ისრაელის თავდაცვის არმიამ (ცაჰალი) შესაძლოა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია ნებისმიერ წუთს დაიწყოს. სიტუაცია უმძიმესია თავად ღაზას სექტორში, სადაც ჰუმანიტარული კატასტროფაა. მოსახლეობას არ აქვს დენი და წყალი. ასევე საჰაერო იერიშების შედეგად შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი დანადგურებულია. რა მოჰყვება ღაზას სექტორში ისრაელის არმიის შესვლას და დაიწყებს თუ არა „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთიდან ისრაელზე თავდასხმას რთული სათქმელია, თუმცა მათი მხრიდან მუქარა ამის შესახებ უკვე გაისმა.
ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ისრაელს საკმაოდ მძიმე და სისხლიანი დაპირისპირება ელის, რადგან ღაზას სექტორში მიწისქვეშა გვირაბების საკმაოდ დიდი ქსელია, სადაც „ჰამასია“ გამაგრებული. ამიტომ ისრაელის სამხედროები დიდი გამოწვევის და დილემის წინაშე დგანან.
ამის პარალელურად კი არსებობს სამფრთხე, რომ ისრაელი რამდენიმე მიმართულებიდან თავდასხმის ობიექტი გახდეს. ანალიტიკოსთა აზრით, ლიბანში ბაზირებული „ჰეზბოლას“ მებრძოლების გარდა, ისრაელს საფრთხე შესაძლოა იორდანიიდან ელოდეს. საფრთხეა სირიაც, რომელმაც შესაძლოა ღაზას სექტორის დახმარება გადაწყვიტოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ირანის ფაქტორი იქნება.
რა ხდება კონფლიქტის ზონაში
ცაჰალის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელი ოფიციალურად აკონტროლებს ღაზას სექტორის საზღვარს და ღაზა სრულ ბლოკადაშია ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან.
ღაზას სექტორიდან გავრცელებული ინფორმაციით კი, იქ სრული ჰუმანიტარული კატასტროფაა - ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და პირველად მოხმარების პროდუქტების გარეშეა დარჩენილი. ყოველ 3-4 საათში კი ისრაელი ღაზას სექტორზე სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებს ახორციელებს.
ცაჰალმა 360 000-ზე მეტი რეზერვისტი გაიწვია, მსგავსი მობილიზაცია კი ისრაელის დამოუკიდებლობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. სამშაბათს დილით ცაჰალმა ოფიციალურად მოუწოდა ღაზის სექტორში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას, რომ მათ უახლოეს რამდენიმე საათში დაეტოვებინათ ტერიტორია.
ამის პარალელურად კი ვრცელდება ახალი ცნობები „ჰამასის“ მებრძოლების მიერ ისრაელის ეტრიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კფარ აზას კიბუცში, ისრაელის სამხრეთ საზღვართან ახლოს „ჰამასის“ ტერორისტებმა დაახლოებით 70 ადამიანი მოკლეს.
„ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი, ეს არის ხოცვა-ჟლეტა. თქვენ ხედავთ ჩვილებს, მათ დედებს და მამებს, მათ საძინებლებში და დაცულ ოთახებში როგორ მოკლეს ისინი ტერორისტებმა - ეს არ არის ომი. ეს არის ის, რაც ცხოვრებაში არასდროს მინახავს, ჩვენ წარმოვიდგენდით ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ევროპაში პოგრომების დროს, მაგრამ ასეთი არასდროს გვინახავს უახლეს ისტორიაში“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა.
რა მოყვება ღაზაში სახმელეთო ოპერაციას
ახლო აღმოსავლეთის მცოდნე ზურაბ ბატიაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს არ იქნება მარტივი სპეცოპერაცია და ისრაელი ღაზას სექტორში ამ სპეცოპერაციას ყოველთვის ერიდებოდა, რათა თავიდან აეცილებინა მასობრივი მსხვერპლი. თუმცა, მისივე აზრით, შაბათს განხორციელებული „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელს უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩა.
„ისრაელმა თუ ახლა ღაზას სექტორს არ უპასუხა, ეს სისტემატიურ სახეს მიიღებს. ტერორისტებს დაუსჯელობის სინდრომი კიდევ უფრო წაახალისებს. ამიტომ ისრაელი ჩაატარებს სამხედრო ოპერაციას და უკან აღარ დაიხევს.
„ახლა მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს. ხოლო დაბომბვები, რომელსაც ღაზას სექტორში ვხედავთ, ემსახურება იმას, რომ „ჰამასის“ სავარაუდო წინააღმდეგობის წერტილები და ბაზები გაანადგურონ, რათა ისრაელის ჯარს, რომელიც ღაზას სექტორში შევა, ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდეს.
„რა თქმა უნდა, იქ ბრძოლა ძალიან რთული იქნება, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. აქ 2.5 მილიონ ადამიანი ცხოვრობს. ხშირად ტერორისტები ამ ადამიანებს წინ ფარებად იყენებენ.
„ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება, რადგან მიწისქვეშა გვირაბებია, სადაც ქარხნები, საწარმოებია განთავსებული და იქ იარაღს აწარმოებენ. ყველაფერი ასაღები და საბრძოლველი იქნება. სამწუხაროდ, დასაიმედებელს ვერაფერს ვიტყვით, რადგან მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს ბატიაშვილი „რეზონანსთან“.
რაც შეეხება „ჰეზბოლას“ მუქარას, რომ თუკი ისრაელი სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, ისინი ჩრდილოეთიდან ქვეყანას თავს დაესხმებიან, ბატიაშვილი ამბობს, რომ ახლა ისრაელისთვის მთავარი საკითხი სწორედ ისაა, ეს კონფლიქტი ლოკალურად დარჩება, თუ მისი მასშტაბი გაიზრდება.
„არის იმის რეალური საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი ღაზას სექტორს გასცდეს. ამიტომაც ისრაელმა რეზერვი გამოიძახა, რაც ჯამში 360 ათას ადამიანს შედაგენს. ეს უპრეცედენტო რაოდენობაა და ნიშნავს იმას, რომ ისრაელი სერიოზულად ემზადება.
„პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება ყველა ვარიანტს განიხილავს. მათ შორის იმასაც, რომ „ჰეზბოლა“ ჩაერთოს. ეს არის პროირანული შიიტური დაჯგუფება, რომელიც გაცილებით უფრო სერიოზული ძალაა, ვიდრე „ჰამასი“. „ჰეზბოლა“ ბოლო წლების განამვლობაში ძალიან აქტიურად იბრძვის იგივე სირიაში და საბრძოლო გამოცდილებაც გააჩნია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ გამოჩნდება - გადავა თუ არა „ჰეზბოლა“ საუბრიდან რეალურ ქმედებებზე, როდესაც ისრაელის არმია ღაზას სექტორში შევა“, - ამბობს ბატიაშვილი.
ანალიტიკურ წრეებში გამოითქვა ასევე მოსაზრება, რომ შესაძლოა ამ კონფლიქტში ირიბად რუსეთიც მონაწილეობდეს და პირადი ინტერესი ჰქონდეს. ბატიაშვილი ამბობს, რომ ახლა ზღვა ინფორმაცია შემოდის და თუნდაც რუსეთის როლი ამ კონფლიქტში ალბათ გაირკვევა. თუმცა დღეს ამაზე დაზუსტებით საუბარი რთულია.
„ისრაელს სახელმწიფოებრიობის დიდი გამოცდილება აქვს და მას სხვა დროსაც ჰქონია ასეთი სიტუაცია. ხოლო როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ვფიქრობ დიდი გამოძიება ჩატარდება, სადაც რუსეთის როლიც გაირკვევა. აშკარად ჩანდა, რომ ამ შეტაკებაში მინიმუმ ერთი ქვეყანა მაინც იყო ჩართული. ამის მომზადება, დაგეგმვა შემდეგ განხორციელება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამას მხოლოდ „ჰამასი“ ვერ გააკეთებდა თავისი მწირი რესურსებით. ამიტომ უნად დაველოდოთ გამოძიებას, რომელსაც ისრაელი ჩაატარებს“, - ამბობს ბატიაშვილი „რეზონანსთან“.
რუსეთის კვალი და სარგებელი ამ დაპირისპირებიდან
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზოგადად, „ჰეზბოლას“, „ჰამასს“, ირანს და სირიას რუსეთის მხარდაჭერა აქვთ და ეს ახალი არავისთვის არ არის. ამას კი თუნდაც ის ფაქტი ცხადყოფს, რომ ამ მწვავე კრიზისის ფონზე პალესტინის ლიდერი მოსკოვში ჩასვლას გეგმავს.
„რა თქმა უნდა, რუსეთს ამ კონფლიქტში თავისი ინტერესები აქვს და მისთვის ახლა ყველაზე მომგებიანია, რომ ისრაელის კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდეს. ამას უკრაინასთან აქვს გარკვეული ბმა. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ეს მიზეზი არ არის. ანუ აქ მხოლოდ რუსეთის ინტერესები არ იკვეთება. აქ ასევე მნიშვნელოვანია საუდის არაბეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, რომელსაც ისრაელი აპირებდა. ეს ტერორისტულ ძალებს არ აწყობთ.
„ჰამასი“ ამ სპეცოპერაციისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. კი თქვეს ერთი წელიო, მაგრამ მგონია უფრო დიდხანს. თანაც მათ შეძლეს ისრაელის ყურადღების მოდუნება და ფაქტია, ამას მარტო ვერც შეძლებდნენ.
„ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ პროცესები როგორ განვითარდება - რას იზამენ „ჰეზბოლა“ და ირანი, თუ ისრაელი ღაზას დაიკავებს. საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი აშშ-ირანი-რუსეთის დაპირისპირებაზე დადის. გლობალურად ასეა. თუმცა ამ ეტაპზე ჯერ ღიად ისრაელი და „ჰამასი“ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული.
„რაც შეეხება რუსეთი რა ხეირს ელის ამ კონფლიქტიდან, თუ ამ დაპირისპირებამ დიდი მასშტაბი შეიძინა და ამაში „ჰეზბოლა“ ჩაერთო, რა თქმა უნდა, უკრაინის ომი არავის აღარ ემახსოვრება და ყურადღება ისრაელისკენ გადაინაცვლებს. უკრაინის ომის დროებით გაყინვას კი მომხრეები დასავლეთში მოემატება. ისედაც ჰყავს უკვე და ამის კარგი მიზეზიც ექნებათ. ამ რისკებს ვხედავ და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა დაპირისპირებაში გადაიზრდება ეს ყველაფერი“, - ამბობს ბენდიანიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ახლა ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ შევიდეს ღაზას სექტორში და სახმელეთო ოპერაცია ჩაატაროს. ისრაელის ისტორიაში ეს არის ყველაზე სასტიკი, მასიური სისხლისღვრა, რომელიც თავისი მასშტაბით 11 სექტემბრის ტერაქტსაც კი აღემატება. ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ამაზე ისრაელმა ადეკვატური პასუხი თუ არ გასცა, მის სახელმწიფოებრივ არსებობას საფრთხე ემუქრება.