სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სირიის სომხურ ქალაქს ისლამისტები დაესხნენ, ერევნის მტკიცებით - თურქეთის დახმარებით
    ეკატერინე ბასილაია
    27.03.2014

     ოფიციალური ერევანი თურქეთს სირიაში სომხებით დასახლებულ ქალაქზე თავადსხმაში ადანაშაულებს. თურქეთის მხრიდან კი ისმის განცხადება, რომ ერევანი ტყუის და ეს ახალი ანტითურქული ისტერიაა.

    21 მარტს სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარე, ისტორიული კილიკიის სომხებით დასახლებული სასაზღვრო ქალაქი კესაბი და მიმდებარე სოფლები, სირიელმა მეამბოხეებმა აიღეს და როგორც ოფიციალური ერევანი აცხადებს, ამის შემდეგ დაიწყო სომხურ მოსახლეობაზე მასობრივი წნეხი (სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული სომხების ყოფილი კათალიკოსი გარეგინ პირველი).

    კილიკიის კათალიკოსი არამ პირველი ამ ფაქტის გამო ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეზიდენციას დაუკავშირდა და კესაბში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ძალების გაგზავნისაკენ მოუწოდა. სირიის პრეზიდენტის დავალებით, კათოლიკოსი ლიბანში სირიის ელჩს ეწვია და ასადის სახელით დაარწმუნა, რომ არმია ამ რაიონში მშვიდობის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებდა.

    უსაფრთხოების გამო კესაბის 600 სომხური ოჯახი იძულებული გახდა ქალაქ ლატაკიაში გადასულიყო. ქალაქი კესაბი მოექცა მეამბოხეების დიდი შეტევის ეპიცენტრში, რომელიც თურქეთის საზღვრიდან დაიწყო და მიზნად ასადის მშობლიური ქალაქის, ლატაკიას დაკავებას ისახავს. კესაბი კი საზღვრის უშუალო სიახლოვესაა. ეს ბრძოლა, რომელსაც ლატაკიას შეტევა დაერქვა, ამჟამადაც მიმდინარეობს და დაღუპულთა რიცხვი უკვე ორივე მხრიდან ასეულობითაა.

    შეტევაში მონაწილეობენ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები "ალ-ქაიდას" მოკავშირე "ჯაბჰატ ალ-ნუსრა" და საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი "ისლამური ფრონტი". ლიბანში სირიის ელჩის განცხადებით, მათ სარწმუნო ინფორმაცია აქვთ, რომ თურქეთმა არა მარტო გაატარა კესაბისკენ თავდამსხმელები, არამედ მათ მძიმე შეიარაღებაც მიაწოდეს. ასევე საუბარია თურქული ავიაციის დახმარებაზე.

    შეგახსენებთ, რომ ისლამისტების რიგებში იბრძვიან ჩრდილოკავკასიელთა რაზმები. მათი ერთ-ერთი შენაერთის მეთაურია კიდევ ერთი პანკისელი ქისტი, მუსლიმ შიშანი, მუსლიმ მარგოშვილი, თავისი გარეგნობის გამო მეტსახელად "ვიკინგი" (არ აგერიოთ ჩვენთვის უფრო კარგად ცნობილ თარხან ბათირაშვილთან, იგივე აბუ ომარ შიშანისთან, რომელიც კონკურენტი ისლამისტური დაჯგუფების, "ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მეთაურია).

    ლატაკიაში, სადაც სომხურმა ოჯახებმა თავი შეაფარეს, ორი დღის წინ სომხეთის საპალამენტო დელეგაცია არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით ჩავიდა. დეპუტატები შეხვედრას სომხურ ოჯახებთან მართავენ, სიტუაციას ადგილზე ეცნობიან და ლტოლვილების პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.

    სომხეთის ეროვნული კრება მთელი მსოფლიოს სომხების სახელით განცხადებას ავრცელებს, რომ კესაბში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, თურქული სამხედროებიის მოქმედებების შედეგად სომხური მოსახლეობა საკუთარი სახლებიდან ხელახლა გამოასახლეს და სომხების გენოციდიდან ერთი საუკუნის შემდეგაც სომხებს კვლავ იძულებით გადაადგილება მოუწიათ. ეროვნული კრება კესაბში გაეროს დამკვირვებლების გაგზავნას ითხოვს.

    "იმ ფაქტების გათვალისწინებით რაც მოხდა, ეს არის ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევის უპრეცედენტო შემთხვევა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ თურქეთის სამხედროების ქმედებებს, რაც სომხების გენოციდის შემდეგ ფაქტობრივად ახლო აღმოსავლეთში სომხური სათვისტომოსათვის ახალი გამოწვევაა. მოვუწოდებთ სირიის და თურქეთის ხელისუფლებებს, ჩაატარონ ობიექტური გამოძიება, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებისაგან მოვითხოვთ ამ სამარცხვინო ფაქტის ცალსახად ადამიანის უფლებათა დარღვევად შეფასებას," - აღნიშნულია განცხადებაში.

    როგორც სომხური მედია წერს, სირიის სომხებისაგან გათავისუფლების სურვილი თურქეთს დიდი ხანია ჰქონდა და ახლა სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები სათავისოდ გამოიყენა.

    სირიაში მოხალისე შეიარაღებული სომხური ჯგუფები სომხურ სკოლებს, სათემო ორგანიზაციებსა და ეკლესიებს იცავენ. ასეთი შეიარაღებული მოხალისეები კესაბშიც იყვნენ, თუმცა ისინი სუსტად შეიარაღებული ჯგუფები არიან და რადგანაც თავდამსხმელები ბევრად უფრო მეტნი და ბევრად კარგად შეიარაღებულნი იყვნენ, მათ კესაბი მოსახლეობასთან ერთად დატოვეს.

    ქალაქში, რომლის მოსახლეობა ომამდე 2000-ს შეადგენდა, ამჟამადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

    ცნობისათვის, ზოგიერთი მონაცემებით სირიაში სამოქალაქო იმის დაწყებამდე 100 ათასი, სხვა წყაროს ცნობით კი, 80 ათასი სომეხი ცხოვრობდა. ოფიციალური მონაცემებით, 11 ათასი სომხეთში გაიქცა. ლტოლვილების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ თავი მეზობელ ლიბანს შეაფარა, სადაც დიდი და გავლენიანი სომხური დიასპორა ცხოვრობს. ლიბანის სომხური ეპარქიის ინფორმაციით, მათი რაოდენობა 10 ათასს აღემატება. გარდა ამისა, დაახლოებით 10 ათასი სირიელი სომეხი ექსპერტების მინაცემებით, სხვა არაბულ ქვეყნებში, ევროპასა და აშშ-ში წავიდა. სომხური დიასპორის ცნობებით, სამწლიანი სისხლისღვრის შედეგად სირიაში 50 ათასი სომეხია დარჩენილი, მათგან 30 000 ალეპოში ცხოვრობს. სომხური დიასპორის ცნობითვე, კონფლიქტში 90 სომეხია დაღუპული.

    ანკარასა და სტამბოლში, ისევე როგორც ბაქოში, სომხური მხარის განცხადებებსა და კესაბის დაბომბვაში თურქეთის დადანაშაულებას ახალ ანტითურქულ ისტერიად აფასებენ. "სომხეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ცრუობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ცხადია, ეს ნორმა მიღებულია სომხურ პოლიტიკაში," - ამის შესახე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი ასეფ გაჯიევი აცხადებს.

    "სარგსიანი ცდილობს საერთაშორიო საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობას არარსებულ პრობლემაზე, რომ ამით სომხეთში არსებული ნეგატიური პროცესები გადაფაროს. რასაც სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, მტკნარი სიცრუეა, - თქვა პარლამენტარმ. - სასაცილო სიტუაციაა, აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვთ და აქეთ ჩვენ, თურქებს, გვეძახიან დამპყრობლებს."

    თურქი პოლიტილოგი ფიქრეთ სადიხოვი კი სომხეთს სირიის ომის თურქეთის საწინააღმდეგო კამპანიის გამოყენებაში ადანაშაულებს.

    "რაც შეეხება თურქეთის მხრიდან კესაბში სომხების წინააღმდეგ მიზანმიმართულ აქციას, მსგავსი არაფერი მომხდარა. თურქეთი სამიზნედ ამ მოსახლეობა არ ირჩევს, სომხეთი ამ სიტუაციის გამოყენებას აპირებს, რომ კონფლიქტის გაღვივება მოხდეს", - აცხადებს სადიხოვი.

    სტატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის თქმით, ამბოხებულების მხრიდან ქრისტიანების მიმართ სისასტიკე ბოლო დროს ძალიან გამოიკვეთა.

    მამუკა არეშიძე: "როგორც ჩანს, სირიელი სომხები ცდილობენ ეს ინფორმაცია ყველა იმ ადამიანამდე მიიტანონ, ვისაც ამის გავრცელება შეუძლია და ცოტა ხნის წინ მეც დამირეკეს. თუმცა ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამბოხებულების მხიდან ქრისტიანების მიმართ სისასტიკე ბოლო დროს ძალიან გამოიკვეთა. იქ ქრისტიანები სწორედ სომხები არიან. არიან არაბი ქრისტიანები - ნესტორიანელები, რომელთა წინააღმდეგაც მსგავსი ღონისძიებები ტარდება".

    აღმოსავლეთმცოდნე, ყოფილი ელჩი რევაზ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ თურქეთი მხარს უჭერს სწორედ იმ ოპოზიციურ ძალებს, თუმცა ის, რომ თურქეთის მთავრობამ სირიაში მცხოვრები სომხური მოსახლეობა ან სხვა ეთნიკური ჯგუფი აირჩოს სამიზნედ, ძნელად წარმოსადგენია.

    რევაზ გაჩეჩილაძე: "ის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი ამბოხებულებს უწევენ, პოლიტიკური მიზნითაა გაკეთებული და ეს გასაგებია, რადგან თურქეთისათვის ბაშარ ასადის რეჟიმი მიუღებელია. როგორც იტყობინებიან, კესაბში თავდასხმა ისლამისტების მხრიდან განხორციელდა. ამ ჯგუფებს ალ-ყაიდასთან აკავშირებენ და არა თურქეთთან. თურქეთი უფრო მეტად ასადის მოწინააღმდეგე სეკულარულ ჯგუფებს ეხმარება. ამბოხებულებს შორის ახლა განხეთქილებაა, მათ შორის ნაწილს სირიაში სუნიტური ისლამისტური სახელმწიფოს შექმნა სურს, ნაწილს კი საერო სახელმწიფოსი. სირიელი სუნიტების მხარდამჭერები არიან საუდის არაბეთი, ყატარი და, გარკვეული თვალსაზრისით, თურქეთიც."

    მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ თურქეთი ასადის რეჟიმის მტკიცე ოპონენტია.

    "გუშინწინ თურქეთის ავიაციამ სირიული თვითმფრინავი ჩამოაგდო. მანამდე სხვადასხვა ტიპის შეტაკებები იყო. სირიის ტერიტორიიდან სამხრეთ თურქეთის ტერიტორია დაბომბეს, დაღუპულებიც იყვნენ. პირიქითაც მოხდა. ორივე მხარე კონფლიქტის პროვოცირებას ერთმანეთს აბრალებს, მაგრამ ის, რომ თურქეთიდან კონკრეტული ჯგუფი გადავიდა სირიაში, იმიტომ, რომ სომხები დაეხოცათ, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ალეპოს მიდამოებში მებრძოლთა დიდი ნაწილი და პოსტსაბჭოთა სივრციდან წასული მუსლიმანი მეომრები, მათ შორის პანკისელებიც სწორედ თურქეთის ტერიტორიიდან შედიან სირიაში. თურქეთის ერთ-ერთ სამხრეთ ქალაქში არის პუნქტი, სადაც მებრძოლები იკრიბებიან და იქიდან გადადიან სირიაში.

    "ეს ყველაფერი დაძაბულობას იწვევს, მაგრამ საერთაშორისო შუამავლები და ზოგ შემთხვევაში ამ სახელმწიფოების წარმომადგენლები ამ დაძაბულობას ახშობენ. ფართობასშტაბიანი ომის გაჩაღება არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს. მით უმეტეს თურქეთში 30 მარტს მნიშვნელოვანი არჩევნებია და რეგიონული თვითმმართველობების დონეზე ერდოღანს შეიძლება პრობლემები შეექმნას. ასე რომ, თურქეთს სირიის თავი არ აქვს," - დასძენს არეშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×