ელზა პაპოშვილი
04.10.2023

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმები ანექსირებულ ყირიმში შევიდნენ: „იყო ბრძოლა დამპყრობლებთან, არის ბევრი დაღუპული და დაჭრილი ოკუპანტთა შორის. სამწუხაროდ, დანაკარგებია უკრაინელ მცველებს შორის", - იტყობინება დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი. 

მთავარი დაზვერვის დირექტორატის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიცურავენ უკრაინელი დაზვერვის ოფიცრები სკუტერებითა და ნავებით ნაპირისკენ, ეშვებიან ხმელეთზე და უფრო ღრმად შედიან ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე.

შემდეგ ჩნდება სამი სამხედრო, რომლებსაც უჭირავთ უკრაინის დროშა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ემბლემით. ისინი აცხადებენ, რომ ყირიმში მორიგი შეტევა წამოიწყეს და ნახევარკუნძული ან "უკრაინული იქნება, ან გაუკაცრიელებული".    

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აღკვეთეს უკრაინის მხრიდან "ტერაქტების განხორციელების მცდელობები" მათ ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. რა ობიექტები იგულისხმება, განცხადებაში დაკონკრეტებული არაა. რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ ბელგოროდის, ბრაიანკის და კურსკის სასაზღვრო რაიონებში გაანადგურა 31 უკრაინული დრონი.

გარდა ამისა, თავდაცვა ამბობს, რომ საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში "აღკვეთეს" ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო ჯგუფის მიერ "შეღწევის მცდელობა". 

რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ სწრაფმავალი სამხედრო კატერით და სამი ჰიდროციკლით დაჯგუფება მიემართებოდა ტარხანკუტის კონცხის მიმართულებით.

დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსებმა ილინივკა რეკეტებით, ავდიივკა კი ტანკის გამოყენებით დაბომბეს. იერიშის შედეგად დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე. 

არსებული ინფორმაციით, ავდიივკაში ჭურვი კერძო სახლს მოხვდა, დაშავებულია 63 წლის ქალი. ოკუპანტებმა ასევე დაარტყეს ილინივკას კრამატორსკის რაიონში, დაშავებულია 29 და 47 წლის ორი ქალი და 43 წლის კაცი. 

ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის, ალექსანდრე ტოლოკონნიკოვის ინფორმაციით, რუსებმა დღეს დილით ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე 10 მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.

„უკვე დილით ხერსონის რაიონზე ათი მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს: მიკოლაივკას, ოლჰივკას დასახლებებზე, ბურღუნკაზე... ასევე მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსებმა სავარაუდოდ ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე რაკეტები გამოიყენეს. ეს ინფორმაცია ამჟამად ზუსტება“, - განაცხადა ტოლოკონნიკოვმა.

მისივე ცნობით, გუშინ, 3 ოქტომბერს, ოკუპანტებმა 17 ბომბი ჩამოაგდეს იგივე რეგიონში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადგილობრივი დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა კერძო სახლები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული შენობა, კომერციული ობიექტი, მანქანები, სატვირთო მანქანები და ავტობუსები.     

უკრაინის აღმოსავლეთ ჯარების ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ილია ევლაშმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ  ბახმუტის სამხრეთით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს.

გარდა ამისა, მისივე ცნობით, ზოგიერთი მიმართულებით უკრაინელები წარმატებებს აღწევენ და მიღწეულ საზღვრებში არიან გამყარებული.

"ბახმუტის სამხრეთით ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ შეტევითი ოპერაციას, ზოგიერთ რაიონში გვაქვს წარმატებები და ვაგრძელებთ კონსოლიდაციას მიღწეულ საზღვრებზე. მტერი ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები კლიშჩიივკასა და ანდრიივკას მიდამოებში, მაგრამ უშედეგოდ", - განაცხადა იევლაშმა.

გარდა ამისა მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულებით ვითარება სტაბილურად დაძაბულია, თუმცა კონტროლის ქვეშაა.    

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი ამბობს, რომ ახლა უკრაინა ცდილობს შეტევის შედეგად ოკუპანტებზე მაღალი ინტენსივობა შეინარჩუნონ და ტემპი არ დავარდეს. ბერიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ახლა უკრაინელებს, სადაც ხელშესახები წარმატება აქვთ, ძირითადად ეს სამი ადგილია. ერთი ეს არის დონეცკის ოლქი, ქალაქი ბახმუტი, სადაც ჩრდილოეთით და სამხრეთით გარკვეული ტერიტორიები გაათავისუფლეს და პლაცდარმს თავად ქალაქ ბახმუტის გასათავისუფლებლად ამზადებენ. 

„კი ბატონო, ბახმუტის დიდი ნაწილი განადგურებულია, მაგრამ ამ ქალაქმა ომში სიმბოლური დატვირთვა შეიძინა და მისი დაბრუნება რუსებს გატეხავს. რუსეთმა მრავალეშელონიანი თავდაცვა კი მოაწყო, მაგრამ მას სჭირდება ხალხი, რათა ეს ზღუდეები დაიცვას. ეს ხალხი რუსებს პირველი ზღუდისთვის ჰყავდა, მაგრამ, ახლა უკვე მეორე და მესამე ზღუდის გასაძლიერებლად ემზადებიან. თავდაცვა კი მოწყობილია, მაგრამ ის დანაღმული ველები და  სანგრები უკრაინელებს მხოლოდ ვერ გააჩერებს. საჭიროა ხალხი, რომლებიც იქ იბრძოლებენ. ეს დანაკლისი აქვთ ახლა რუსებს. რაც შეეხება აღმოსავლეთის ფრონტს,  კუპიანსკის მიმართულებაზე გარკვეული ზეწოლაა უკრაინელების მხარეზე, მაგრამ ისინი რუსებს წარმატებით იგერიებენ. 

„ორი მიმართულება სადაც ახლა უკრაინას წარმატება  აქვს, ეს არის ზაპროჟიეს აღმოსავლეთით და დონეცკის ოლქის უკიდურესი დასავლეთით. ამ მიმართულების აღებით უკრაინელები  შეძლებენ უკვე მარიუპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე გავიდნენ და  ყირიმის სახმელეთო კორიდორი გადაჭრან. 

„რაც უფრო ახლოს მივლენ კორიდორთან, მითუფრო  ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოაქცევენ. რაც შეეხება უკრაინელების ყველაზე წარმატებულ წინსვლას,  ეს არის ზაპროჟიეს დასავლეთ ოლქი, სადაც რობოტინო უკვე გაათავისუფლეს და ვერბოვოს მიმართულებით მიდიან. ჩვენ ვხედავთ უკვე რომ უკრაინული სპეცდანიშნულების რაზმები რეიდს ახორციელებენ, როგორც  ყირმის, ასევე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე. ეს არის რუსებისთვის  ყველაზე სუსტი წერტილი, თუკი უკრაინელები მდინარის მეორე სანაპიროზე გადმოვლენ“,-ამბობს ბერიძე.  

რაც შეეხება ყირიმზე შეტევებს, ბერიძე აცხადებს, რომ ამას აქვს როგორც პრაქტიკული ასეევე სიმბოლური დატვირთვა. პრაქტიკულად პოლკოვნიკი ამბობს, რომ მტრის ბანაკების განადგურება მნიშვნელოვანია, ხოლო სიმბოლურად არსად არ შეიძლება საოკუპაციო ძალები თავს მშვიდად გრძნობდნენ და ოპერირებდნენ. მისივე თქმით, ახლა უკარინას ძალიან სჭირდება თავისი მარცვლეულის და სხვა პროდუქტის საზღვაო ექსპორტი. ამიტომ სერიოზული კამპანია მიდის, რომ რუსული შავი ზღვის ფლოტის დეგრადირება და განადგურება მოხდეს.        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×