სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სევასტოპოლში რუსი სამხედროების შტაბთან უკრაინა-რუსეთის მომავალ ომთან დაკავშირებით პროკლამაციები გაჩნდა
    ია აბულაშვილი
    02.10.2009

    "ამჟამინდელი ხელისუფლების პიროებებში დღევანდელი რუსეთის არმია და ფლოტი დაღუპვისათვის არის განწირული. რუსეთი, როგორც სახელმწიფო იღუპება.
    "მეზღვაურო! ეს ომი არ გჭირდება შენ, არც შენს ოჯახს და არც სამშობოლოს! შემოაბრუნე იარაღი შენი ნამდვილი მტრისკენ - კრემლის მტარვალებისაკენ", - ეს გახლავთ ფრაგმენტები პროკლამაციებიდან, რომლებიც გუშინ უკრაინაში, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბთან და მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრეს.
    მიმართვას ხელს აწერს "რუსეთის ნაციონალური ოპოზიციის საკორდინაციო საბჭო" და მისი ლიდერები იური ბელიაევი და პეტრე ხამიაკოვი. რუსული მედია ამ ფაქტს დიდი ინტერესით არ აშუქებს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხელმძვანელობაც დუმს, მხოლოდ ოფიცრები გაუშვეს ფურცლების ჩამოსახევად. სევასტოპოლის პოლიციამ ვერ დაინახა ამაში რაიმე არაკანონიერი.
    უკრაინა-რუსეთის შესაძლო ომი ამ პროკლამაციების გარდა გუშინ კიდევ ერთი მოვლენის გამო გახდა აქტუალური - ეს გახლავათ ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც საქართველო-რუსეთის შარშანდელ ომს ეხება.
    ამ დასკვნის შეფასებისას ზოგ შემთხვევაში გატარდა პარალელები 1938 წლის "მიუნხენის" შეთქმულებასთან. მაგალითად, ამაზე საუბრობს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი. ამას გარდა გამოითქვა მოსაზრება, რომ ტალიავინის დასკვნა ოფიციალურმა მოსკოვმა შესაძლოა ისე აღიქვას, რომ დასავლეთმა გაამართლა მისი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და შესაბამისად ხელფეხგახსნილად ჩათვალოს თავი ახალი აგრესიებისათვის.
    საქართველოს შემდეგ კრემლის საგარეო პოლიტიკის მთავარ სამიზნედ კი უკრაინა სახელდება.
    რამდენად რეალურია რუსეთ-უკრაინის ომი და რა გავლენას ახდენს ტალიავინის დასკვნა ამ ომის ალბათობაზე? ან რამდენად სამართლიანია ამ დასკვნის შედარება 1938 წელს მიუნხენში გერმანიას, იტალიას, საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან, როდესაც ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა სამართლიანად გამოაცხადეს ნაცისტური გერმანიის ტერიტორიული პრეტენზიები ჩეხოსლოვაკიის მიმართ და ოფიციალურ პრაღას ადოლფ ჰიტლერისათვის ერთ-ერთი პროვინციის - სუდეტის ოლქის დათმობა ურჩიეს? დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე ამბობს, დღევანდელ მდგომარეობასა და 1938 წლის ამბებს შორის მსგავსება არ არის.
    "ტალიავინის კომისია ეს არის დამოუკიდებელი კომისია, სადაც სახელმწიფოები არანაირ გადაწყვეტილებას არ ღებულობენ. გარდა ამისა, ტალიავინის კომისია ეხება წარსულს და არა მომავალს. მიუნხენში შეიკრიბნენ სახელმწიფო ლიდერები ჩემბერლინის ინიციტივით, რათა, როგორც მაშინ მათ ესმოდათ, თავიდან აეცილებინათ ომი და ამას შესწირეს ჩეხოსლოვაკია.
    "საინტერესო ის არის, რომ მიუნხენის გარიგებით ყველა კმაყოფილი იყო, ორი ადამიანის გარდა. რამდენადაც უცნაურად უნდა გამოიყურებოდეს, ეს იყო ჰიტლერი და ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი. რატომ? ჰიტლერი 1938 წლისათვის მზად იყო ომისათვის. მას ჰქონდა გერმანიის გენშტაბის დასკვნა, რომ არც ერთი მისი პოტენციური მოწინააღმდეგე მზად არ იყო ომისათვის. ამიტომ მიუნხენის შეთანხმებისს შემდეგ გადაღებულ ფოტოებზე ჰიტლერი მოღუშული და უკმაყოფილო დგას. ის ფიქრობს, რომ მოატყუეს, მისცეს ის, რაც მისთვის საკმარისი არ იყო. რომ მას მოუსპეს ომის დაწყების საბაბი. ვინაიდან საფრანგეთის და ინგლისის ლიდერები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ჩვენი უსამართლობა, რომელიც გერმანიასთან დაკავშირებით ჩავიდინეთ ვერსალში, მოისპო და აღდგა სამართლიანობა. გერმანიამ მიიღო რაც მას სამართლიანად ეკუთვნოდა და უკვე წინაამღდგობა აღარ არის, მშვიდობა იქნებაო. თუ აქამდე ჰიტლერის კიდევ ესმოდათ და ზოგან თანაუგრძნობდნენ კიდეც, უსამართლობა ჩავიდინეთ და სუდეტები სადაც 8 მილიონი გერმანელი გერმანიის გარეთ დარჩაო, ამის შემდეგ ჰიტლერს მშვენივრად ესმოდა, რომ მისი აგრესიული აქტით მის წინააღმდეგ შეიკრიბებოდნენ ევროპელები, მათ შორის აშშ.
    "მიუნხენის შედარება დღევანდე სიტუაციასთან არის ჟურნალიზმი და არა მეცნიერული ანალიზი. აქ პრინციპად აღებული არის ფორმულა "აგრესორის დამშვიდება".
    "მსგავსება არის ის, რომ რუსეთი ოფიციალურად თითქოს კმაყოფილია, თუმცა როდესაც ევროკავშირში ჩიჟოვი გამოვიდა, მასაც სახე ჩამოსტიროდა ისე, როგორც ჰიტლერს 1938 წელს მიუნხენში.
    "კიდევ უფრო დიდი განსხვავება იმაშია, რომ ჰიტლერი მაშინ მზად იყო მთელ მსოფლოს დაპირისპირებოდა, პირველ რიგში, ევროპის დიდ სახელმწიფოებს. მაშინ გერმანიის არმია უფრო ძლიერი იყო, ვიდრე საფრანგეთისა და ინგლისისას ერთად აღებული. ასევე გერმანიის ეკონომიკა აღმავლობის გზაზე იყო. კრუპის ქარხნები უძლიერეს იარაღს უშვებდა, ქვემეხებს. გერმანიის ტანკები "პანტერები" უძლიერესი იყო მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების "მესერშმიტები".
    "დღევანდელი რუსეთის შედარება იმდროინდელ გერმანიასთან აბსოლუტურად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ დღეს რუსეთი იძულებულია გადაყლაპოს ეს მწარე აბი. ის, რომ ტალიავინი წავიდა დაბალანსების გზით და არც ერთი მხარე არ დაადანაშაულა, იმაზე მეტყველებს, რომ ევროპას რუსეთთან დაპირისპირება არ უნდა.
    "რაც შეეხება უკრაინაში რუსეთის ჰიპოთეტურ აგრესიას, ძნელი სავარაუდოა, რომ ევროპაში ეს ისევე გადაყლაპონ, როგორც საქართველოს მიმართ. უკრაინის წინააღმდეგ გალაშქრება ძნელი წარმოსადგენია. გარდა იმისა, რომ უკრაინა ევროპის დიდი სახელმწიფოა, იქ უამრავი პრორუსული ძალაა და შეიძლება რუსეთის აგრესიის გამო პოზიცია შეიცვალონ", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter