უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთი ავდიივკას მიმართულებით, ტავრიას პასუხისმგებლობის ზონაში, მათი თავდაცვის გარღვევის მცდელობას არ წყვეტს, თუმცა, უშედეგოდ. უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვას ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით. შეტევითი მოქმედებებია მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. უკრაინელები ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკის თქმით, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებზე ვითარება ბოლო დღეებში საგრძნობლად გაუარესდა. მისი ინფორმაციით, მტერმა აქტიური შეტევითი ოპერაციები დაიწყო მაკიივკასა და კუპიანსკის მიმართულებით.
„მიდის მძიმე ბრძოლები. მტრის მთავარი მიზანია ჩვენი ჯარების დაჯგუფების დამარცხება, კუპიანსკის ალყაში მოქცევა და მდინარე ოსკილის საზღვრამდე მისვლა. მტერი ყოველდღიურად ახორციელებს ათეულობით თავდასხმას ჯავშანტექნიკით, ნაღმტყორცნებითა და საარტილერიო ცეცხლით ჩვენს პოზიციებზე“, - განაცხადა სირსკიმ.
გენერალმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მებრძოლები მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად იყვნენ და ღირსეულად პასუხობენ მტერს. მისივე ცნობით, რუსები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან და მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ აღწევენ.
უკრაინის ჯარების კონტრშეტევა, მიუხედავად ყველა სირთულისა, წინ მიიწევს და უკრაინული ჯარები იბრუნებენ პოზიციებს, რუსები კი კარგავენ - აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი ბრიუსელში გამართულ უკრაინა- ნატოს საბჭოს სხდომაზე.
შეხვედრაზე კი ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები განიხილავენ უკრაინაში არსებულ ვითარებას და ალიანსის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში.
"უკრაინას შეუძლია ნატოს მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციაში, რომელიც სამართლიანად ეკუთვნის უკრაინას. ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან მანამ, სანამ ეს დასჭირდება", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"აშშ უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის, დემოკრატიის დაცვაში ერთ-ერთი ლიდერია. ვგრძნობ, რომ აშშ-ში არსებობს ჩვენს მიმართ მხარდაჭერა", - აღნიშნა ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Sky TG24-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინას აქვს „თეთრი სახლის 100%-იანი მხარდაჭერა“ და „დიდი მხარდაჭერა კონგრესში“.
"შეერთებულმა შტატებმა არ დაუშვა ჩვენი დაცემა ძალიან რთულ დროს. მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული ხმები. თქვენ იცით, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს შორის იყო განსხვავებული ხმები, მაგრამ, უმეტესწილად, „დემოკრატებიც“ და „რესპუბლიკელებიც“ უკრაინას უჭერდნენ მხარს," - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო, ამიტომ მხარდაჭერის შეჩერება ან ბრძოლის გაყინულ კონფლიქტად გადაქცევა აგრესორის დახმარებას ნიშნავს. "საქმე არ ეხება უკრაინისთვის დახმარების არ აღმოჩენას და ჩვენი შეტევითი ან თავდაცვითი მოქმედებების გართულებას. არა, ეს ასე არ არის. ნებისმიერი პაუზა დღეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების აღმოჩენაა", - განაცხადა ზელენსკიმ.
"შეგვიძლია, ვიზრუნოთ უკრაინასა და ისრაელზე... ამის ვალდებულებაც გვაქვს", - ასე პასუხობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კითხვას, შეძლებს თუ არა აშშ ორ რეგიონში ომის მხარდაჭერას.
"ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ, ყველაზე ძლიერი ერი ისტორიაში, მსოფლიოს ისტორიაში. ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ ორივეზე [უკრაინასა და ისრაელზე] და შევინარჩუნოთ ჩვენი საერთო საერთაშორისო თავდაცვა. ჩვენ ამის შესაძლებლობა და ვალდებულება გვაქვს. ჩვენ თუ არა, ვინ გააკეთებს ამას?" - თქვა ბაიდენმა.
მანამდე, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისა და ისრაელისთვის 2 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო პაკეტის გადაცემას გეგმავს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ასეთი მოლაპარაკებები "უკრაინის სამშვიდობო ფორმულას" უნდა ეფუძნებოდეს .
"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს. ჩვენთვის საუკეთესო გზა ამ მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად, არის უკრაინის მშვიდობის ფორმულა და ჩვენ ასევე ჩინეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - თქვა ბორელმა
ამასთან, ბორელმა ჩინეთს მოუწოდა გავლენა იქონიოს რუსეთზე, რათა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს. მან პეკინს ასევე სთხოვა, რომ უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის დაბრუნება შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმებაში," რადგან ეს ზეგავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოებაზე.
საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აჯამებს და ამბობსა, რომ რუსულ არმიას ჯერ კიდევ აქვს ავდიივკას მიმართულებით წარმატების იმედი და სამხრეთიდან კვლავ ახორციელებს იერიშებს. საბრძოლო მოქმედებები აქტიურია ვოდიანესა და ტონენკეს მონაკვეთზე. მისივე თქმით, ქალაქ ავდიივკას რუსები ინტენსიურად ბომბავენ. რუსი პროპაგანდისტები ავდიივკას დაკავების აუცილებლობას ღაზას სექტორის აღებას ადრიან და ამბობენ, რომ თუკი დენაციფიკაციაზე გვაქვს საუბარი, მარიუპოლზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქალაქის ფლობას.
„ომიდან წლინახევრის შემდეგ ჯერ კიდევ სჯერათ რუს პროპაგანდისტებს, რომ თავად არ არიან ნაცისტები. რუსების აქტიური შეტევა აქტიური განადგურებითვე მიმდინარეობს. მოკლული რუსი სამხედროები და განადგურებული ტექნიკა როგორც ჩრდილოეთის ისე სამხრეთის სექტორში მიმოფანტულია მდელოებზე. ზოგადად, ასეთი მასშტაბის წარუმატებელი შეტევის შემდეგ სამხედრო მორალი საკმაოდ მალე ეცემა ხოლმე. არიან ტყვედ ჩავარდნილი რუსებიც. ეს ის შემთხვევაა როდესაც ამ მონაკვეთზე არამხოლოდ რუსული, არამედ უკრაინული ავიაციაც აქტიურად მუშაობს.
„რუსებმა საკმაოდ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალებს მოუყარეს თავი ავდიივკას ასაღებად. ზოგიერთი რუსი პროპაგანდისტი ამბობს, რომ თუნდაც ბახმუტის მდგომარეობა დადგეს და ათობით მეტრისათვის ასობით სამხედრო მოუკვდეთ, ისინი თანახმანი არიან შეტევის გაგრძელებისათვის. თუმცა, სინამდვილეში ეს ასე მარტივი არ არის, რადგან ავდიივკამ ომის პირველ კვირებში ისედაც შეიწირა დონეცკელი სეპარატისტების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ნაწილები და ახლა იმავეს გამეორება შეიძლება სულაც უკრაინული კონტრშეტევით დასრულდეს.
„ამ ფონზე უკრაინელებმა საარტილერიო დარტყმა მიიტანეს იასინუვატა-ჰორლივკას გზის რამდენიმე მონაკვეთსა და ხიდებზე. სავარაუდოა, რომ უკრაინელთა სამიზნე რუსული სამხედრო კოლონის განადგურება და მომარაგების ხაზების დაზიანება იყო“,-ამბობს კობერიძე.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ უკრაინაში საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების გასროლით უკრაინელებმა გადაუსწრეს რუსებს. ეს კი უმნიშვნელო მოვლენა არ არის და მიანიშნებს, რომ რუსულ არმიაში ჯერჯერობით ახალი შევსება არ მოსულა. იმ ფონზე, რომ ირანი ახლა ახლო აღმოსავლეთში იწყებს კუნთების თამაშს, იარაღის ექსპორტზე ასე ადვილად ვეღარ იქნება ორიენტირებული.
„ხერსონის ოლქში, ნოვა კახოვკას სიახლოვეს დაიბომბა ყირიმისაკენ მომავალ ცენტრალურ არხზე გადებული ცუკური ხიდი. აღნიშნული არხის ირგვლივ ხიდებსა და მის მომიჯნავედ იერიშები სავარაუდოდ გააქტიურდება. ამით ნოვა კახოვკა ჩრდილოეთიდან (ტავრიისკისა და ცუკურის მონაკვეთებიდან) სწრაფი მომარაგება შეიზღუდება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ჯერ იერიშების ახალ ეტაპზე ვართ.
„დაიბომბა რუსეთის ქალაქი ბრიანსკის ინდუსტრიული რაიონი. აფეთქებები იყო ქალაქი სოჭის სიახლოვესაც, რის შედეგადაც ადლერის სიახლოვეს არსებული აეროპორტი დროებით დაიხურა“,-აცხადებს პროფესორი.