თამთა ჩაჩანიძე
19.10.2023

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის სიახლოვეს დნეპრი გადაკვეთეს - მდინარის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი შექმნეს, რომელსაც რუსეთის ჯარი ვერაფერს უხერხებს და პოზიციები გაიმაგრეს ტაქტიკური უპირატესობით. თავად რუსი სამხედრო ბლოგერები აღიარებენ, რომ მოწინააღმდეგემ მდინარე დნეპრის ფორსირება მოახერხა და სოფელი პოიმა დაიკავა.

რუსი ბლოგერები აღნიშნავენ, რომ პიომას დაკავებით უკრაინელები ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პესჩანოვკას მიუახლოვდნენ და ამ დასახლების ნაწილიც დაიკავეს. სამხედრო სპეციალისტები, მათ შორის ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გამაგრება და პლაცდარმის შექმნა, „ფაქტიურად უკრაინის გამარჯვებისა და რუსეთის დამარცხების დასაწყისის ტოლფასია", რადგან ხერსონის ოლქის ამ სანაპიროს დაკავება ნიშნავს, რომ არტილერია ყირიმს სწვდება.

ეს ორი ქალაქი მდებარეობს ბრძოლების შედეგად მწყობრიდან გამოსული დნეპრზე გადებული სარკინიგზო ხიდისა და ანტონოვის საავტომობილო გზის სამხრეთით, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელებს წინ კიდევ რამდენიმე ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ რუსები უკრაინულ ძალებს არტილერიით ურტყამენ, თუმცა უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სიტუაცია სტაბილურია. ამასთან კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინული ძალები შორდებიან საწყის საომარ ზონას და უკან ანტონოვის ხიდთან უფრო უსაფრთხო ადგილისკენ მიდიან.

ტელეგრამ არხი „რიბარი", რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ბლოგად მოიხსენიებენ, წერს, რომ „სიტუაცია დასტაბილურდა უკრაინის საზღვაო ძალების როგორც წინა, ასევე უკანა თავდაცვის ხაზების მასიური დაბომბვის წყალობით".

„თუმცა, ჯერ კიდევ დიდი გზაა მტრის სრული გაოცებისთვის, რადგან არის რეზერვები და არავის გაუუქმებია (რუსული) შეტევის გეგმები ხერსონის რეგიონში",- წერს პუტინის ხელისუფლებასთან დაახლოებული ტელეგრამ არხი „რიბარი".

აქვე აღსანიშნავია, რომ კახოვკას კაშხლის აფეთქების მერე, პოტენციური ბრძოლის ველების დიდი ნაწილი დატბორა, რის შედეგადაც ხერსონში ბრძოლები თითქმის მთლიანად გაჩერებული იყო.

რუსეთ-უკრაინის ომის მონიტორინგის ანალიტიკური ცენტრი „როჩან კონსალტინგის" ცნობით, უკრაინას ამ შეტევისთვის ჰყავს თითქმის 7000 ჯარისკაცი, 46 ტანკი, 223 ჯავშანმანქანა და რვა საარტილერიო დანადგარი. მათივე თქმით, რუსეთის მიერ დაპყრობილ მიწაზე თავდასხმის მიზნით, უკრაინას მდინარე დნეპრზე ამფიბიური რეიდები მოუწევს, რადგან მდინარეზე სამივე ძირითადი გადასასვლელი განადგურებულია.

„უდაოდ, ეს მაღალი რისკის, მაგრამ მაღალი ჯილდოს მქონე ამფიბიური ოპერაციაა. წარმატების შემთხვევაში, კიევს ყირიმთან მიიყვანს და საშუალებას მისცემს, რომ ზაპოროჟიეს ოლქში რუსულ თავდაცვის ზღუდეებს მისწვდნენ", - წერს „როჩან კონსალტინგი".

ამასთან აღსანიშნავია, რომ რუსი სამხედრო კომენტარორები აღშფოთებულები არიან იმით, რომ აშშ-მ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტები „ატაკმსები" გადასცა.

ხერსონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა დაადასტურა რუსულმა ტელეგრამ არხმა „ორი მაიორი". რუსული არხი წერს, რომ სიტუაციას ახალი ელემენტი დაემატა -„უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შორი მოქმედების რაკეტების არსებობა, რომლებიც ბერდიანსკის აეროდრომზე გამოიყენეს". ამავე შეფასებით, ახლა უკრაინა „შეეცდება განახორციელოს დივერსიული დარტყმები რუსული თავდაცვის მაქსიმალურ მისაწვდომ სიღრმეზე სამხრეთის მიმართულებით".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×