ელზა პაპოშვილი
02.10.2023

რუსული ძალები რობოტინოსა და ვერბოვოის რაიონებში დაკარგული პოზიციების აღდგენას ცდილობენ და უკრაინულ ჯარებს წარუმატებლად უტევენ ავდეევკის, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რობოტინოს სამხრეთით სიტუაცია არასტაბილური, ტაქტიკურად რთული და დინამიკურია.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები რობოტინოს რაიონში ტაქტიკურ კონტრშეტევებს ახორციელებენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რობოტინოს სამხრეთით ვითარება არასტაბილურია, რადგან ტაქტიკურად მნიშვნელოვანი სიმაRრეები რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან-ხელში. 

უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა კი 14 დარტყმა მიიტანეს ოკუპანტების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტენქიკის კონცენტრაციის ადგილებზე, 8 იერიში განხორციელდა რუსეთის ჯარების საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, სარაკეტო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს ექვსი საზენიტო სარაკეტო სისტემა და მტრის ცხრა საარტილერიო ნაწილი.

ამავდროულად, 30 სექტემბერს, რუსულმა ჯარებმა 8 სარაკეტო და 71 საჰაერო დარტყმა მიიტანეს უკრაინის სამხედრო პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

"სამწუხაროდ, რუსული ტერაქტების შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.  

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დროებით ოკუპირებული ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა. მისი თქმით, რუსული საოკუპაციო ჯგუფებისთვის მომარაგების მიმართულების გადაჭრა უკრაინული ძალების სტრატეგიული ამოცანაა.

პოდოლიაკის განმარტებით, საუბარია ქერჩის სრუტის საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოქცევაზე და ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსული ძალების უზარმაზარი სასაწყობო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე. მისი თქმით, ამჟამად რუსების მომარაგების 80% ყირიმის გავლით ხდება და ასე რომ, ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენები „მხოლოდ ზოგიერთი ოფიცრის ან ზოგიერთი შტაბის განადგურება არ არის“.

„ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა. დღეს თავდასხმების მოლოდინში, მუდმივად განგაშის სიგნალების ქვეშ. მათ ესმით, რომ ყირიმზე უზარმაზარი საფრთხე არსებობს. საჰაერო სივრცე აღარ არის ისე კონტროლირებადი. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ, რომ რუსეთი გამუდმებით ამბობს, რომ მათ „ანალოგი არ ჰყავთ“, მაგრამ ყირიმში განადგურდა ორი საკვანძო "ტრიუმფის" სისტემა. დღეს ყირიმი არის რუსული საოკუპაციო ჯგუფების საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შემცირების გასაღები“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.    

"არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს" - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმომადგენელთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს.

ბაიდენის თქმით, უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა არ უნდა შეწყდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანხმებაში ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად ახალი დაფინანსება არ არის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს. იმედი მაქვს, სპიკერი შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას" - ამბობს ბაიდენი.   

საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე აცახდებს, რომ ბოლო 72 საათია აქტიური სარაკეტო იერიშები მიმდინარეობს უკრაინის მიმართულებით.  რუსები აქტიურად იყენებენ დრონებსაც. იბომბება ოდესის, ხერსონის, მიკოლაივისა და ზაპორიჟიას ოლქების სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. 

„მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქტიურად მუშაობენ და საშუალო წარმატების მაჩვენებელი 93% აქვთ, მაგრამ იმ ფონზე, რომ რუსები აქცენტს ინტენსივობაზე აკეთებენ, ყველაფრის განეიტრალება ვერ ხდება. ამ ფონზე დაიბომბა ივანო ფრანკოვსკიც, დასავლეთ უკრაინაში. რუსები ბოლო თვეები აქტიურად აგროვებდნენ ფრთოსან რაკეტებსა და დრონებს და ახლა მასირებულ იერიშებს ახორციელებენ. მოსკოვს იარაღის აქტიურ მიმწოდებლად ირანი და ჩრდილოეთ კორეა ჰყავს. 

„რუსებმა საარტილერიო იერიშები მიიტანეს ქალაქ ხერსონსა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე. საარტილერიო დარტყმები გრძელდება მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზეც, სადაც უკრაინელები კოზაჩი ლაჰერის სიახლოვეს მცირე პლაცდარმს ინარჩუნებენ. ვარაუდობენ, რომ რუსებმა ქვეითი დანაყოფების გადასროლაც მოახდინეს ამ მიმართულებაზე. 

„ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რუსეთში დამატებით 130 ათასი ახალი სამხედროს მობილიზაცია და გადასროლა მოხდება ფრონტის ხაზზე. ამჟამად უკრაინაში დაახლოებით 400 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება“,-ამბობს კობერიძე. 

მისივე თქმით, უკრაინელების მიერ ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით დაიბომბა ოკუპირებული ყირიმის ჯანკოის აეროპორტის მიმართულებაც. 

კობერიძე ამბობს, რომ დრონებით იერიში იქნა მიტანილი სოჭის აეროპორტისა და პორტის მიმართულებით. მას შემდეგ რაც აფეთქების სერია რამდენიმე მონაკვეთზე განხორციელდა, ქალაქიდან ფრენები დროებით შეწყდა.  

„დაიბომბა ადლერის სიახლოვეს მდებარე სამხედრო შვეულმფრენების პარკი, საქართველოს საზღვრიდან 7 კილომეტრში.ასევე, რუსებმა კონტრშეტევა წამოიწყეს რობოტინეს სექტორში. მოცემულ მომენტში ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ტოკმაკი-ორიხივის გზაზე რუსული სამხედრო კოლონა უკრაინელებმა დაბომბეს. 

„რაც შეეხება კუპიანსკის მიმართულებაზე რუსული შეტევა სრულად იქნა შეჩერებული. ახლა ტენდენცია შეიცვალა: საარტილერიო დარტყმებს უკრაინელები ახორციელებენ რუსული პოზიციების მიმართულებით.

„ბოლო დღეებია ფრონტის ხაზზე აქტიურად მუშაობს HIMARS. ზაპორიჟიას ოლქში აქტიურად იბომბება რუსული იარაღის საწყობები. ერთ-ერთი მასირებული იერიში კოპანის მიმართულებით იქნა მიტანილი“,-განაცხადა კობერიძემ.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×