იმ ფონზე, როცა მსოფლიო ყურადღება ისრაელი-„ჰამასის" დაპირისპირებისაკენაა მიმართული, რუსეთის არმია უკრაინის მთავარი დაცვითი ხაზის გარღვევას ცდილობს. ამის პარალელურად კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსალოდნელი შეტევის შესახებ გააკეთა განცხადება. საუბარია ოჩამჩირის საზღვაო პორტზე, სადაც რუსები თავისი შავი ზღვის ფლოტის ნაწილის განლაგებას გეგმავენ.
რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, ავდეევკის გარდა აქტიური მოქმედებები მიდის ხერსონის ოლქში. გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელებმა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ, დასახლება პიომა აიღეს და პლაცდარმის შექმნის პერსპექტივა გაუჩნდათ, ახლა კი ამფიბიურ რეიდებს ახორციელებენ, რადგან დნეპრზე გადებული სამივე გადასასვლელი მწყობრიდანაა გამოსული. ამასთან, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ასევე აქტიურია ზაპოროჟიეს ფრონტი, შეინიშნება უკრაინელთა შეტევის მცდელობა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ისეთი მძლავრი ვერ იქნება, რაც აქამდე რაბოტნოსთან ვიხილეთ.
გარდა ამისა, სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრანის არსენალში არსებული იარაღით თეორიულად შესაძლებელია, რომ ოჩამჩირის ბაზას მიწვდნენ თუ უკრაინა პორტზე დარტყმას გადაწყვეტს, ეს ტექნიკურად გამოუვათ, თუმცა სირთულეებთანაა დაკავშირებული. მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა და ამაზე ოფიციალური თბილისიდან რა შესაძლო პასუხი მოჰყვება, ამაზე ანალიტიკოსებს საუბარი უჭირთ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა უკრაინა ასეთ დარტყმას ოფიციალურად დიდი ალბათობით არ აღიარებს.
ბოლო ცნობები ფრონტიდან
რუსეთმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ავდეევკასკენ შეტევა განაახლა და ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს. როგორც უკრაინული მხარე აღნიშნავს, რუსეთს ამ შეტევისას მასშტაბური დანაკარგები ჰქონდა როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების თვასაზრისით.
ავდეევკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში აცხადებს, რომ ვითარების გამწვავების დაწყებიდან ავდიევკას ჰუმანიტარული დახმარება არ მიუღია. ქალაქს ამჟამად ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტებისა და საკვების 2-3 თვიანი მარაგი აქვს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავდეევკადან ყველა ბავშვი და ქალი გაყვანილია და ქალაქში ამ დროისთვის, 1 599 ადამიანი იმყოფება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით კი, რუსებს საკმარისი ძალები ჰყავთ ფრონტის სხვადასხვა სექტორში ცალკეული ოპერაციების ჩასატარებლად. მისი მტკიცებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად 400 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. როგორც იუსოვი ამბობს, ავდიივკა დონეცკის და დონეცკის ოლქის გასათავისუფლებლად მნიშვნელოვანოი კვანძია, უკრაინელი ჯარისკაცები კი „წარმატებით იცავენ ქალაქს და ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე გეგმის მიხედვით წინ მიიწევენ".
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინაში ძირითადი ცხელი წერტილი ავდეევკაა.
„დონეცკთან ათიოდე კილომეტრში, ავდეევკაზე მიდის დიდი შეტევა. ახლა ესაა ძირითადად ცხელი წერტილი, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დიდი რაოდენობით ხალხი შეახოცეს", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გარდა ავდეევკისა, ცხელი წერტილებია ხერსონის ოლქში, სადაც უკრაინელები რეიდებს ახორციელებენ და ასევე ზაპოროჟიეში რაბოტინოსკენ.
„ფრონტზე, გამონაკლისების გარდა, პოზიცირური ბრძოლებია. არცერთ მხარეს არ აქვს ინიციატივა. ავდეევკა ფაქტიურად მეორე ბახმუტი და მარიუპოლი ხდება, მსგავსი დონის ბრძოლაზეა საუბარი. ავდეევკას დაკავებით რუსებს სურთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ ერთი მორალური დარტყმა მიაყენონ და ოპერატიულ-სტრატეგიული ინიციატივა ხელში აიღონ.
„რაც შეეხება ხერსონს, უკრაინელები დნეპრის მარცხენა მხარეს გადავიდნენ. როგორც ცნობილია, პოიმა აიღეს და რეიდები ხორციელდება, თუმცა ორივე მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება და რეალობის გარკვევა ცოტა რთულია. თუ უკრაინამ პლაცდარმი მოაწყო, ამას გაფართოება და შენარჩუნება სჭირდება. ამას რამდენად შეძლებენ, ამას დრო გვიჩვენებს.
„გარკვეული სამხედრო მოქმედებები და უკრაინის შეტევის მცდელობები ზაპოროჟიესკენაცაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამინდები უკვე უარესდება და ისეთი დიდი მასშტაბის შეტევა არ იქნება, როგორიც აქამდე იყო. ახლა ზამთარი დაიწყება, პოზიციური ბრძოლები იქნება და საჰაერო დარტყმებით გაგრძელდება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
უკრაინელთა გეგმები აფხაზეთში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფაქტიურად დაანონსა, რომ რუსების მიერ ოჩამჩირეში მშენებარე სამხედრო-საზღვაო პორტზე იერიშს განახორციელებს. მისი თქმით, რუსების სამხედრო ფლოტი თანდათან გარბის შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან, მაგრამ უკრაინელები მათ ყველგან მიწვდებიან.
„მსოფლიოში ბევრისთვის ყირიმი იყო არგუმენტი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, სავარაუდოდ, მიუღწეველი იყო. რუსეთის კონტროლი შავ ზღვაზე და ოკუპანტის ფლოტის არსებობა ქმნიდა ილუზიას, რომ რუსეთის დომინირება შავ ზღვაში თითქოსდა დაუძლეველია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს ილუზია ქრება.
„რუსეთის სამხედრო ფლოტი ვეღარ ახერხებს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირებას და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს არის ისტორიული მიღწევა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის - უფრო სწორად, მისი ნარჩენების - ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაქსიმალურად შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - განაცხადა ზელენსკიმ.
ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პრაღაში ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ამ ფორუმში ასევე მონაწილეობს ქართული დელეგაციაც პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განთავსების გეგმები გააკრიტიკა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის შექმნას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება.
უფრო ადრე კი, 13 ოქტომბერს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობის გამო, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი პერსპექტივები გაეხსნება". სოხუმსა ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლებებმა ზელენსკის სიტყვები რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის" გახსნის მოწოდებად მიიჩნიეს.
რა მოყვება ოჩამჩირის პორტზე შეტევას
ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ თუ უკრაინა ოჩამჩირის პორტზე დარტყმას გადაწყვეტს, ეს ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა სირთულეებთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა და ამას ოფიციალური თბილისიდან რა შესაძლო პასუხი მოჰყვება, ძნელი სათქმელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა უკრაინა ასეთ დარტყმას ოფიციალურად, დიდი ალბათობით, არ აღიარებს.
„უკრაინულ ფრთოსან რაკეტებს სევასტოპოლიდან გამოქცეულმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა თავისი ხომალდები კი „გადამალა" ფეოდოსიისა და ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზებში, მაგრამ ისინიც უკრაინის ფრონტის ხაზიდან მხოლოდ 280-325 კმ-ით თუ არიან დაშორებული და უკრაინელებს დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეუძლიათ იქამდე 300 კმ-მდე სიშორის ფრთოსანი რაკეტებით მიღწევა.
„ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტამდე უკრაინის ფრონტიდან პირდაპირი ხაზით არანაკლებ 620 კმ-ია. წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, ჰაერი-მიწა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, რომელიც უკრაინას გერმანიამ და საფრანგეთმა გადასცა, ასევე ATAMCS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით, რომელიც ამერიკელებმა მიაწოდეს, უკრაინა იმ ტერიტორიიდან, რასაც დღეს აკონტროლებს, საქართველოს რუსების მიერ ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტს რა თქმა უნდა ვერ მიწვდება. თუმცა არსებობს სხვა საშუალებები - საჰაერო და საზღვაო დრონები - რომელთა გამოყენებითაც ამის განხორციელება შეიძლება.
„ეს უშუალოდ უკრაინის სანაპიროდან ტექნიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია, თუ მათი გაშვება შავი ზღვის შუაგულიდან, ან საქართველოს სანაპიროსთან ახლოს მოცურავე რომელიმე გემიდან მოხდება. ამის განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელია.
„ოჩამჩირის პორტი იმხელა არაა, რომ იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე სერიოზული ხომალდი განთავსდეს. თუმცა, მათ ამხელა ხომალდი ისედაც არ დარჩათ. მაშინ რუსი მესაზღვრეების პატარა კატარღები უნდა იქნას გადმოყვანილი. უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმუმ ორი-სამი დიდი სადესანტო ხომალდი განთავსდეს.
„თუ უშუალოდ ოკუპირებული ოჩამჩირის სამხედრო პორტში რუსეთის საოკუპაციო ჯარების შავი ზღვის ფლოტის რომელიმე ხომალდზე იერიში იქნა მიტანილი, ამაზე არ ვიცი საქართველოდან როგორი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ჯერ ერთი, ამას ოფიციალურად არც უკრაინა იტყვის, რომ მე გავაკეთეო; მეორეც, რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიას ვერ ვაკონტროლებთ.
„კონკრეტულად ასეთი პრეცენდენტი არც მომხდარა, თუმცა პარალელისთვის იყო ერთი - 2008 წლის აგვისტოში სევასტოპოლის პორტიდან, რომელსაც მაშინ ორივე მხარე - უკრაინაც და რუსეთიც აკონტროლებდა, რუსეთის საზღვაო ესკადრა გამოვიდა და მათ ოკუპირებულ ოჩამჩირეში დესანტი გადმოსხეს. ეს დესანტი იყო მერე კოდორის ხეობაშიც რომ ავიდა და სენაკშიც. ასე რომ, უკრაინის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოსვლა ყოფილა და შეგვიძლია იმის თქმაც - მაშინ უკრაინამ რატომ არ შეუშალა ხელი რუსული საზღვაო ესკადრის ჩვენთან გადმოსვლას?" - განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინელებს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები აქვთ იმისათვის, რომ ოჩამჩირის პორტზე თავდასხმა განახორციელონ.
„უკრაინა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს. სავსებით შესაძლებელია, რომ ოჩამჩირეს ტექნიკურად მიწვდნენ. ოჩამჩირე კი არა ვლადივასტოკში და სხვა ქალაქებშიც შეუძლიათ ნებისმიერ სამხედრო ობიექტს დაარტყან როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო საშუალებებით. დრონებით და ასევე სარაკეტო კომპლექსებითაც შეუძლიათ დარტყმა. სამივე კომპონენტის მეშვეობით - ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან შეუძლიათ, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში არსებულ ბაზას დაარტყან. ჩვენ ასეთ შემთხვევაში რა რეაგირება უნდა გვქონდეს, არ ვიცი. ჩვენ არაფერი შეგვიძლია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".