ნატალია ჯვარიძე
30.04.2024

მოსკოვში 9 მაისის აღნიშვნისთვის ემზადებიან. ანალიტიკოსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რა სახის „სიურპრიზებს" უნდა ველოდოთ უკრაინა-რუსეთის ომში ამ თარიღთან დაკავშირებით. ფრონტზე კი ჯერჯერობით უპირატესობა ისევ რუსების მხარესაა. უკრაინული არმია ძირითადად თავდაცვაზეა გადასული და პერიოდულად უკან დახევაც უწევს.

აღსანიშნავია, რომ შარშან ამავე პერიოდში უკრაინელებმა უკვე სცადეს მოწინააღმდეგისათვის საზეიმო განწყობა გაენელებინათ. 2023 წლის 3 მაისის ღამეს მათ დრონებით მიიტანეს იერიში მოსკოვის ცენტრზე. მაშინ გავრცელებული ამ თავდასხმის ამსახველი კადრების თანახმად, ერთ-ერთი დრონი უშუალოდ კრემლის თავზე აფეთქდა.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინელებმა წელსაც სცადონ რაიმე მსგავსი. გარდა ამისა, ბოლო დღეებში კეთდება მინიშნებები, რომ უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ ყირიმის ხიდზე წარმატებული შეტევის შესაძლებლობა. ამაზე საუბარი მას შემდეგ გახშრდა, რაც გაირკვა, რომ ამერიკელებმა მარტშ უკრაინელებს საიდუმლოდ გადასცეს 300 კმ მოქმედების რადიუსის მქონე ATACMS-ის ტიპის რაკეტები. თუმცა, ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები, რომელთაც „რეზონანსი" ესაუბრა, 9 მაისისათვის უკრაინელთა მხრიდან ყირიმის ხიდზე დარტყმას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.

რაც შეეხება რუსების მხრიდან მოსალოდნელ „სიურპრიზებს", სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ ახლო მომავალშ მოსალოდნელია მათი მასირებული შეტევა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე. ზოგიერთი „ტელეგრამ" არხი იმასაც წერს, რომ ამ მიმართულებით რუსებს უკვე 20-დან 40 ათასამდე კაციანი კონტინგენტი ჰყავთ მობილიზებული.

თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს 9 მაისამდე ვერაფრით მოესწრება და ხარკოვისკენ შეტევა შესაძლოა მხოლოდ მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისისთვის დაიწყოს. რაც შეეხება 9 მაისს, მათივე შეფასებით, შეიძლება ამ დროისთვის რუსებს ფრონტზე რამე უმნიშნელო წინსვლა ჰქონდეთ, რომელსაც დიდ გამარჯვებად გამოაცხადებენ. მითუმეტეს, ამჟამად ინიციატივას სწორედ ისინი ფლობენ.

გარდა ამისა, 9 მაისთან დაკავშირებით უკრაინიდან მოსკოვში ჩაიტანეს ომში განადგურებული, ან ნადავლის სახით ხელში ჩაგდებული დასავლური სამხედრო ტექნიკა - ამერიკული და გერმანული ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ა.შ. ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრშია გამოფენილი და ბოლო დღეებშ უკვე იქცა მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად.

რას შეიძლება ამზადებდნენ რუსები

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, ამ დღეს რუსეთისთვის განსაკუთრებული წარმატების აღნიშვნის საბაბი იქნებოდა, თუ რაიმე მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა უკრაინას. თუმცა, უშუალოდ 9 მაისისთვის ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

„ამ დღეს რუსეთისთვის განსაკუთრებული წარმატების აღნიშვნის საბაბი იქნებოდა, თუ რაიმე მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა უკრაინას. თუმცა, 9 მაისისთვის მსგავსი რაიმე ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ეს ფიზიკურად ვერ მოესწრება. მაისის ბოლოდან ან ივნისის დასაწყისისთვის კი რუსები, სავარაუდოდ, სერიოზულ დარტყმებს განახორციელებენ ხარკოვის მიმართულებით.

„რუსებმა ახალი ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ჩრდილოეთი" შექმნეს, რომელიც ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებშია განთავსებული და მათი მთავარი იდეაა, რომ ხარკოვისა და სუმის მიმართულებით ელვისებური დარტყმა განახორციელონ. ასე რომ, უახლოეს მომავალში საკმაოდ ცხელი ვითარება იქნება", - აღნიშნა მაისაიამ.

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს კი მიაჩნია, რომ არც 9 მაისისთვის და არც უახლოეს ერთ თვეში რუსეთის მხრიდან რაიმე სერიოზული დარტყმა არ იქნება, რადგან მათი მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ ეს შეძლონ. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ რუსებს ამ თარიღისთვის რაიმე მცირე წინსვლა ჰქონდეთ, რასაც დიდ გამარჯვებად გამოაცხადებენ.

„მე რუსეთის მხრიდან ამ დროისთვის რაიმე დიდ სიუპრიზს არ ველოდები, რადგან ამისათვის საჭიროა დიდი მომზადება და არ მგონია უკრაინის ან მსოფლიო დაზვერვას ფართო დაჯგუფების შექმნა გამორჩენოდა. შესაძლოა ისინი კიდევ ერთ პატარა მომიჯნავე პუნქტში შევიდნენ და ეს გამოაცხადონ დიდ გამარჯვებად. არც ტაქტიკურ და არც ოპერატიულ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები.

„მაისის ბოლოსთვის უკრაინა დაპირებულ დახმარების გარკვეულ პაკეტს უკვე მიიღებს და ეს მათ გაუადვილებს თავდაცვის გაგრძელებას. ამ დროისთვის რუსეთი რაიმე გარდატეხისთვის მზად არ არის", - თქვა ბერიძემ „რეზონანსთან".

უკრაინელთა შესაძლო „სიურპრიზები"

ვახტანგ მაისაიას თქმით, 9 მაისისთვის უფრო რეალურია უკრაინის შეტევა მოსკოვის მიდამოებში, რადგან ეს აღლუმი ჩაიშალოს.

„მე უფრო რეალური მგონია, რომ 9 მაისისთვის უკრაინელებმა პირიქით მოუწყონ სიუპრიზი რუსებს. არ არის გამორიცხული დრონების მეშვეობით მოსკოვის მიდამოებში განახორციელონ შეტევა, რათა აღლუმი ჩაშალონ. მითუმეტეს, რომ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ეს აღლუმი გადადეს, რადგან უკრაინული თავდასხმის საფრთხე იყო", - განაცხადა ვაქტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ბერიძე კი, უკრაინის მხრიდანან უშუალოდ 9 მაისისთვის კატეგორიულად გამორიცხავს სერიოზულ დარტყმას. მისივე თქმით, როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას შეუძლიათ ამ დღეს ერთმანეთს საჰაერო დარტყმები მიაყენონ, თუმცა ფრონტის ხაზზე დიდ ცვლილებებს არ ელოდება.

„არ მგონია, რომ ამ ეტაპზე უკრაინა მზად იყოს რაიმე მნიშვნელოვანი შეტევის განსახორციელებლად, მე ვგულისხმობ ფრონტის ხაზს. თუმცა ეს არ გამორიცხავს არც ერთი მხრიდან საჰაერო დარტყმებს, რომელიც ორივემ 9 მაისისთვის განახორციელონ. ეს მათ შეუძლიათ, მაგრამ ფრონტის ხაზზე არც რუსეთის და არც უკრაინის მხრიდან დიდ ცვლილებებს არ ველოდები". - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

რაც შეეხება უკრაინელთა მხრიდან ყირიმის ხიდზე შესაძლო დარტყმას, მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი რამის პროგნოზირება რთულია.

„ვერ გეტყვით. უკრაინის მხრიდან ყირიმის ხიდზე გუშინ იყო შეტევა. რუსები ამბობენ, რომ მათ წარმატებით მოიგერიეს. რუსებს დროებით ხიდზე მოძრაობის შეჩერებაც მოუწიათ. თუმცა, რამდენად წარმატებული იყო უკრაინელთა შეტევა, მაგას ვერ გეტყვით", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×