თამთა ჩაჩანიძე
28.09.2023

მომავალი წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს - შესაბამის ბრძანებულებას ხელი უკვე მოეწერა. ამასთან, ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების უწყვეტი ნაკადი შეედინება ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებში, პარალელურად კი ბაქომ სტეპანაკერტის მთავრობის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ყარაბაღელი ლტოლვილების შედინების ფონზე, სომხეთში სიტუაცია დაძაბულია საპროტესტო გამოსვლების გამო და როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ პრორუსულმა ძალებმა ხალხის ეს მასა ფაშინიანის წინააღმდეგ და პროტესტის ტალღის უფრო გასააქტიურებლად გამოიყენონ.

ამასთან, როგორც მაისაია ამბობს, 120 ათასი მოსახლიდან შესაძლოა ნახევარი გადავიდეს სომხეთში, რადგან ნაწილმა აზერბაინჯანული პასპორტები უკვე მოითხოვა.

„ორი აზრი არაა, რომ ყარაბაღიდან გადასულ ხალხის ამ მასას სომხეთში პრორუსული ძალები გამოიყენებენ. ერევანში ახალი პრორუსული ძალებია, რომლებიც პირობითად „აირასტანის" ირგვლივ ერთიანდებიან და მეორეა წინა მმართველი ყარაბაღის კლანი - ექსპრეზიდენტების ქოჩარიანისა და სარქისიანის დაჯგუფება, რომელთა მიზანია, რომ გადატრიალება მოახდინონ და ბუნებრივია, რომ ამ ადამიანებს გამოიყენებენ.

„თავად ყარაბაღში მცხოვრები სომხების განწყობა ასეთია, რომ ისინი სომხეთის ხელისუფლებამ მიატოვა. ნაწილი კი რჩება ცხოვრებას აგრძელებს და აზერბაიჯანის პირობებს თანხმდება, რამდენიმემ აზერბაიჯანული პასოპორტები მოითხოვა კიდეც. დაახოებით 120 ათასი ადამიანია, მაგრამ მათი ნახევარი ყველა ვარიანტში სომხეთში გადავა. ამ მასის შესვლა კი ფაშინიანისთვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, თან ასეთი აგრესიულად განწყობილი მასის მართვა ადვილი არაა.

„როგორც ვიცი, ალიევი და ფაშინიანი 5 ოქტომბერს ესპანეთში ხვდებიან, სადაც ბევრი რამ გაირკვევა - ზანგეზურის დერეფნის თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ამბავი. რუსები ფაშინიანზე ძალიან გაბრაზებულები არიან, მან რუსულ სამხედრო ბაზის ყოფნის გამო გადასახადი მოითხოვა და რომის სტატუტს შუერთდა, ეს კი კრემლისთვის პირდაპირი გამოწვევაა და ბერკეტებს აამოქმედებს. ყველა ვარიანტში ფაშინიანის გადაყენებას შეეცდება.

„მგონია, რომ მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს, აზერბაიჯანის ადმინისტრაციული ერთეული გახდება, პოლიტიკურ ავტონომიას გააუქმებენ და შესაძლოა ალიევის ხელისუფლება კულტურულ ავტონომიას დათანხმდეს, მაგრამ მთავარი მართვის ცენტრი ყარაბაღში არ იქნება.

„აზერბაინჯანს ახლა ფაშინიანის გადაყენება საერთოდ არ აწყობს, რადგან ის სამშვიდობო ხელშეკრულების გარანტია. საზღვრის დემარკაციამდე შორია, ჯერ სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა დაიდოს და ამაზე მოლაპარაკებები მერე დაიწყება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

2024 წლის 1 იანვრიდან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა" აღარ იარსებებს. შესაბამის, 2-პუნქტიან ბრძანებას არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი 28 სექტემბერს მოაწერა. პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია" და არსებობას შეწყვეტს „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი"(არცახი). მეორე პუნქტის მიხედვით, ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის ამჟამად მის ფარგლებს გარეთ მყოფები, უნდა გაეცნონ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს და დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ ყარაბაღში დარჩენა-დაბრუნების საკითხი.

სომხეთის მონაცემებით, 65 000-ს გადააჭარბა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა. სომხეთის მთავრობის საიტზე 28 სექტემბრის, განახლებული ინფორმაციით, ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა 65 036 ადამიანი.

აზერბაიჯანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, მილიარდერ ბიზნესმენ რუბენ ვარდანიანს, მას ბრალად ედება ტერორიზმის დაფინანსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და საქმიანობაში მონაწილეობა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა" დავით ბაბაიანმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა.

„ყველამ იცით, რომ მე ვარ შეყვანილი აზერბაიჯანის „შავ სიაში" და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა ჩემი ბაქოში ჩასვლა შესაბამისი გამოძიებისთვის. გადავწყვიტე სტეფანაკერტიდან შუშაში ჩავსულიყავი. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გამოიწვევს დიდ ტკივილს, შფოთვას და სტრესს, პირველ რიგში, ჩემს ახლობლებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი გაიგებენ. ჩემი გამოუცხადებლობა, ან უარესი, ჩემი გაქცევა სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენს სულგრძელ ხალხს, ბევრ ადამიანს და მე, როგორც პატიოსან ადამიანს, შრომისმოყვარეს, პატრიოტსა და ქრისტიანს, ამის დაშვება არ შემიძლია. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი", - წერს ბაბაიანი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×