სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    06.03.2014

     უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყირიმში, რუსეთის მე-18 მექანიზებული ბრიგადის ბატალიონი "ვოსტოკი" შენიშნეს, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკაშია ბაზირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

    "ყირიმში ამასთან ერთად ულიანოვსკის 31-ე სადესანტო ჯგუფი და 22-ე კრასნოდარის სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება.

    აღნიშნული ქმედებები პირდაპირ არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს უკრაინასა და რუსეთს შორის",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    აღსანიშნავია ის, რომ ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ ჩეჩნები მზად არიან ყირიმში ჯარისკაცებად ჩავიდნენ და რესეთის ინტერესების დასაცავად იბრძოლონ.

    "ჩვენ, თუ საჭირო იქნება, ჩავალთ მათ დასახმარებლად, არავის დავაჩაგვრინებთ არც რუსებს, არც კაზაკებს და არც ჩეჩნებს," - აცხადებდა კადიროვი.

    ცნობისათვის, ბატალიონი "ვოსტოკი" ჩეჩენი მეამბოხეებისგან შედგება, რომლებიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსების მხარეზე გადავიდნენ. მას მრავალი წელია, რუსეთის გმირი სულიმ იამადაევი ხელმძღვანელობდა. "ვოსტოკი" აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის ომში და ნიქოზამდე ჩამოვიდა. ომის შემდეგ სულიმ იამადაევი, რომელიც დანასისხლად იყო კადიროვთან დაპირისპირებული, ამ უკანაკსნელის ბრძანებით მოკლეს. ამის შემდეგ "ვოსტოკი" კადიროვის სრულ განკარგულებაში გადავიდა.

    სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, ყირიმში შესული ჩეჩნური ნაწილი დაახლოებით 150-კაციანი იქნება. მათი ძირითადი ამოცანა ყირიმელ თათრებთან ურთიერთობის დამყარებაა, რომლებსაც პროკიევური პოზიცია აქვთ და რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.

    "ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ეს ხალხი გადმოიბირა და ახლა "ვოსტოკი" კადიროვის პირადი გვარდიაა, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად მას არ ექვემდებარება. ის გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმია. 2008 წლის ომის შემდეგ "ზაპადის" (კიდევ ერთი ჩეჩნური ბატალიონი - რედ.) მეთაური კაკიევი პენსიაზე გაუშვეს, იამადაევი კი მოკლეს," - ამბობს არეშიძე და 2008 წლის ომში ჩეჩნური ბატალიონის მონაწილეობას იხსენებს.

    მამუკა არეშიძე: "ვინც რუსეთის ჯარში კავკასიელი იყო, მათ შორის აჭარელი ქართველებიც, ყველანი მოკრიბეს და მეთვრამეტე არმიაში გააწევრიანეს. ეს იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, ქართველებს კავკასიელები ებრძვიანო. გორში პირველი სწორედ იამადაევის 300-კაციანი რაზმი შევიდა.

    "2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ორი ჩეჩნური ბატალიონი იყო - ერთი, "ზაპადი" აფხაზეთში და მეორე - "ვოსტოკი" სამხრეთ ოსეთში. უნდა გითხრათ, რომ ჩეჩენი მეომრები სხვადასხვანაირად იქცეოდნენ. პრინციპში, იყო შემთხვევები, მაგალითად, წვერიახოს მთაზე ჩვენი მებრძოლები გააფრთხილეს, ცოტა ხანში შეტაკება მანდ იქნებაო. მოსახლეობიდან ბევრიც გადაარჩინეს სიკვდილს, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ხალხს, მშვიდობიან მოსახლეობას ნივთებს ართმევდნენ, მანქანები იქნებოდა თუ სხვა რამ."

    ექსპერტის თქმით, მისი ინფორმაციით, 31-ე ბრიგადა ყირიმში რამდენიმე დღეა, რაც იმყოფება, თუმცა უკრაინისთვის ამის შესახებ მხოლოდ გუშინ იმიტომ გახდა ცნობილი, რომ ბატალიონის მეთაური ამოიცნეს.

    "ეს ხელმძღვანელი რუსეთის გმირია. მან ეს გმირობა 2006 წელს დაღესტანში ჩატარებული ოპერაციის გამო მიიღო და ეს ჯილდო პირადად პუტინმა გადასცა. ჰატაბი და ბასაევი როცა დაღესტანში შეიჭრენ, მათ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცისთვის მიიღო ჯილდო," - ამბობს არეშიძე.

    იმასაც აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომის დროს დაჭრილი ჩეჩენი მეომრები რეაბილიტაციას ხშირად ყირიმელი თათრების კონტროლირებად ტერიტორიაზე, მთებში გადიოდნენ, ამიტომაც ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩეჩნების ყირიმში შეყვანის უმთავრესი ამოცანაა, ყირიმელი თათრები კონფლიქტს გამოეთიშონ.

    "ყირიმელი თათრებიდან 400-მდე ახალგაზრდა ამ წუთში სირიაში ომობს. ისინი სირიული ოპოზიციის მხარეს იბრძვიან და რუსებს იმის შიში აქვთ, რომ თუ საბრძოლო მოქმედება დაიწყო, ეს თათრები უკან, ყირიმში არ დაბრუნდნენ. ისინი რუსეთის ხელისუფლებას მხარს ნამდვილად არ დაუჭერენ. ვაჰაბიტებად ითვლებიან და აუცილებლად ფედერალების წინააღმდეგ იომებენ," - ამბობს არეშიძე და დასძენს, რომ, სამწუხაროდ, კადიროვის მსგავსად ყირიმში ჩასვლის მზადყოფნას აცხადებს ინგუშეთის მეთაური იუნუს-ბეკ ევკუროვიც, რომელიც ყოფილი მედესანტეა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მოქალაქე   (25.07.2014)
    ეგ სხვა ბატალიონი "ვოსტოკია",ის რომელიც საქართველოში იყო 2008 წალს დაშალეს და მაგის მეთაური იამადაევი დუბაიში მოკლეს.

    egida   (08.03.2014)
    მუჩუჩები


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved