თამთა ჩაჩანიძე
10.10.2023

რუსული მედია წერს, რომ რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში სამხრეთ ფლანგიდან კონტრშტევა წამოიწყეს და სოფელ ბერდიჩთან უკრაინული თავდაცვა გაარღვიეს, ამას კი წინ უძღვოდა10 ოქტომბრის დილიდან საარტილერიო მომზადება. ოფიციალური კიევისგან ამ თემაზე განცხადებები ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, ცნობები კონტრშეტევის შესახებ ნაწილობრივ ფსიქოლოგიური ხასიათისაა. მათი თქმით, რუსებს დღეს დიდი კონტრშეტევის რესურსი არ აქვთ, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინის კარგად გამაგრებული თავდაცვა გაარღვიონ, თუმცა მცდელობა იქნება.

როგორც სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, ავდეევკა რუსების პოზიციებში ღრმად შეჭრილი უკრაინის მიერ კონტროლირებადი „ნახევარკუნძულია". რუსების მცდელობა კი ყოველთვის იყო, რომ ეს მოეკვეთათ და ალყაში მოექციათ. მათი თქმით, რუსებმა ალბათ ჩათვალეს, რომ უკრაინელების შეტევების ინტენსივობა და აქტიურობა შემცირდა, ამასობაში ამ მიმართულებაზე შესაბამის დაჯგუფებას მოუყარეს თავი.

რუსული წყაროების ცნობით, მათ მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ ავდეევკის სამხრეთით და ჩრდილოეთით, რის შედეგადაც უშუალოდ ავდეევკაში განლაგებულ უკრაინელთა 11-ათასიან დაჯგუფებას ალყაში მოქცევის საფრთხე შეექმნა.

ამის პარალელურად, რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებს არ წყვეტს, სახმელეთო ოპერაციებს რაც შეეხება, ცხელი წერტილებია ხარკოვში კუპიანსკი, ზაპოროჟიეში რობოტინო და ქალაქი ბახმუტის მისადგომები.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

ორშაბათს ღამით რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა ოდესის, ნიკოლაევის და ხერსონის ოლქებზე. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ 10 ოქტომბრის დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთ ოლქებს ანექსირებული ყირიმიდან შეუტიეს 36 დამრტყმელი დრონით. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 27 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. დრონებით დარტყმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

წინა დრეებში რუსებმა ხარკოვი და ხერსონი მასირებულად დაბობმეს, დანგრეულია შენობები, მათ შორის საავადმყოფო. არიან დაშავებულები და ცნობები ვრცელდება ბებია-შვილიშვილის დაღუპვის შესახებ.

საჰაერო იერიშის პარალელურად, მხარეების სახმელეთო ოპერაციას არ ანელებენ. გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ავდეევკის გარდა ცხელი წერტილებია ხარკოვის ოლქში კუპიანსკი, ზაპოროჟიეში რაბოტინო და ქალაქ ბახმუტის მისადგომები.

„ხარკოვში, კუპიანსკის მიმართულებაზე, რუსები გარკვეული პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ. სამხრეთში, ზაპოროჟიეში, რაბოტინო-ვერბოვეს მიმართულება კვლავ ცხელ წერტილად რჩება, სადაც უკრაინელები მაინც ცდილობენ, რომ შეტევა განახორციელონ. ბახმუტი უშალოდ ქალაქი რუსების ხელშია. კლიშეევკა უკრაინელებმა დაიკავეს და მის მიმდებარედ ბრძოლები მიდის. რამდენიმეჯერ გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინელებმა ბახმუტისკენ მიმავალი რკინიგზის ხაზი აიღეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ დასტურდება, უკრაინელები ბახმუტამდე მისულები არ არიან", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

აქვთ თუ არა რუსებს დიდი შეტევის პოტენციალი

რუსული „რაშა თუდეი" ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციაზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინელთა დაცვის ხაზი უკვე გარღვეულია.

„რუსულმა ჯარებმა ავდეევკას მიმართულებით სამხრეთ ფლანგიდან სოფელ ბერდიჩის გარეუბანთან უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა გაარღვიეს და უკრაინული დანაყოფები აიძულა უკან დაეხიათ", - წერს რუსული „რტ".

მანამდე, რუსული ავიაციის გენერალ-მაიორმა სერგეი ლიპოვოიმ „ნიუს.რუ"-სთან საუბარში განაცხადა, რომ „ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ავდეევკასთან გამკლავებას რამდენიმე დღეში შეძლებენ".

რუსი სამხედრო მიმომხილველები და „ტელეგრამ" არხები თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ „ქალაქზე ასეთი ძლიერი დარტყმა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამაგრებულ ზონად აქციეს, აქამდე არასოდეს ყოფილა".

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რაიმე სერიოზულ შეტევასთან არ გვაქვს საქმე, რადგან არც რუსებს აქვთ ამის პოტენციალი და ურაინელებიც კარგად არიან გამაგრებულები ავდიივკიდკენ.

„მემგონი რაიმე სერიოზულ შეტევასთან ჯერჯერობით საქმე არ გვაქვს, მაგრამ თუ იქნება, უკრაინას ამ მიმართულებაზე საკმაო ძალები ჰყავს, რომ ასეთი შეტევა მოიგერიოს. ტაქტიკური სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და ძალიან ძნელია ამაზე ახლა საუბარი, თუ დღეს რა სიტუაციაა.

„შეტევა მოსალოდნელია და შესაძლოა განახორციელონ, მაგრამ ამის განსაკუთრებულ განვითარებას არ ველოდები. იქნება მცირე მასშტაბის გარკვეული ტაქტიკური მოქმედებები სიტუაციის შეცვლის მიზნით. რუსეთს ამ ეტაპზე მეტის შესაძლებლობა არ აქვს. ორი თვის წინ გვესმოდა, რომ კუპიანსკისკენ შეტევაა... შეტევაა... მილიონიან დაჯგუფებებს ქმნიან... და ა.შ. მაგრამ სად არის? მემგონი ახლაც იგივე ხდება. რუსები თავისას გაიძახან, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ. რუსული „ტელეგრამ" არხების გარდა ასეთი ინფორმაცია ჯერ არსადაა.

„უკრაინა ავდეევკასა და სხვა მიმართულებებზე საკმაოდ კარგადაა გამაგრებული. რუსები დღეს ძირითადად თავდაცვაზე არიან გადასული და თავდაცვით ოპერაციებს აწარმოებენ, არანაირი ბლიცკრიგების და ძლიერი შეტევის თავი არ აქვთ. არაა გამორიცხული, რომ ერთ დასახლებულ პუნქტზე შეტევა განახორციელონ, ლოკალურ ტაქტიკურ წარმატებასაც მიაღწიონ, მაგრამ ამის მეტს ვერაფერს იზამენ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

გენერალ ვახტანგ კაპანაძის აზრით კი, შესაძლოა რუსებმა ჩათვალეს, რომ უკრაინამ შეტევის ტემპი შეანელა და იმიტომ წამოიწყეს შეტევა.

„რუსებს აქვთ პოტენციალი, რომ ლოკალურ მიმართულებაზე შეტევა განახორციელონ და ახორციელებენ კიდეც. ავდეევკა - ესაა რუსების პოზიციებში ღრმად შეჭრილი „ნახევარკუნძული". რუსების მცდელობა ყოველთვის იყო, რომ ეს მოეკვეთათ და ალყაში მოექციათ. რუსები კონტრშეტევას მაშინ იწყებენ, როცა მოწინააღმდეგის ძალები გამოლეულია და წინსვლას ვეღარ აგრძელებს და ატყობს, რომ თავად მას რაღაც ძალები აქვს.

„რუსებმა ჩათვალეს, რომ უკრაინელების შეტევების ინტენსივობა და აქტიურობა შემცირდა. ამასობაში ამ მიმართულებაზე შესაბამის დაჯგუფებას მოუყარეს თავი, თუ არ ვცდები ამ მიმართულებაზე 25-ე არმიის დაჯგუფება იყო გადასროლილი.

„ავდეევკაზე მუდმივად იყო შეტევის მცდელობები, ბოლო პერიოდში რუსების მხრიდან ეს ხშირად შეიმჩნეოდა, ახლა ალბათ ჩათვალეს, რომ ის ძალა აქვთ, რომ ამ მიმართულებაზე რაღაც უფრო მეტი აქტიურობა დაიწყონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსების მხრიდან დიდი, ფართომასშტაბიანი შეტევა იქნება.

„ნახევარკუნძულის" და ავდეევკის უკრაინული დაჯგუფების მოკვეთის გარკვეული მცდელობა იქნება. თუმცა წვიმები მალე დაიწყება და ეს ნებისმიერ შემტევ მხარეს ხელს შეუშლის. თუ რუსებმა ამ პერიოდში გარკვეული ძალა დააგროვეს და უკრაინას თავდაცვა ისე ჩამოეშალა, რომ მათი შეკავება ვერ შეძლო, რაღაცას იზამენ, მაგრამ ეჭვი მეპარება.

„უკრაინას ავდეევკისკენ შეტევითი დაჯგუფება ჰყავდა და გამაგრებაც არ სჭირდებოდა. აქ იყო ორივე მხრიდან იმის მცდელობა - ვინ რომელს გადაწონიდა. ამ ეტაპზე რუსებს იმის რესურსი არ გააჩნიათ, რომ მნიშვნელოვანი შეტევა წამოიწყონ.

„უკრაინელებს სამხრეთის მიმართულებაზე შეტევა ჯერ კიდევ არ დაუსრულებიათ. შეანელეს, მაგრამ არ გაჩერებულან და არ მგონია, რომ რუსებს იმის საშუალება ჰქონდეთ ახლა, რომ ავდეევკისკენ სათანადო ძალები ჰყავდეთ. მე მაინც მგონია, რომ რუსების მხრიდან ლოკალური შეტევაა და უკრაინელებს ამის ძალა გააჩნიათ, რომ მათ წინ წასვლის საშუალება არ მისცენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×