ელზა პაპოშვილი
27.09.2023

უკრაინელების შეტევა მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე - რუსების განადგურებული სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი. უკრაინის არმია  დონეცკის მიმართულებაზე წინ მიიწევენ.  უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  ბოლო მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე.

გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინულმა ავიაციამ 12 შეტევა განახორციელა. სარაკეტო ქვედანაყოფებმა კი 4 საარტილერიო დარტყმა მიაყენეს ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს. 

უკრაინულმა ავიაციამ სწორედ იმ ადგილებს დაარტყა, სადაც რუსების სამხედრო პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა იყო კონცენტრირებული. შედეგად განადგურდა მტრის სამეთაურო პუნქტი და მტრის საბრძოლო მასალის ორი საცავი.

აღსანიშნავია, რომ ოკუპანტებმა შვიდი სარაკეტო და 73 საავიაციო დარტყმა განახორციელეს უკრაინელების წინააღმდეგ. ასევე, მრავალჯერადი თავდასხმა მოხდა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტების მიმართულებით. ცნობისთვის, ოკუპანტებმა შეტევის დროს 37 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.    

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა უსაფრთხოების ძალებთან, სამართალდამცავებთან და სამხედროებთან ყოველდღიური საკონფერენციო საუბრის შემდეგ განაცხადა.

"მივიღე ანგარიში ფრონტზე არსებული სიტუაციის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების, სადაზვერვო მონაცემების შესახებ. ჩვენ წინ მივდივართ დონეცკის მიმართულებით. არის სხვა გეგმები, რომლებიც ხორციელდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ხერსონის რეგიონში რუსები აგრძელებენ ტერორს. კერძოდ, დღის განმავლობაში მტერმა რეგიონის ტერიტორიაზე 26 მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვა - "მე დავავალე ამ ტერორის შესაჩერებლად დამატებითი გადაწყვეტილებების მოძიება“, - დასძინა პრეზიდენტმა.   

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთმა, სავარაუდოდ, ომის დაწყების შემდეგ პირველად დაიწყო თავისი ახალი 25-ე კომბინირებული შეიარაღების არმიის ნაწილების განლაგება. ამ ფორმირებამ უკრაინაში გადასვლა აგვისტოს ბოლოს დაიწყო.

არსებობს ინფორმაცია, 25-ე არმიის ორი სამანევრო კომპონენტის რაზმი - 67-ე მოტომსროლელი დივიზია და 164-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა მონაწილეობენ ბრძოლებში სევეროდონეცკის და კრემენნაიას დასავლეთით, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვარზე.

ბრიტანეთის დაზვერვის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთი იშვიათად განათავსებდა არმიის მასშტაბის რეზერვებს, რომლებიც პოტენციურად ახალი ძირითადი შეტევითი ბიძგის საფუძველს წარმოადგენდა.

ანალიტიკოსების აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ 25-ე კომბინირებული არმიის ნაწილებმა აშკარად დაიწყო განლაგება "ნაწილებად" გაჭიმული ფრონტის ხაზის გასაძლიერებლად, რუსეთის ძალების ახალი კოორდინირებული შეტევა უახლოეს კვირებში ნაკლებად სავარაუდოა.  

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე ამბობს, რომ უკრაინული დანაყოფები ინტენსიურ შეტევაზე გადავიდნენ სამხრეთში, ზაპორიჟიას ოლქში. ბრძოლა ნოვოპროკოპივკას სიღრმეში მიმდინარეობს. ხოლო ამაზე თავად რუსებიც წერენ. 

მისი თქმით, აშკარაა უკვე არსებული გარღვევის ეფექტურ გამოყენებას ცდილობენ. შეტევა სინქრონულიაო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალაა ჩართული. 

„ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა დანაკარგები დიდი იყოს, მაგრამ იმ ფონზე, რომ რუსი მცველები გადაღლილები არიან და როტაციისათვის საკმარისი ცოცხალი ძალა აღარ ჰყავთ, ახლა ამ შეტევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მომდევნო დღეებში გამოჩნდება მეტი დეტალი. 

“ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ამერიკული აბრამს ტანკები უკვე უკრაინაშია. სავარაუდოა, რომ მათ ფრონტის ხაზზე რამდენიმე დღეში აქტიური მოქმედებებით ვიხილავთ. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და თავდაპირველად მხოლოდ მცირე რაოდენობაზეა საუბარი. თუკი მისი ეფექტურობა დადგინდა დამატებით კიდევ ჩავა ისინი. რუსებმა უკრაინელებს შემოუთვალეს, მაგ ტანკებსაც დავწვავთო. 

“სოროკინეში, ლუგაკნსკის ოლქში კი რუსეთის საზღვართან რუსული იარაღის საწყობი დაიბომბა და განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსები საზღვრისპირა ტერიტორიებზე, ფრონტიდან 200-250 კმ-ს დაშორებით ასაწყობებენ თავიანთ ამუნიციას, მაინც, უკრაინელები მაინც სწვდებიან მათ“,-ამბობს კობერიძე. 

მისივე თქმით, კვლავ დაიბომბა კურსკისა და ბელგოროდის ოლქები. დაზუსტებით არაა ცნობილი რა იყო უკრაინელთა სამიზნე, მაგრამ ზოგიერთი რუსული არაფორმალური წყარო უკრაინულ იერიშზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კურსკის ოლქში კვლავ ასაფრენი ბილიკი იყო სამიზნე, ხოლო ბელგოროდის ოლქში ენერგო ინფრასტრუქტურა. 

„რაც შეეხება ყირიმს, უკვე ერთი კვირაა აფეთქებები არ წყდება. ამჯერადაც, სამიზნე სევასტოპოლთან ერთად ჯანკოიცაა. გამუდმებული იერიშები, თუნდაც დრონების გამოყენებით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გადატვირთვასა და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგის შემცირებაზეა ორიენტირებული, ხოლო ამ გადატვირთვისას უკრაინელებმა კვლავ შეიძლება გააპარონ და ზუსტად მოარტყან სამიზნეს თავიანთი ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტები“,-ამბობს კობერიძე.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×