ნაზი ბერიძე
22.09.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებაზე, ახალ სამოქმედო გეგმასა და აშშ-სთან ერთად თანამედროვე უკრაინული იარაღის წარმოებაზე საუბრობს. თუ შეიარაღება არსებობს და თუ მათ შორის სტრატეგიული სამხედრო კომპლექსური გეგმა, სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" მსგავსი სცენარის განვითარებას არ გამორიცხავენ, რაც უკრაინის კონფლიქტში გარდამტეხი აღმოჩნდება.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები მალე ქალაქ ბახმუტს და უკრაინის კიდევ ორ ქალაქს რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლებენ.

„ჩვენ მოვახდენთ ბახმუტის დეოკუპაციას. ვფიქრობ, კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციას მოვახდენთ", - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ ქალაქებს გულისხმობდა.

„არ გეტყვით რომელი ქალაქებია, ბოდიში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გეგმა. ძალიან, ძალიან კომპლექსური გეგმა," - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა აშშ-სტან ერთად თანამედროვე იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებას დაიწყებს.

„გრძელვადიანი შეთანხმება - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე. თავდაცვის ინდუსტრიაში ერთობლივი წარმოება შეერთებულ შტატებთან ისტორიული რამ არის. ჩვენ ვემზადებით შეერთებულ შტატებთან ერთად იარაღის წარმოებისთვის ახალი თავდაცვის ეკოსისტემის შესაქმნელად, რათა ერთად კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავისუფლება და სიცოცხლის დაცვა. ამას ექნება გლობალური დადებითი შედეგები," - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ბახმუტს საბრძოლო მოქმედებების გრავიტაციის ცენტრს უწოდებს, ამასთან ამბობს, რომ გარღვევა დაფიქსირდება მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.

„პირველ რიგში, ბახმუტის გათავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის გადაიქცა გრავიტაციის ცენტრად. ფაქტობრივად, ის არის სიმბოლო საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისა.

მეორე, ეს ორი ქალაქი შეიძლება იყოს, მელიტოპოლი და ბერდიანსკი. ამ ორი ქალაქის გათავისუფლებაზეა საუბარი და მერე გასვლა მარიუპოლის მიმართულებით, აზოვის ზღვისკენ.

რამდენად იქნება ეს გარდამტეხი კონფლიქტში? თუ გეგმა არსებობს და თუ შეიარაღება იქნება, სავსებით რეალურია გარდატეხაც მოხდეს," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ბახმუტს მორალურ-ფსიქოლოგიურ დატვირთვას ანიჭებს, თუმცა, მისი აზრით, ერთ-ერთი დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი, რომელიც ზელენსკის ჰქონდა ალბათ მხედველობაში, ტოკმაკია.

„ბახმუტზე ადრეც მითქვამს, რომ ეს უფრო ემოციურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლებული პუნქტი. მას რაღაცა სამხედრო ფასეულობა არ გააჩნია, თუმცა ეს მორალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი უკრაინის შეიარაღებული ძალებითვის.

„რაც შეეხება სხვა დანარჩენ 2 ქალაქს, ნამდვილად ვერ გეტყვით რომელია ეს ქალაქები, მაგრამ ლოგიკით და ყველა ასპექტით ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებად ტოკმაკი რჩება და ტოკმაკი თუ გაათავისუფლეს, ეს იქნება უკრაინელებისთვის ძალიან დიდი მიღწევა.

„დასახლებულ პუნქტებს რაც შეეხება, ქალაქია, სოფელი თუ დაბის ტიპის დასახლებული პუნქტი, ძნელი გასარჩევია, იმიტომ რომ იქ ყველა ერთმანეთზეა გადაბმული. ასე რომ, შეიძლება რომელიმე არაფრის მომცემი დასახლება იყოს, მაგრამ უკრაინელებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა სანტიმეტრი მიწა მნიშვნელოვანია. მე ვთვლი რომ ამ ეტაპზე უკრაინელებითვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ტოკმაკია.

„შემოდგომაზე, ოქტომბრიდან ალბათ უფრო იქნება პოზიციური დაპირისპირებები. ბახმუტის გათავისუფლება გადამწყვეტი არ იქნება უკრაინისთვის, ტოკმაკის - კი, რადგან ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მარიუპოლსა და მელიტოპოლზე გასასვლელად," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, მთავარია ბრძოლის ისეთი ინტენსივობის შენარჩუნება, რაც რუსებს გამოფიტავს.

„ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ უკრაინას, რა თქმა უნდა, აქვს კომპექსური გეგმა ყველაფრის გათავისუფლების, მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ ამ ომში უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ საჭიროა მაღალი ინტენსივობის ბრძოლის შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, რადგან ადრე თუ გვიან რუსეთის თავდაცვა ვერ გაუძლებს და ჩამოიშლება.

„რაც შეეხება ბახმუტს, მან დიდწილად სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ამ ქალაქის გათავისუფლება ითვლება აღმოსავლეთის ფრონტზე გარდატეხის შეტანად," -განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×