დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს, სადაც უკრაინელ სამხედროებს მოამზადებენ. ამასთან ლონდონი კიევს შავ ზღვის აკვატორიის დაცვის გაძლიერებაში დაეხმარება, რათა ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი არ შეფერხდეს. ამის პარალელურად ფრონტი საბრძოლო მოქმედებები ფაქტიურად გაყინულია და საუბარია იმაზე, რომ უკრაინა ახალი კონტრშეტევას ამზადებს. სხვადასხვა რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, იგეგმება ახალი მძლავრი დარტყმა ზაპოროჟიეს მიმართულებით და მდინარე დნეპრის ფორსირება ხერსომის მიდამოებში.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დიდი ბრიტანეთის გეგმები ჯერ კიდევ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, თუმცა, სიტუაციის ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, უკრაინაში ბაზით პირდაპირ არ შევა, შესაძლოა ბრიტანელებმა სამხედრო ცენტრი მართლაც შექმნან, მაგრამ დე ფაქტოდ გააკონტროლებენ. მათი თქმით, ნიკოლაევის ოლქის აქალაქ ოჩაკოვოში უკრაინელებს სამხედრო ბაზა აქვთ, სადაც ბრიტანელები საზღვაო ძალებს ამზადებენ და შესაძლოა ეს ცენტრი გააძლიერონ.
როგორც „ტელეგრაფი" წერს, დიდი ბრიტანეთი უკრაინაში თავის ჯარს პირველად განათავსებს, ბრიტანელები კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოამზადებენ. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა გააკეთა. მან კიევში ვიზიტის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობასთან უკვე მიდის მოლაპარაკებები საწვრთნელი პროგრამის უკრაინის ტერიტორიაზე გადატანის შესაძლებლობის შესახებ.
ფრონტზე კი რამდენიმე დღეა სიტუაცია არ იცვლება და მხარეები მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლებიან. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ფრონტის აქტიურობა ბახმუტსა და ზაპოროჟიესკენ მეტ-ნაკლებად მაინც შენარჩუნებულია და თუ კიევის გეგმებში შემოდგომის კონტრშეტევა მართლაც არის, დარჩენილი 2-3 კვირა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ამინდების გაუარესებამდე. ამ სამკვირიან პერიოდში კი ხერსონთან დნეპრის ფორსირება ისე, რომ უკრაინელებმა მდინარის მარცხენა სანაპირო სრულად გააკონტროლონ, ფაქტიურად შეუძლებელია და ეს უფრო მომავალი წლის გეგმას ჰგავს.
ბოლო ცნობები ფრონტიდან
გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ფრონტზე აქტიური ორი წერტილი მაინც რჩება - ზაპოროჟიეს ოლქი და ქალაქი ბახმუტი.
„ბახმუტის მიდამოებში ბრძოლა ისევ კლეშეევკასთან მიდის. ეს ქალაქი უკრაინელებმა აიღეს, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერა. ბახმუტის მიმართულებაზე რკინიგზაა და ის რუსების ხელშია. შეტევები ორივე მხრიდანაა. რუსები კონტრშეტევებს ახორციელებენ, რადგან გარკვეული პოზიციების დაბრუნება სჭირდებათ, უკრაინელები კი ჯერჯერობით წინ ვერ მიდიან.
„ზაპოროჟიეს გარდა სხვაგან ცხელი წერტილი არაა, უკრაინელები არ უტევენ. ჩრდილოეთისკენ, კუპიანსკის რაიონში რუსების შეტევები იყო, მაგრამ ახლა იქაც შეჩერდნენ. ეს ნიშნავს, რომ ან გადაჯგუფებას ახორციელებენ, ან როტაციას, ან ეს ძალები სამხრეთისკენ, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე გადაისროლეს.
„ამინდების შეცვლის შემდეგ პოზიციური ბრძოლები და სიღრმეში დარტყმები წავა. რუსები უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმებს გააგრძლებენ, რომ ზამთარში გათბობისა და შუქის გარეშე დატოვონ. უკრაინელები კი შეედებიან, რომ ის რაკეტები გამოიყენონ, რომელსაც მიიღებენ და მაქსიმალურად სიღრმეში რუსების სტრატეგიულ ობექტებს დაარტყან, არა მხოლოდ ოკუპირებულ, არამედ მთელი რუსეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
კავკასიის საერტაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსტან" ამბობს, რომ ფრონტი პრაქტიკულად გაყინულია.
„ფრონტზე სიტუაცია ფაქტიურად გაყინულია. არც ზაპოროჟიეში ხდება მნიშვნელოვანი რამ და არც ბახმუტში. რუსებს გამოფიტვის სამხედრო სტრატეგია აქვთ, უკრაინელები კი ცდილობენ საკვანძო სამხედრო წერტილებს დაარტყან.
„ამინდების გაუარესების მერე პოზიციური ბრძოლები დაიწყება და სიღრმისეულ რეიდებს დაიწყებენ, დივერსიული ჯგუფები შემხვედრ ბრძოლებს განახორციელებენ. გაზაფხულამდე სერიოზულს არაფერს ველოდები, ისეთი ტერიტირია და ისეთი გეოგრაფიული პირობებია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
შევა თუ არა ბრიტანეთი უკრაინაში
სექტემბრის მიწურულს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ბრიტანელი სამხედრო მეთაურებთან განხილული გეგმების ფარგლებში, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების პროგრამა გაძლიერდება. განიხილება უკრაინაში საწვრთნელი ცენტრის მოწყობა და ბრიტანელი ჯარის გაგზავნა. მისი თქმით, ბრიტანეთი უკრაინელ სამხედროებს უკრაინაშივე მოამზადებს.
განხილვის კიდევ ერთი საკითხია შავ ზღვაში ბრიტანული სამხედრო ხომალდების შემოყვანა, რომლებიც უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების უსაფრთხოებას უზრულველყოფს.
როგორც „ტელეგრაფი" წერს, შაპსი ახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს სამხედრო ლიდერებთან უკრაინაში ბრიტანეთის ჯარების გაგზავნის შესახებ, რათა უკრაინელებმა ოფიციალურად ჩაატარონ წვრთნები „საკუთარ მიწაზე". ამასთანავე გამოცემა აღნიშნავს, რომ სხვა ნატოელი მოკავშირეები ამ ნაბიჯს მოერიდნენ, რათა მათი სამხედრო ნაწილები რუსული არმიის ცეცხლის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ, რაც კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევდა.
გარდა ამისა, შაპსმა ბრიტანულ თავდაცვის სფეროს მეწარმეებს უკრაინაში ახალი ქარხნების გახსნისკენ მოუწოდა. ამასთანავე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია ამ საკითხზებზე რა დასკვნამდე მივიდა ორივე მხარე.
გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ეს საკითხები ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთი ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც სიტუაციის ესკალაციის მიზეზი გახდება.
„ჯერ ეს დადასტურებული არაა. უკრაინაში არის საწვრთნელი ბაზა, სადაც ბრიტანელი ინსტრუქტორები არიან, თუმცა ის უკრაინულია. არ მგონია, რომ მსგავსი ბრიტანული ბაზა გაიხსნას, რადგან ბაზის გახსნა და ჯარის შეყვანა სხვა თემაა და ინსტრუქტორები და უკრაინელების მომზადება - სხვა.
„მე უფრო მგონია, რომ ეს სამხედროების მომზადების საკითხი იქნება და ბრიტანელების მიერ უკრაინელების სამხედრო გაწვრთნა რამდენად ეფექტიანია, ეს იმითაც ჩანს, თუ რას უშვრებიან უკრაინელები რუსების შავი ზღვის ფლოტს. დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანეთი უკრაინაში ასე პირდაპირ, ბაზით არ შევა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
ამასვე ფიქრობს ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, ბრიტანეთი თავს აარიდებს სიტუაციის დაძაბვას და თუ სამხედრო ბაზის გახნა ან არსებულის გაძლიერება სურს, ამას დე ფაქტოდ გააკეთებს.
„უკრაინელებს ოჩაკოვოში აქვთ სამხედრო ბაზა, სადაც ბრიტანელები საზღვაო დივერსანტებს ამზადებენ. ეს უფრო ბრიტანული ბაზაა, ყველაფერი მათ ხელშია. ამ ბაზას დე ფაქტოდ აკონტროლებენ, უკრაინელების უფრო ფორმალურადაა და შეიძლება ეს გააძლიეროს. ასე ოფიციალურად ბრიტანული ბაზისა და ჯარის შემოყვანას შესაძლოა რუსეთის საპასუხო დარტმები მოჰყვეს, ეს კი ნიშნავს, რომ ის ომში უნდა ჩაერთოს და ამის თავიდან ასარიდებლად ვფიქრობ, რომ ბაზის მართვა ისევ დე ფაქტოდ იქნება, ოღონდ გააძლიერებს. ჰიბრიდული ჩარევის ბევრი მეთოდებია და ყველა ვარიანტში თავს აარიდებს პირდაპირ ჩართვას", -განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
ახალი კონტრშეტევა სამხრეთში და დნეპრის ფორსირება
გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანასთან" აცხადებს, რომ ხერსონში უკრაინას დნეპრის ფორსირება ისედაც დაწყებული აქვს, თუმცა დარჩენილი „მშრალი პერიოდი" მათ არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ეს ბოლომდე მიიყვანონ. ზაპოროჟიეში კი უკრაინელები ისევ ვერბოვეს უტევენ და, კაპანაძის შეფასებით, არც რუსული თავდაცვის გარღვევისთვის არ ეყოფათ შემოდგომის ხელსაყრელი პერიოდი.
„ხერსონში უკრაინას დნეპრის ფორსირება დაწყებული აქვს. მდინარის მარცხენა ნაპირთან კუნძულია „კაზაკთა ბანაკი", სადაც უკრაინელები უკვე შესულები არიან, მაგრამ ფართომასშტაბიანი ფორსირება, მდინარის გადმოლახვა რასაც ჰქვია, ეს ძალიან რთული ოპერაციაა, რადგან მეორე მხარე რუსებს აქვთ დაკავებული.
„დნეპრი პატარა მდინარე არაა და ამას ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება. ვიცი, რომ ხერსონში უკრაინელების დაჯგუფებაა შექმნილი, მაგრამ ამას რამდენად განახორციელებენ, ეს სხვა თემაა, რადგან ძალიან მძიმე ოპერაცია იქნება.
„რაც შეეხება ზაპოროჟიეს, აქაც დიდ პერსოექტივას ვერ ვხედავ, რადგან ჯერჯერობით უკრაინელები 8 კმ-ზე არიან შესული და ჯერ კიდევ ვერბოვეს უტევენ, ჯერ ვერ აუღიათ და არა მგონია, რომ შემოდგომაზე რაღაც დიდი ცვლილებები იყოს. ახლა უბრალოდ ორივე მხარე ეცდება, რომ პოზიციები გაიუმჯობესოს ზამთრის კამპანიისთვის.
„ამინდი 2 კვირაში გაუარესდება და ეს დრო არ ეყოფათ. პატარა სოფელს რაბოტინოს თვენახევარი იღებდნენ და ამ ტემპით და იმ რუსული გაჯერებული თავდაცვის ფონზე, რომელიც მოწყობილი აქვს, შეტევა რთული იქნება",- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი გვეუბნება, რომ თუ უკრაინელები ზაპოროჟიეში დაიწყებენ აქტიურ შეტევას, შესაძლოა რუსეთის თავდაცვის რამდენიმე შრეც გაარღვიონ.
„უკრაინელები ამ კონტრშეტევას ახლა თუ მოასწრებენ, სანამ მზიანი დღეებია, თორემ მერე, წვიმები რომ წავა, უკვე გაუჭირდებათ. ორი, მაქსიმუმ სამი კვირა აქვთ, რომ ეს მოასწრონ. თუმცაღა ვფიქრობ, დნეპრის ფორსირება რთულია და ამ დროში ვერ მოესწრება. თუმცა ზაპოროჟიეში შეიძლება რამე მოასწრონ, ძალები შეიყვანონ და რუსების გარკვეული თავდაცვის ხაზი გაარღვიონ.
„დნეპრის ფორსირება, სამხედრო ხელოვნების კუთხით, იოლი საქმე არაა. ამას საბჭოთა არმიაც ვერ ახერხებდა. ამის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. ორივე მხარე ემზადება, რომ 2025 წლამდე იბრძოლოს და აქედან გამომდინარე, ჯერ სიტუაცია ბუნდოვანია", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".