თამთა ჩაჩანიძე
12.10.2023

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ ეთანხმება პრეზიდენტ ილხამ ალიევის ინიციატივას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პლატფორმა საქართველო გახდეს. ფაშინიანის თქმით, ახლა, როცა განიხილება ბრიუსელში შეხვედრის საკითხი და უკვე არსებობს გარკვეული ჩარჩო, სხვა ფორმატის შეთავაზებით, ბაქოს „სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება".

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნიკოლ ფაშინიანს ამ პროცესში აზერბაიჯანის სავარაუდო მოთხოვნა აწუხებს, რომელიც ზანგეზურის დერეფნის დათმობას ეხება და შესაძლოა სომხეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ თბილისში ამ საკითხზე მას ისეთი მხარდაჭერა არ ექნება, როგორიც ერევანს სურს.

„როგორც ჩანს, ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ იმ მოლაპარაკების შედეგებს, რომელიც თბილისში შეიძლება დადგეს, სომხეთისათვის სასურველი რეზულტატი არ ექნება. ალბათ ესაა მისთვის შემაფერხებელი - მას ძლიერი გარანტორები სჭირდება. სხვათა შორის, ფაშინიანმა ამ განცხადებამდე, გუშინ თუ გუშინწინ, განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ის თანახმაა 3+3-ის ფორმატში მოხდეს მოლაპარაკება.

„ფაშინიანს ძალიან აწუხებს არა თავისთავად სამშვიდობო პროცესი, არამედ სავარაუდო მოთხოვნა აზერბაიჯანისა, რომელიც ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებისას დადგება, ესაა ზანგეზურის კორიდორის დათმობა, ამის გაკეთება ფაშინიანს არ უნდა. ერთია ყარაბაღი და მეორე ზანგეზურის კორიდორი.

„თბილისში მოლაპარაკებების დროს, ზანგეზურის კორიდორის საკითხის დაყენების შენმთხვევაში, ფაშინიანი თვლის, რომ მას ისეთი მხარდაჭერა არ ექნება (და ამაში მართალიცაა), რომ თავისთვის კარგ შედეგს მიაღწიოს. ამიტომაც სჭირდება ძლიერი გარანტორები - ბრიუსელი, მოსკოვი, ან ვინმე ასეთი.

„სომხეთმა ექსტრემალური სიტუაციის გამო, გაუაზრებლად მოაწერა ხელი დოკუმენტს, სადაც წერია, რომ მომავალში სომხეთის პერიფერიაზე უნდა გაიაროს გზამ, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჭევანთან, თავის ანკლავთან, დააკავშირებს. მართალია იქ ეს ყველაფერი ბუნდოვნად წერია და მითითებული არაა ეს კორიდორი ვინ უნდა აკონტროლოს, მაგრამ აზერბაიჯანმა ჩათვალა, რომ თვითონ უნდა აკონტროლოს. ითხოვს, რომ საერთაშორისო კონტროლის ქვეშ იყოს, სომხეთს ეს არ უნდა. სურს რომ თვითონ აკონტროლებდეს.

„დღეს აზერბაიჯანი თეთრ ცხენზეა, რასაც იტყვის ყველაფერი გაუვა, მაგრამ სომხეთს არ უნდა, რომ ეს დაუშვას. ამ თემაზე ლაპარაკიც კი არ უნდა. ქართული მხარის ჩართულობის შემთხვევაში, ამ საკითხს ვერ გაიტანს ისე, როგორც უნდა, ეს ფაშინიანმა ძალიან კარგად იცის, ამიტომაც ვაჭრობს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სომხეთის პრემიერმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწეყებელთან განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ სურს მოლაპარაკებები საქართველოში გაიმართოს.

„გრანადაში გაიმართა შეხვედრა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დარეგულირების პრინციპები ევროკავშირის პლატფორმაზე დაფიქსირდა ჩვენი და ევროკავშირის ხედვებით. გასაგებია, რომ როცა ჩვენ ბრიუსელში ვხვდებით, საუბარი უნდა წარიმართოს ამ პრინციპების ჩარჩოში, რომელთა შესახებაც ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება. სომხეთის რესპუბლიკამ ის მიიღო და სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც მიიღო. ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხს განვიხილავთ, სადაც ჩვენ გვაქვს ჩარჩო, რომლის ხაზგასმაცაა საჭირო და როცა აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შემოთავაზებას, ეს ჩვენ მიერ შეიძლება განიმარტოს, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

„ჩემი იდეა ისაა, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები თუ ნებისმიერი სხვა, მათ შორის გეოგრაფიული, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში. ველით იმავეს სომხეთისგანაც. და თუ ის დათანხმდება, მყისიერად დავიწყებთ შესაბამისი უწყებების ჩართულობით ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა კვირას საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად თბილისში ვიზიტისას გამართულ ბრიფინგზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×