჩამოაგდო.
გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის აზრით, უკრაინელები რუსებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად სამოქალაქო სექტორებს ურტყამენ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიაქვთ იერიში, რადგან ნავთობი და საწვავი აუცილებელი პირობაა ჯავშანტექნიკის და ავიაციის მოქმედებითვის. როგორც იგი აღნიშნავს, 9 მაისს უკრაინა მოსკოვში თავიანთ წარმოებულ დრონებს გამოიყენებს და ეცდება აღლუმის ჩაშლას, მაგრამ, რამდენად გამოუვა, არ იცის.
„ნავთობი და საწვავი აუცილებელი პირობაა ჯავშანტექნიკის და ავიაციის მოქმედებისთვის, ასევე, კიდევ ძალიან ბევრი სამხედრო სისტემის ფუნქციონირებისთვის. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ცენტრები არის ორმაგი სამხედრო დანიშნულების, შესაბამისად ეს უკრაინისთვის სერიოზულ სამიზნეს წარმოადგენს, რუსებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად სამოქალაქო ობიექტებს ურტყამენ.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ რუსეთი მაისის ბოლოდან ხარკოვზე სერიოზულ დარტყმას ამზადებს, ეჭვი მეპარება, რადგან ეს ნიშნავს, რომ იქ უნდა ხდებოდეს ძალების გადაჯგუფება. თუ რუსეთი ამისთვის ფარულად ემზადება, ძალიან რთული განსახორციელებელია. თუ ამას აკეთებს, მაშინ ამის გარდა უნდა ჩავთვალოთ, რომ ხარკოვის მიმართულებაზე სამი ზღუდეა და ამდენი ხანია უკვე ხარკოვი რუსების დარტყმების ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, ქალაქმა საომარი მოქმედებებისთვის ადაპტირება განიცადა.
„რუსეთი თუ ხარკოვზე სრულმასშტაბიან შეტევას განახორციელებს, ალბათ მათთვის უფრო მისაღები და ყველაზე მოკლე მანძილი ჩრდილოეთიდან, სუმის ოლქიდან იქნებოდა, მაგრამ ეს უკრაინელებმაც ძალიან კარგად იციან. ხოლო დასავლეთიდან ხარკოვის მიმართულებით უფრო დიდი მანძილია და ამ ტემპებით, როგორც ისინი მიდიან, არა მგონია წარმატებული აღმოჩნდეს.
„გასაგებია, რომ რუსები ეცდებიან წარმატების მიღწევას, იქამდე სანამ უკრაინელები სრულად მიიღებენ იმ სამხედრო დახმარებას, თუმცა, ამისთვის მათ შესაბამისი ძალები და რესურსები სჭირდებათ. საიდან უნდა შექმნან ეს დაჯგუფება, მე არ ვიცი. ჯარს სანამ ფრონტის ხაზზე უშვებენ იქამდე მინიმუმ 4 თვე მაინც სჭირდებათ მოსამზადებლად.
„თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მაისის პერიოდში ხარკოვზე ან უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები არ იქნება. რუსები გარკვეულ პერიოდებში ბალისტიკური რაკეტების აკუმულირებას ახდენდნენ და შემდეგ ახორციელებდნენ მასიურ დარტყმებს. დიდი ხანია არ გამოუყენებიათ და არ არის გამორიცხული 9 მაისისთვის ეს განახორციელონ.
„რაც შეეხება უკრაინას, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან საჰაერო დარტყმების განხორციელებას. რუსეთის ტერიტორიაზე არამგონია მათ დასავლეთის შეიარაღებით ისარგებლონ, თუმცა, მათ თავიანთი წარმოებული დრონების გამოყენების საშუალება აქვთ. რამდენად მოახერხებენ 9 მაისის ჩაშლას, არ ვიცი, მაგრამ გარკვეული ქმედებები იქნება". - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან".