პალესტინაში საავადმყოფოს აფეთქებამ ისრაელის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. არაბულ ქვეყნებში ამ ფაქტს საზოგადოების დიდი მღელვარება მოჰყვა.
17 ოქტომბერს საპროტესტო აქციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გაიმართა, სადაც ისრაელის საელჩოში შეჭრის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. მომიტინგეები, ისრაელს პალესტინის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულში სდებენ ბრალს. ხოლო იმ ქვეყნის ლიდერებმა, რომლებიც აქამდე ისრაელის კრიტიკისგან თავს იკავებდნენ, საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს. ამის პარალლეურად კი ევროპაში ტერაქტის საფრთხე იზდება. 18 ოქტომბერს საფრანგეთის რამდენიმე აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა.
პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა აფეთქებაში ისრაელი დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ დაღუპულია სულ მცირე 500 ადამიანი. ისრაელი პასუხისმგებლობას უარყოფს და ამბობს, რომ დაზვერვის ვარაუდით აფეთქება დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" რაკეტამ გამოიწვია.
იორდანიაში, დედაქალაქ ამანის ქუჩებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ჯგუფი შეიკრიბა ისრაელის საელჩოს მახლობალად, ისინი შენობასთან მიღწევას ცდილობდნენ, ადგილზე უსაფრთხოების ძალები იყვნენ მობილიზებულები.
იორდანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ასევე იტყობინება მომიტინგეების მცდელობის შესახებ საელჩოსთან მისვლაზე, იორდანიის უშიშროების ძალებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი დედაქალაქში ხალხის დასაშლელად, განუცხადა ორმა აქტივისტმა CNN-ს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის საელჩოსთან თითქმის ყოველდღიურად იმართებოდა საპროტესტო აქციები.
ლიბანში ასობით მომიტინგე შეიკრიბა მოედანზე, რომელიც მიდის აშშ-ის საელჩოსკენ, CNN-ის გუნდი იტყობინება, რომ ხალხი ცდილობდა უსაფრთხოების ბარიერების გარღვევას.
ერაყში, ბაღდადის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა, ისინი ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა განუცხადეს CNN-ს, რომ ათობით მომიტინგე ცდილობდა ხიდის გადაკვეთას, რომელიც მწვანე ზონამდე მიდის, მაგრამ უსაფრთხოების ძალებმა მათ ხელი შეუშალეს. ტერიტორიაზე განთავსებულია ერაყის მთავრობის ოფისები და რამდენიმე საელჩო, მათ შორის აშშ-ის.
ტუნისი - სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TAP იტყობინება, რომ რამდენიმე რაიონში ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში "პალესტინელ ხალხთან სოლიდარობის ნიშნად" და "ისრაელის აგრესიის" წინააღმდეგ.
ტერორიზმის საფრთხე ევროპაში
თავდასხმის საფრთხის გამო საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. განგაშის სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცას, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებში გაისმა.
აეროპორტებიდან რამდენიმემ მიიღო ანონიმური შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ, რამდენიმეში კი ეჭვი მიტოვებული ბარგის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია.
13 ოქტომბერს ISIS-თან დაკავშირებულმა პირმა ჩრდილოეთ ქალაქ არასში მასწავლებელი დანით დაჭრა. ამის შემდეგ, ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაციის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა ლუვრის მუზეუმსა და ვერსალის სასახლეში.
ბრიუსელში ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი ბელგიასა და შვედეთს შორის პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა. მიზეზი გახდა ტერორისტული აქტი, რომელიც ბელგიის დედაქალაქში მოხდა და მას შვედეთის ნაკრების ორი გულშემატკივარი ემსხვერპლა, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.
ტერაქტი მატჩის დაწყებამდე მოხდა, მაგრამ დამნაშავის ოპერატიულად დაჭერა ვერ მოახერხეს, ამიტომაც ქალაქში განსაკუთრებული საფრთხის რეჟიმი შემოიღეს. სავარაუდო მკვლელმა ტერორისტული ორგანიზაცია – ისლამური სახელმწიფოს წევრად გამოაცხადა თავი. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს.
შეხვედრა პირველი ტაიმის შემდეგ შეწყვიტეს. გადაწყდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, გულშემატკივრები სტადიონზე დარჩენილიყვნენ, რადგან იმ მომენტში ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილად მიიჩნიეს, განსაკუთრებით 700 შვედი ქომაგისთვის.
მოგვიანებით ცნობილი გახდა მკვლელობის დეტალები. თავდამსმელმა ესროლა ავტომობილს, რომელშიც დაღუპულები ისხდნენ, შემდეგ შენობაში შევიდა და იქაც ისროლა.
დადგინდა მკვლელის ვინაობაც. ეს არის ვინმე სლაიემი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც აღიარებს, რომ მოკლა სამი შვედი და ეს გააკეთა საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე, თან დაამატა, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრია. მოგვიანებით დამნაშავემ განაცხადა, რომ მკვლელობა ჩაიდინა ჰამასსა და ისრაელს შორის კონფლიქტის გამო.
ისრაელი საავადმყოფოზე თავდასხმას უარყოფს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაქვეყნებს დრონის კადრებით, 30-წამიანი ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ საავადმყოფოს აფეთქება, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგი.
სურათებზე ჩანს, რომ აფეთქების შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, მაგრამ კრატერი არ არის, ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებს, რომ მათი დარტყმები, ძირითადად, დიდ ხვრელებს ტოვებს მიწაზე.
გამოსახულებების გამოყენებით, რომლებიც აჩვენებს საავადმყოფოს სადგომზე რამდენიმე მანქანის დაზიანებას, IDF-ის მიერ წარმოდგენილი დამონტაჟებული ვიდეო ვარაუდობს, რომ ხანძარი გაჩნდა საავადმყოფოში ისლამური ჯიჰადის მიერ რაკეტის წარუმატებელი გაშვების შედეგად.
IDF-მა დაამატა, რომ არ არსებობდა კრატერების ან შენობების მნიშვნელოვანი დაზიანების ნიშნები, რაც საჰაერო თავდასხმის შედეგად მოხდებოდა.
"ინფორმაციის პირველი პაკეტი" იყო "მტკიცებულება, რომელიც აშკარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ისრაელის ბომბი" - განუცხადა CNN-ს IDF-ის სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა.
კონრიკუსმა თქვა, რომ IDF ნელ-ნელა ავრცელებდა ინფორმაციას, რადგან ისრაელის სამხედროებს საათები დასჭირდათ "გამოძიებისა და სიტუაციის გასაგებად".
არაბული სამყარო ისრაელის წინააღმდეგ
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტმა არაბული ქვეყნების და არაბების აღელვება გამოიწვია. მისი თქმით, ის ქვეყნებიც კი, რომელბიც ისრაელს ღიად არ აკრიტიკებდნენ, ამის შემდეგ მისი კრიტიკა დაიწყეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ არა აქვს მნივნელობა ვინ ჩაიდინა ეს მძიმე დანაშაული, რადგან „ჰამასი“ ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ არაბული ქვეყნების განწყობა ისრაელის მისამართით შეცვალოს.
„ის რაც საავადმყოფოს აფეთქებას და ამ მძიმე ფაქტს მოჰყვა, რა თქმა უნდა, ამას ისრაელის იმიჯზე მძიმე შედეგი ექნება. ის ქვეყნებიც კი, რომელბცი პალესტინის მხარდასაჭერი განცახდებებისგან თავს იკავებდნენ, ახლა პირიქით, ისრაელის კრიტიკა დაიწყეს და საკმაოდ მკაცრი განცხადებები მოჰყვა.
„ფაქტია ყველა ათვიცნობიერებს იმ ფაქტსაც, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ძალიან მძიმე დაპირისპირებაში გადაიზარდოს და ის მხოლოდ პალესტინა - ისრაელის დაპირისპირება აღარ იყოს. ვნახეთ რაც ხდება ევროპაში და ბრიუსელში მომხდარი ტერაქტიც ამის უკვე პირველი გამოვლინება იყო. ასევე ვნახეთ თურქეთის რეაქციაც. ერდოღანი თუკი ამ დღეების განმავლობაში ძალიან ცდილობდა ხმამაღალი განცხადებები არ გაეკეთებინა, ის თავის შეფასებებში უკვე საკმაოდ მკაცრია.
„ასევე ვნახეთ თურქეთში დაწყებული საპორტესტო და პალესტინის მხარდამჭერი აქციები, რომელიც შესაძლოა დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. ისრაელის კრიტიკა ასევე ეგვიპტემ, საუდის - არაბეთმა, პაკისტნამაც კი დაიწყეს. პაკსიტანმა ისიც კი განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება „ჰამასს“ ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. ამიტომ ახლა ისრაელმა უნდა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ მას ეს სამხედრო დანაშული არ ჩაუდენია“,-ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, არსებობს ამ კონფლიქტის ისრაელის და პალესტინის საზღვრების გაცდენის საფრთხე და ამას ყველა ხედავს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საფრთხე ფაქტია, ევროპასაც ემუქრება, რადგან ტერაქტების რისკი ძალიან გაზრდილია. ამიტომ ახლა ყველა ციდლობს, რომ ისრაელს ჯერჯერობით სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადაავადებინონ.
„რისკები დიდია, რადგან ჩანს, რომ „ჰამასი“ ქალაქის ბრძოლებისთვის მომზადებულია. მათ კარგად იცოდნენ, რომ ისრაელის გაბრაზება სწორედ სახმელეთო ოპერაციამდე მივიდოდა. ამიტომ ფაქტია მომზადებულები არიან. ჯარის ღაზას სექტორში შეყვანა დიდი მსხვერპლს გამოიწვევს. არსებობს ასევე ეჭვები, რომ მათ ვაგნერის დაჯგუფება ამზადებს და ისინი ასეთ ურბანულ ბრძოლებში ყველაზე გამოციდლები არიან.
„ალბათ ბაიდენის ისრაელში ჩასვლაც ამით არის განპირობებული, რომ შეფასდეს ის რისკები და ფასი, რომელიც შესაძლოა სახმელეთო ოპერაციას მოჰყვეს. ტყვეობაში მხოლოდ ისრაელის მოქალაქეები არ არიან, ამიტომ ყველა ცდილობს, რომ მათი ტყვეობიდან უსაფრთხო დახსნა მოხდეს. არ გამორიცხავ, რომ ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევაც. ამიტომ ახლა ყველა ციდლობს, რომ პროცესებმა კიდევ უფორ მძიმე სახე არ მიიღოს“,-ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.