სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა გრანადის დისკუსიებში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ევროკავშირის გავლენიან ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, თავის მხრივ ევროპამაც სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა, მეტიც, დისკუსიების დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ამ ფორმით დაკავებას საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს, რა დროსაც 100 ათასი ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა გაქცეულიყო.
როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ფაშინიანის ევროპაში ვიზიტები და დასავლეთთან დაახლოება კრემლს განსაკუთრებით აღიზიანებს და არაა გამორიცხული, რომ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბოს ისე, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას შეეცადოს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და პრემიერ ფაშინიანის ერთობლივ განცხადება გავრცელდა, სადაც ხაზი ესმება სომხეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობისადმი მათ ურყევ მხარდაჭერას.
მათ ასევე მხარდაჭერა გამოხატეს ყველა მიმართულებით ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების განვითარებისადმი. ლიდერები სომხეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებაზეც შეთანხმდნენ, ვინაიდან ქვეყანა ყარაბაღელი სომხების მასობრივი გადმოსახლების შედეგების წინაშე დგას.
გარდა ამისა ფაშინიანი ამავე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. როგორც ცნობილია, ლიდერებმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია განიხილეს. ზელენსკი წერს, რომ „უკრაინა დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობით და მეგობრული ურთიერთობებით ამ რეგიონის სახელმწიფოებთან". შეხვედრაზე განსახილველს საკითხებს შორის იყო „ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული ეკონომიკური პროექტები".
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ „სომხეთმა უარი თქვა ყარაბაღის თაობაზე რუსეთის მიერ შეთავაზებულ კომპრომისზე". ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ერევანს 6 ოქტომბერს ეწვევა, რათა განიხილოს არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის თარიღი.
3 ოქტომბერს, სომხეთის პარლამენტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის, რომის სტატუტის რატიფიკაციას დაუჭირა მხარი და ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია აღიარა. ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, სომხეთს მისი დაკავება მოუწევს. როგორც კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, პუტინს სომხეთში ვიზიტებზე უარის თქმა მოუწევს.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მოსკოვი ფაშინიანის ბოლოდროინდელი ნაბიჯებით შეშფოთებულია, თუმცა ერევანი დღეს კოლექტიური უსფართხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან მაინც ვერ გავა, რადაგან დასავლეთიდან ჯერ უსაფრთხოების მყარი გარანტიები არა აქვს.
„ადრე სომხეთმა ევროკავშირთან განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ფაშინიანს საშუალებას აძლევდა, რომ გრანადის სამიტზე ჩასულიყო, სადაც ევროკავშირის გაფართოების თემა იხილებოდა. ევროკავშირის ლიდერები იმ ქვეყნების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ყოფილიყვნენ გაფართოების ახალ სტრატეგიაში, რომლის დეკლარაცია ამა წლის ნოემბერში დამტკიცდება, ამით ევროკავშირის სგარეო თავდაცვის კორექტირება მოხდება და ახალი სტრატეგიის განხორციელება 2030 წლისთვის.
„ევროკავშირმა ახალი წევრები უნდა მიიღოს, ესენია ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვისპირეთის ქვეყნები და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ სომხეთმაც შეიტანოს განაცხადი გაწევრიანებაზე, თუმცა ჯერ რაღაცა ეტაპები უნდა გაიაროს რეფორმების თვალსაზრისით, ან შეიძლება ერევნისთვის რაღაც ახალი ფორმულა შექმნან.
„თავისთავად ცხადია, რომ ფაშინიანის ევროპაში ვიზიტები პუტინს გულზე სულაც არ ეხატება და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს. აქ საინტერესო ისაა, რომ ჯერჯერობით სომხეთი ოდკბ-დან გამოსვლისგან თავს იკავებს, რადგან მას დასავლეთისგან უსაფრთხოების მყარი გარანტიები არა აქვს, ამ გარანტიებს უკრაინას ვერ აძლევენ დღეს და სომხეთს მით უმეტეს. თუ სომხეთი ოდკბ-დან გამოვა, მაშინ ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნება და არაა გამორიცხული, რომ პირდაპირი აგრესიის ობიექტი გახდეს.
„ბალკანეთის მიმართულება რუსეთს უკვე ნაკლებად ადარდებს ახლა აქცენტი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაზე აქვს გადატანილი. იყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაზე გავლენებს კარგავს, მაგრამ რამდენიმე საკითხია, რის გამოც ვფიქრობ, რომ რუსეთს გავლენების დაკარგვის შიში საერთოდ არა აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი გრანადის სამიტზე არ იყვნენ და ალბათ მოსკოვს ანგარიში გაუწიეს, ასევე გაურკვეველია საქართველოს ხელისუფლების გეგმებიც. ამასთან ვხედავთ, რომ ოჩამჩირეში რუსეთი ბაზას აშენებს.
„სომხეთში კი არის ანტირუსული განწყობები, თუმცა რუსეთს ჰყავს თავისი პოლიტიკური ძალები ქვეყანაში და იმის ბერკეტიც აქვს, რომ სამხედრო გადატრიალებაც მოახდინოს და თავისი ხელისუფლება მოიყვანოს სათავეში. დღეს სამწუხაროდ ასეთი რეალობა გვაქვს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".