თამთა ჩაჩანიძე
20.10.2023

ორი კვირაა, რაც ღაზას სექტორში ორასზე მეტი მძევალი „ჰამასის" ტყვეობაში იმყოფება, რომელთა შორის არიან ბავშვები, ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეები, სამშვიდობო აქტივისტები, მოხუცები და ჯარისკაცები. როგორც „რეზონანსთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია აცხადებს, მათი გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს - ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელ პატიმრებში გაცვლა, სპეცოპერაცია და „ყველაზე უარესს შემთხევაში", სახმელეთო ოპერაცია.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ „ჰამასის" ტყვეობაში სულ მცირე 203 მძევალია, აცხადებენ იმასაც, რომ რიცხვი საბოლოო არ არის და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიება.

ისრაელის მედია წერს, რომ სამხრეთ კიბუც ნირ-ოზიდან დაკარგული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 12 წლის გოგონა, ნოია დანი და მისი 80 წლის ბებია არიან. აქამდე ფიქრობდნენ, რომ ბებია და შვილიშვილი ღაზაში „ჰამასის" ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

„ბიბისი" წერს, რომ „ჰამასი" მზადაა, გაათავისუფლოს მძევლების ნაწილი, თუ ისრაელი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს. ისრაელი ამ წინადადებას უარით პასუხობს.

„ჰამასის" მტკიცებით, ყველა მძევალი მათთან არაა და ზოგიერთი მათგანი სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებს ჰყავთ აყვანილი.

დასავლელი ლიდერები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ „ჰამასმა" მძევლები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გაათავისუფლოს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია „ჰამასისა" და პალესტინელი ხალხის ერთმანეთისგან განსხვავება. გერმანიის კანცლერის თქმით, შოკირებულია ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების ნათესავებთან შეხვედრებით.

„ჩვენ ყველას გვაქვს მნიშვნელოვანი ამოცანა: გავათავისუფლოთ გატაცებული მძევლები. ისინი უნდა გაათავისუფლონ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე", - განაცხადა შოლცმა.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია გვეუბნება, „ჰამასს" ღაზას სექტორში მძევლები დიდი ალბათობით ერთ სივრცეში არ ეყოლება.

„მძევლები ღაზის სექტორში არიან და სავარაუდოდ ისინი ერთად ერთ სივრცეში არ ეყოლებათ. შესაძლოა სხვადასხვა ადგილებში ჰყავდეთ გადანაწილებული მიწის ქვეშ, რომლის სიღრმე 20-დან 40-მეტრამდეა. აქაა კომუნიკაციები გაყვანილი და ტყვეები სპეციალური დაცვის ქვეშ არიან.

„მძევლების გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს, პირველი მოლაპარაკება - რაღაც შეთანხმების წარმოება და გაცვლა იმ პატიმრებში, რომლებსაც „ჰამასი" თავიდან ითხოვდა, იქ რამდენიმე ათას ადამიანზეა საუბარი, რიმელიც ისრაელის ციხეებში არიან. „ჰამასის" წევრები თვლიან, რომ ისინი უკანონოდ არიან დააკვებულები.

„მეორეა მედიაცია, რომელიც შესაძლოა საერთაშორისო მოლაპარაკებით განხორციელდეს. სანაცვლოდ შესაძლოა საბრძოლო მოქმედებების შეჩერება, ფინანსური დახმარება, ან სხვა პირობები შესთავაზონ.

„მესამე გზაა სპეცოპერაციის ჩატარება კონტრტერორისტული რეიდის მეშვეობით, რომელიც შესაძლოა სპეცდანიშნულბის რაზმებმა განახორციელონ.

„მეოთხეა ყველაზე უარეს შემთხვევაში სახმელეთო ოპერაცია.

„როგორც ვიცი, მძევლებში სავარაუდოდ ოცი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ს მოქალაქეები.

„როგორც ვიცი, ტყვეებს თავისით არ აბრუნებენ-ხოლმე და ახლა ასეთი ინფორმაცია იყო, რომ თითქოს „ჰამასმა" კეთილი ნების ვარიანტში 3-4 კაცი გაუშვა. არ ვიცი, ეს სიმართლეს რამდენად შეესაბამება, თუმცა შესაძლოა ეს გამონაკლისია. ძირითადად მძევლებს თავისი ნებით არ აბრუნებენ ხოლმე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×