ახლო აღმოსავლეთში ორმხრივი საჰაერო დარტყმების ფონზე, ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ომში, შესაძლოა, ლიბანიც აღმოჩნდეს ჩათრეული. მიზეზი შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლაა", რომელიც სწორეს ლიბანის ტერიტორიიდან ბომბავს ისრაელს. ამის ფონზე, ომში ფაქტობრივად ჩართული აღმოჩნდა სირიაც - ისრაელის არმიამ შაბათს სარაკეტო დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანა ალეპოსა და დამასკოს საერთაშორისო აეროპორტები. ღაზის სექტორში „ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციის დაწყება კი ისევ ჭიანურდება, რასაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აქვს.
სარაკეტო თავდასხმების გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა ისრაელის თითქმის მთელს ტერიტორიაზე კვირასაც. საჰაერო განგაში გამოაცხადეს ღაზას საზღვართან მდებარე ქალაქებშიც. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ირანის მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლაც" „სახიფაო თამაშს თამაშობს" და არ გამორიცხავს, რომ ლიბანიც ომში ჩაითრიოს. სამხედრო ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ეს თავისთავად ირანის შემოსვლას ნიშნავს სამხედრო მოქმედებებში.
ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია ისრაელს ჯერ არ დაუწყია. „ჰამასის" ტყვეობაში რჩება ისრაელის ტერიტორიიდან გაყვანილი 200-ზე მეტი მოქალაქე. სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შესაძლოა ერთ-ერთი შემაფერხებელი სწორედ ეს ფაქტორი იყოს, რადგან ეს მძევლები „ჰამასისთვის" „ოქროს მარაგია", რითაც ისრაელს სახმელეთო ოპერაციას დაწყების გადადებას აიძლებენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სიენენის" ცნობით, ჰამასმა ორი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა - დედა და ქალიშვილი. ისინი „წითელ ჯვარს" გადასცეს. წყაროების ცნობით, მათი გათავისუფლება „ჰუმანიტარულ საფუძველზე" მოხდა, ვინაიდან დედა ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომდევნო ფაქტორი, რაც ისრაელს სახმელეთო ოპერაციის დაწყებაში აბრკოლებს, ესაა დასავლეთის და აშშ-ის პოზიცია - რისკი იმისა, რომ ეს ოპერაცია იმ ხანგრძლივობის არ აღმოჩნდეს, რაც აშშ-მა ავღანეთში ჩაატარა.
ბოლო ცნობები დაპირისპირების ხაზიდან
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 22 ოქტომბრის დილის 5:25 საათზე, ისრაელმე განახორციელა „საჰაერო აგრესია რაკეტების ერთდროულად გაშვებით ლატაკიის დასავლეთით ხმელთაშუა ზღვისა და ოკუპირებული სირიის გოლანის მიმართულებებიდან დამასკოსა და ალეპოს საერთაშორისო აეროპორტებისკენ".
მათივე ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დამასკოს აეროპორტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი დაშავდა. დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკები და საჰაერო მიმოსვლამ დროებით ქალაქ ლატაკიაში გადაინაცვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჰუმანიტარული დახმარების შესვლის შემდეგ, ღაზას სექტორი ისრაელის მხრიდან კვლავ სრულ ბლოკადაშია. ეგვიპტესა და ღაზას შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზაში მხოლოდ საკვები, წყალი და სამედიცინო დახმარება დაიშვება და საწვავი აღარ შევა.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, „ჰეზბოლა" ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს, უტევს ისრაელის პოზიციებს ისრაელი-ლიბანის ჩრდილოეთ საზღვართან და სიტუაციას ამძაფრებს და შესაძლოა, ლიბანი ომში ჩაითრიოს". ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლა" რაკეტებს სამოქალაქო შენობებიდან და დასახლებული ტერიტორიიდან ისვრის, რაც მსხვერპლს იწვევს როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე სამხედროებში.
ამასთან,ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზაში 22 ოქტომბრის ღამით „ჰამასის" ათობით ობიექტი გაანადგურეს, ლიკვიდირებულია „ნუხბას" ქვედანაყოფის ორი წევრი. ასევე აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება გრძელდება და ბოლო დღეებში „ბრძოლის გაფართოების გეგმები" დამტკიცდა.
„ღაზას სექტორში შევალთ. „ჰამასის" პერსონალის, „ჰამასის" ინფრასტრუქტურის განადგურების ოპერატიულ და პროფესიონალურ მისიას დავიწყებთ და გონებაში გვექნება ორი კვირის წინ შაბათის სურათები, სცენები და დაღუპულები...
„ღაზა რთულია, ღაზა მჭიდროა, მტერი ბევრ რაღაცას ამზადებს იქ, მაგრამ ჩვენც ვამზადებთ რაღაცებს მათთვის," - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ჰერზი ჰალევიმ სამხედროებთან საუბარში.
აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს აგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს რეგიონში განლაგებისთვის მზადყოფნაზე დამატებითი ჯარები გადაჰყავს.
სახმელეთო ოპერაციის დაწყების პერსპექტივა
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება აქამდეც დასრულებული იყო, თუმცა ისრაელს მის დაწყებასთან დაკავშირებით სხვა დაბრკოლება აქვს. პრობლემა უფრო პოლიტიკურია, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თელავივში ვიზიტისას გააჟღერა.
„სამხედრო თვალსაზრისით, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება ცოტა ადრეც კი იყო დასრულებული, მაგრამ აქ უკვე პოლიტიკური პრობლემები ერთვება, რის შესახებაც თელავივში რამდენიმე საათით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმაც არცთუ ორაზროვნად თქვა, რომ ისრეალმა ცხელ გულზე იგივე შეცდომები არ უნდა გაიმეოროს, რაც ამერიკელებმა 11 სექტებრის ტერაქტების შემდეგ დაუშვეს.
„ამას დიდი მიხვედრა არ უნდა - 11 სექტემბრის ტერაქტის გამო შურისძიების მიზნით, ამერიკელებმა ავღანეთში ჯერ ბენ ლადენის მოსაძებნად სპეცოპერაცია დაიწყეს და შემდეგ ეს ფაქტობრივად ოცწლიან ომში გადაიზარდა, რომელმაც უდიდესი ფინანსური რესურსები წაიღო და ამდენი ხალხი დაიღუპა. ამერიკისთვის აღიარება ძნელია, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს მათი ძალიან დიდი შეცდომა იყო და ბაიდენი იგივეს შესახებ აფრთხილებს ისრაელს.
„უარეს შენთხვევაში შესაძლოა ის მოხდეს, რომ ისრაელს ერთდროულად ოთხ ფრონტზე მოუწიოს ბრძოლა, არა მხოლოდ ღაზაში, არამედ ჩრდილოეთში „ჰეზბოლასთან", ჩრდილო-აღმოსავლეთში გოლანის სიმაღლეებზე, დასავლეთ იოდანის სანაპიროზე პალესტინელებთან.
„სამხრეთ-აღმოსავლეთით იორდანიაა, ხოლო სამხრეთით ეგვიპტე და ამ ქვეყნებს ისრაელთან ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობა აქვთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ასიათასობით პალესტინელი დევნილი, რომლებიც წლების განმავლობაში იორდანიისა და ეგვიპტის ტერიტორიაზე იმყოფებიან, უკვე საზღვრებთან არიან მისული. მესაზღვრეები ჯერჯერობით აკავებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მათ შესაძლოა საზღვარი გადალახონ და ისრაელს სამხერეთიდან შეუტიონ.
„სახმელეთო ოპერაციის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ საიდუმლო მოლაპარაკება მიდის. ვხედავთ, რომ ყატარის ჩარევით დედა-შვილი გაათავისუფლეს. დანარჩენი ტყვეების ძალისმიერი გზაბით გათავისუფლება, ისე, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნებული იყოს, სამწუხაროდ წარმოუდგენლად მეჩვენება.
„გაცვლაზეც „ჰამასი" ჯერ არ წავა, რადგან ეს მძევლები მათთვის „ოქროს მარაგია", რითაც ისრაელს სახმელეთო ოპერაციას დროში აწელინებენ. თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს, ისრაელი ტყვეების ცოცხლად გამოყვანას შეეცდება, მაგრამ რამდენად წარმატებული იქნება, ამის თქმა ძალიან რთულია", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისრაელს სახმელეთო ოპერაციის დაწყების თვალსაზრისით წინაღობები აქვს საგანგებოდ შექმნილ მთავრობაშიც.
„სიტუაცია რთულია და თავად ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის შიგნითაც ბევრი წინაღობაა. შაბათს ისრაელის საგანგებოდ შექმნილი მთავრობის სხდომა ჩატარდა, სადაც ყველა ძალოვანი თუ სამხედრო სტრუქტურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. იქაც ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.
„ისრაელის შეიარაღებული ძალები მობილიზაციას ჯერ კიდევ ახორციელებენ. როგორც ჩანს, საბრძოლო მასალებისა და ტყვია-წამლის მარაგის შევსებას ელოდებიან, რომელიც აშშ-დან მოდის. ისრეალმა უწყებათაშორისი სპეციალური სამსახურების ცენტრი შექმნა, რომელიც მიუნხენის ტერაქტის სცენარს გაითვალისწინებს და იმ ადამიანების ლიკვიდაციას დაიწყებს, რომელმაც 7 ოქტომბრის თავდასხმა განახორციელა.
„შესაძლოა ეს გეგმები ფარული ოპერაციების კონტექსტში გაკეთდეს, რათა „ჰამასისა" და „ისლამური ჯიჰადის" ტერორისტების განადგურება, როგორც ბენ ლადენისა და სხვა ტერორისტების განეიტრალება მოხდა. მაგრამ, წინა შემთხვევებისაგან განხსვავებით, ახლა ეს ნაკლებადეფექტური იქნება. დღევანდელი „ჰამასი" და „ისლამური ჯიჰადი" ტერირისტული ორგანიზაციები აღარ არიან, ისინი არასახელმწიფოებრივი აგრესიული აქტორის სტატუსით, კარგად მომზადებული სამხედრო პოლიტიკური გაერთიანებებია, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული სამხედრო წიანააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. მათთან საჭიროა ასიმეტრიული სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რათა მათი სამხედრო სტრუქტურისა და იერარქიის განადგურება მოხდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
„ჰეზბოლას" ჩართვა ომში და სავარაუდო შედეგები
ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ომში „ჰეზბოლას" ჩართვა, სავარაუდოდ, უკვე შემდგარი ფაქტია და ამის შედეგად შესაძლოა ისრაელი უფრო დიდი საფრთხის წინაშე დადგეს.
„ეს აბსოლუტურად მისალოდნელია. შესაძლოა უკვე ხდება კიდეც, რადგან „ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, „ჰეზბოლა" ისრაელს ჩრდილოეთიდან სარაკეტო დარტყმებით „აწუხებს" და ისრაელიც პასუხს სცემს. თუმცა, თუ „ცახალი" ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, მაშინ შესაძლოა „ჰეზბოლამ" ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელს დაარტყას. არა მხოლოდ თითო-ოროლა სარაკეტო შეტევით, არამედ შესაძლოა სერიოზული იერიში მიიტანოს.
„ჰეზბოლა" ფაქტობრივად არმიაა და „ჰამასზე" ბევრად, დაახლოებით ათჯერ მაინც ძლიერია. ის ლიბანის ხელისუფლებას არ ექვემდებარება და ეს შესაძლოა ისრაელისთვის ბევრად უფრო სერიოზულ საფრთხესაც წარმოაგდენდეს. „ჰეზბოლა" „ჰამასისგან" განსხვავებით ირანის პირმშო და „შვილობილია", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ომში „ჰეზბოლას" ჩაერთოს, რითიც ირანს ხელ-ფეხი გაეხსნება.
„ოთხი შესაძლო შეტევის მხარე უკვე გამოიკვეთა, ლიბანი-„ჰეზბოლა", გოლანის სიმაღეები, ღაზის მიმართულება და იორდანია. თუმცა, იორდანია პალესტინელებს მაინცდამაინც არ იღებს.
„ჰეზბოლა" გაცილებით ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებაა, ვიდრე „ჰამასი". ის კარგად ორგანიზებულია და დიდი შენაერთები ჰყავს. თუ „ჰამასს" ოცეული და მაქსიმუმ ასეული ჰყავს, „ჰეზბოლას" ხუთსაფეხურიანი სამხედრო მართვის სტრუქტურა აქვს - ოცეულები, ასეულები, ბატალიონები, ბრიგადები და საარმიო დაჯგუფებების მსგავსი შენაერთები.
„ირანი „ჰეზბოლას" პირდაპირი სპონსორია და მათი შეიარაღებული ძალების მოდელითაა აღჭურვილი. ამას ირანი პირდაპირ გამოიყენებს და შესაძლოა ფარული ოპერაციის ვარიანტში ირანული ფორმირებები მთლიანად იქიდან შემოვიდეს.
„ჰამასის"დაჯგუფებაში 25 ათასი ადამიანია, „ჰეზბოლას" კი 120 ათასი ადამიანის მობილიზება შეუძლია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".