თამთა ჩაჩანიძე
08.10.2023

 მსოფლიო კიდევ ერთი მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის წინაშეა - 7 ოქტომბერს დილით პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა, რის შემდეგაც „ჰამასის" მებრძოლები ისრაელის სამხრეთში მდებარე ებრაულ დასახლებებში შეიჭრენ. ისრაელის არმია და სპეცსამსახურები ამას სრულიად მოუმზადებელი დახვდა. სამხედრო ანალიტიკოსები წერენ, რომ ეს იყო „ებრაული პერლ ჰარბორი", რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტაც საკმაოდ რთულია. ისრაელის სახელმწიფო ოფიციალურად გამოაცხადა ომი. საბრძოლო მოქმედებები მიდის ღაზას სექტორის მიმდებარე ებრაულ დასახლებებში და ისრაელი-ლიბანის საზღვართან.

„ჰამასის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ შაბათს დილით მათ ისრაელის წინააღმდეგ წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია „ალ-აქსას ქარიშხალი". სხვადასხვა მონაცემებით, ისრაელის ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით გაშვებული იქნა 5-დან 7 ათასამდე რაკეტა. ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ „რკინის გუმბათი" მათი უმრავლესობა ჩამოაგდო, თუმცა რაკეტების ნაწილმა მაინც მიაღწია სამიზნეებამდე.

ამ მასირებული დარტყმის ფონზე, „ჰამასის" მებრძოლებმა ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწიეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ისინი ჯიპებითა და მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ ავტომაგისტრალებზე და განურჩევლად ცეცხლს უხსნიდნენ ყველა შემხვედრს. ამას გარდა, მათი ნაწილი ისრაელის ტერიტორიაზე დელტაპლანებით გადაფრინდა და სხვადასხვა მცურავი საშუალებებით გადავიდა.

პირველი შოკის შემდეგ, ისრაელის არმია საპასუხო მოქმედებაზე გადავიდა. გამოცხაცხადდა სამხედრო ოპერაცია „რკინის ხმლების" დაწყება. შეიკრიბა ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა ომი.

გარდა ამისა, გაჩნდა სამხედრო კონფლიქტში სხვა მონაწილეების ჩართვის საშიშროება. „ჰამასმა" ოფიციალურად მიმართა სხვა რადიკალურ დაჯგუფებებს და მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. ბოლო ცნობებით, კვირას უკვე დაიწყო საარტილერიო დარტყმები ისრაელსა და ლიბანს შორის, რაც ნიშნავს, რომ ომში დიდი ალბათობით ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება „ჰეზბოლაც" ჩაერთვება, რომლის უკანაც ირანი დგას. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გარდა ირანისა, ამ დაჯგუფებებს ზურგს უმაგრებდნენ რუსული სპეცსამსახურებიც. სიტუაცია ეფთქებადსაშიშია და არაა გამორიცხული დაპირისპირებამ ახალი მასშტაბები შეიძინოს.

საქმის სპეციალისტებიც და სამხედრო მიმომხილველებიც სოციალურ წერენ, რომ შაბათის თავდასხმა იყო ისრაელის დაზვერვისა და ზოგადად უსაფრთხოების სრული ჩავარდნა - „ჰამასს" ფაქტიურად არავინ არ გაუწია წინააღმდეგობა. ისრაელის ტერიტორიის მასიური სარაკეტო დაბომბის ფონზე, მათ ებრაული არმიის რამოდენიმე საგუშაგოსა და სამხედრო ნაწილის აღება თითქმის უბრძოლველად შეძლეს, რის შემდეგაც ღაზას სექტორის მოსაზღვრე დაბებსა და ქალაქებში შეიჭრნენ, ბუნკერებს შეფარებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და პოლიციელთა ნაწილი დახოცეს და და ნაწილი ტყვედ აიყვანეს.

ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო უშუალოს ღაზას სექტორის მიმდებარედ მიმდინარე მუსიკალუ ფესტივალზე, რომლის მონაწილეებიც მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. „ჰამასის" მებრძოლებმა მრავალი მათგანი დახოცეს, ან მძევლად აიყვანეს.

რა ხდება დაპირისპირების ხაზზე

ბოლო ცნობებით, ისრაელში „ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. კვირას გამართულ ბრიფინგზე ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ პრიორიტეტები ახლა ებრაულ დასახლებებში ბრძოლის დამთავრება და ღაზასა და ისრაელის გამყოფ ხაზში არსებულ გარღვევებზე კონტროლის დამყარებაა.

ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 313 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო 1 990 დაიჭრა.

„ჰამასი" აცხადებს, რომ მისი მებრძოლები ჯერ კიდევ იმყოფებიან სამხრეთ ისრაელის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში - ოფაკიმში, სდეროტში, იად მორდეჰაიში, კფარ აზაში, ბეერიში, იატედსა და კისუფიმში. ამავე განცხადების თანახმად, „ჰამასი" მათ ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებით უჭერს მხარს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხანგრძლივ და რთულ ომს იწყებენ და „ისრაელი გაიმარჯვებს".

არაბულ სამყაროში კი მკვეთრად იმატა ანტიებრაულმა განწყობებმა. მაგალითად, იორდანიაში ღამით მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც მოსახლეობის ნაწილი თავის მთავრობას პალესტინელთა მხარდაჭერისა და ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა. მოხდა სისხლიანი ინციდენტებიც - ეგვიპტეში ადგილობრივმა პოლიციელმა ებრაელი ტურისტების ავტობუსს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ორი ებრაელი ტურისტი და ერთი ეგვიპტელი მოქალაქე დაიღუპნენ. პოლიციელი ადგილზევე დააპატიმრეს.

ვინ შეიძლება ჩაერთოს კონფლიქტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორო და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და არაა გამორიცხული, რომ ომმა ახალი მასშტაბები მიიღოს.

„არაბული სახელმწიფოების უმრავლესობამ ფაქტიურად ისრაელი გააფრთხილა, რომ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყოს. თურქეთიც ორჭოფობს. ერთადერთი მაჰმადიანური ქვეყანა იყო აზერბაიჯანი, რომელმაც ისრაელს მხარი დაუჭირა და სამხედრო დახმარება შესთავაზა. ამიტომაც სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და შესაძლოა დაპირისპირებამ ახალი მასშტაბები შეიძინოს.

„რთულია იმის თქმა, იქნება თუ არა ეს ომი ხანგრძლივი. ისრაელმა განაცხადა, რომ ისინი ღაზას სექტორის განადგურებას დაიწყებენ. როგორც ჩანს, იმაზეა გათვლა, რომ სექტორს აიღებენ. ჯერჯერობით პალესტინის ოფიციალური ავტონომიის ლიდერი აბასი დუმს და თუ ღაზას სექტორის ავტონომიის გაუქმების ოპერაცია დაიწყო, ამან შესაძლოა ახალი არაბულ-ებრაული ომი გამოიწვიოს", - განაცხადა მაისაიამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს. იგი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისრაელ-პალესტინის ომი უფრო დიდ მასშტაბებს ვერ მიიღებს.

„ეს ომი უფრო დიდ მასშტაბებს ვერ მიიღებს, რადგან ამ რეგიონში არცერთ სახელმწიფოს ისრაელთან კონვენციური ბრძოლის საშუალება არ აქვს. ისრაელი კონვენციური საშუალებებით ყველა სახელწიფოს აღემატება და მათი დამარცხება შეუძლია. გამორიცხული არაა, რომ „ჰამასი" და „ჰეზბოლა" შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ, მით უმეტეს, რომ ორივე ირანიდან იმართება.

„ეს ომი პრინციპით ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვაქვს. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია, იქ სხვა პრობლემებია, რომელიც ჩვენ კარგად არ გვესმის. მაგრამ არ ვვარაუდობ, რომ ეს კონფლიქტი სხვა რამეს გადაფარავს. კონფლიქტის ხანგრძლივობა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გადაწყვეტს ისრაელი, რომ ეს ოპერაცია გააგრძელოს. ისეთი საფრთხის ბოლომდე დამარცხება, რასაც რადიკალური ისლამი ჰქვია, შეუძლებელია", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

რატომ იყო მოულოდნელი ისრაელისთვის „ჰამასის" თავდასხმა

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისრაელის დაზვერვის ეს ჩავარდნა, სავარაუდოდ, რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის შიდა პოლიტიკურ კრიზისსა და ქვეყნის სპეცსამსახურების არასათანადო მუშაობას.

„ჩემი აზრით, სამი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს - სირიის, ირანის და სავარაუდოდ რუსეთის. ირანმა „ორმაგი კაუჭის" სპეცოპერაცია განახორციელა, რომლითაც გადაიბირეს ისრაელის აგენტურა, რომელიც ღაზას სექტორში მოქმედებდა, ისრაელს ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ და ამით სპეცსამსახურების ყურადღება მოადუნეს.

„ამასთან, ისრაელის სპეცსამსახურებ საკმაოდ სერიოზული ჩავარდნები ადრეც ჰქონდათ. 2009 წლიდან ეს ეროზია სერიოზულად დაიწყო. ეს უკვე მესამე ჩავარდნა იყო და როგორც ჩანს, ეს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება. იქ პოლარიზაციის მაღალი დონეა, რამაც სტრუქტურების სერიოზული ეროზია გამოიუწვია. ასეთივე სიტუაციაა საქართველოში - პოლარიზაციის ამ დონემ შესაძლია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნას და ოჩამჩირეში ბაზის გახსნა სწორედაც რომ ამის გამოძახილია. 7 ოქტომბერი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

„აშშ-ს ვალდებულება აქვს, რომ ისრაელს დაეხმაროს. ამერიკის მთავრობა ყოველ წელს გამოყოფს ისრაელისათვის 3 მილიარდ დოლარს სამხედრო ხარჯებისთვის. ისრაელს ალბათ ევროკავშირიც დაეხმარება. ისრაელს პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველომ და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა გამოუცხადეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში ჩამოსვლაც შესაძლოა ამ მოვლენებს უკავშირდებოდეს", - განაცხადა მაისაიამ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მართალია, ისრაელი 7 ოქტომბრის თავდასხმას მოუმზადებელი შეხვდა, მაგრამ ყველაფერს „გამოასწორებს".

„ძალიან რთულია ამისვთის ყოველთვის მზად იყო. დღესასწაული ჰქონდათ და საკმაოდ დიდი მოულოდნელობა იყო. ჩემი აზრით, ისრაელს თავდაცვა უნდა გაეძლიერებინა, თუმცა იმდენად ძლიერი სახელმწიფოა, რომ ამას გამოასწორებს და კონვენციური საშუალებებით ამას გაუსწორდება. მაგრამ „ჰამასს" და „ჰესბოლას" ბოლომდე ისედაც ვერ გაანადგურებს, ისევე, როგორც ეს ტერორიტული ორგანიზაციები ვერ გაანადგურებენ ისრაელს. ეს მუდმივი ომის ციკლია. ახლა ალბათ ისრაელი ტერორისტების დეგრადირებას იმ დონემდე შეეცდება, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

„დასავლეთში ისრაელზე სენტიმენტი მეტია, მუსლიმურ და არაბულ სამყაროში კი პალესტინური სენტიმენტია. ისრაელი გააკეთებს იმას, რაც უსაფრთხოებისთვის საჭიროა და იმდენს, რომ ტერორისტებმა ასეთი რამ აღარ გაბედონ. „ჰამასიც" საკმაოდ კარგად მოზმადებული აღმოჩნდა, საკმაოდ ძლიერი და კომპლექსური შეტევა განახორციელეს. რაკეტების, დრონებისა და მსგავსი საშუალებების გამოყენება ტერორისტებს და სამთავრობო ძალებს თანაბარ სიტუაციაში აყენებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ომში მთელი ძალით ჩაერთვნენ და მათ ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ. არ ვვარაუდობ, რომ კონფლიქტში „ჰესბოლას" გარდა სხვა მხარეც ჩაერთვება", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×