ზელენსკის მიერ გაეროში გაკეთებული განცხადებით გაბრაზებული პოლონეთი იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს
ნაზი ბერიძე
21.09.2023

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის. მატეუშ მორავეცკის თქმით, სანაცვლოდ, პოლონეთი ყურადღებას საკუთარი ქვეყნის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე გაამახვილებს. ორ ქვეყანაშ შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინული მარცვლეულის აკრძალვის გამო ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პოლონეთის შესახებ ირიბად აღნიშნა, რომ შესაძლოა „ზოგიერთი ქვეყანა ევროპაში რუსულ თამაშს თამაშობდეს".

ამასთან, 2023 წლის მაისში ევროკავშირის მიერ მიღებულმა შეზღუდვებმა საშუალება მისცა პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომ აეკრძალათ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი. შემდგომში, ევროპულმა კომისიამ ეს შეზღუდვა სპეციალურად უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის მოხსნა, თუმცა უნგრეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა ცალმხრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაეეუქმებინათ.

უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამ ქვეყნების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რადგან, კიევის მტკიცებით, ისინი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევენ. პოლონეთმა განაცხადა, რომ იმპორტზე აკრძალვას არ გააუქმებენ და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეტანილი საჩივარი მათზე გავლენას არ მოახდენს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მორავეცკის განცხადება პოლონეთში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება.

„არა მგონია, რომ ასე დრამატულად იყოს საქმე. მგონია, რომ ეს პოლონეთის შიდა პრობლემებია. პოლონეთში ახლა არის წინასაარჩევნო კამპანია. საერთოდ პოლონურ საზოგადოებაში არსებობს ანტიუკრაინული განწყობა, არა ამ ომის გამო, არამედ ზოგადად პოლონელებს და უკრაინელებს შორის ოდითგანვე იყო პრობლემები, ეს მოდის მე-18, მე-19 საუკუნეებიდან და ძალიან მძაფრად ეს განხორციელდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ. ძალიან სერიოზული დაპირისპირება იყო პოლონელ და უკრაინელ ხალხებს შორის, სისხლისღვრაც იყო სერიოზული, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის წლებში. მაგრამ ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოციალისტურ ბანაკში მოხვდა ორივე, ამიტომ კომუნისტურმა რეჟიმმა ეს ყველაფერი ჩაფარცხა.

„მათ შორის დაძაბულობა ისტორიულია, მიუხედავად ამისა უკრაინელები და პოლონელები გაერთიანდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახლა, როცა რუსეთმა განახორციელა აგრესია უკრაინაზე. მაგრამ ვინაიდან პოლონეთში დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ამიტომ რათა ხმები არ წავიდეს ნამდვილ პოლონელ ნაციონალისტებთან, რომლებიც მართლა ვერ იტანენ უკრაინელებს - არიან ასეთებიც - ამიტომ მე მგონი ხელისუფლებამ მოინდომა ამ ხმების თავისთან დატოვება. არჩევნების შემდეგ პოლონეთი კვლავ დაუბრუნდება ნორმალურ ურთიერთობას უკრაინასთან.

„ამიტომ უკრაინაც არ ნერვიულობს, თვითონაც შეიტანა სარჩელი, აქედან უნდა გამოვყოთ მარცვლეულის საკითხი. მარცვლეულის საკითხს არაფერი საერთო არა აქვს არჩევნებთან, მარცვლეული სხვა პრობლემაა, მარცვლეულის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა რუმინეთსა დაქ ბულგარეთშიც. მათ თავისი მარცვლეული გააჩნიათ და არ უნდათ, მათ ფერმერებს იაფმა უკრაინულმა მარცვლეულმა კონკურენცია გაუწიოს. აქ სხვა პრობლემაა და ამიტომ მარცვლეულის მიმართ არის რეალური საბაზრო დამოკიდებულება.

„მაგრამ იარაღი არის ცოტა პოლიტიკური საკითხი, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ახლა პოლონეთი თავის იარაღს არ აწვდის, მაგრამ პოლონეთიდან შედის მთელი იარაღი, რასაც უკრაინა ღებულობს მსოფლიოდან. იქ არის სპეციალური ბაზა, სადაინაც შედის იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე. ეჭვი არ მეპარება, რომ პოლონეთი ამას ხელს არ შეუშლის. პოლონეთის იარაღის მიწოდება, ბუნებრივია, არის მნიშვნელოვნად მცირე ვიდრე დანარჩენი მსოფლიოს მიერ მიწოდებული შეიარაღება. ანუ პოლონეთის მიერ გაკეთებული განცხადება კი ჟღერს მკაცრად და პრინციპულად, სინამდვილეში, ემსახურება წინასაარჩევნო კამპანიის ამოცანებს," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაქარეიშვილმა.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩიაც „რეზონანსთან" პოლონეთის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.

„ბევრი მიზეზია, მაგრამ ერთ-ერთი არის ის, რომ პოლონეთში მოახლოებულია არჩევნები და სასწორზე დევს მმართველი პარტიის ბედი, რომელიც ზოგადად მხარს უჭერს უკრაინას მთლიანად, ბოლო წლების განმავლობაში, მხარს უჭერს მისი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და გააკეთა ყველაფერი, მათ შორის იარაღის მიწოდება, ეკონომიკური თუ სოციალური დახმარება. მაგრამ, მეორე მხრივ, უკრაინული მარცვლეულის შესვლა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ფერმერებს, რომლებმაც ვერ გაყიდეს თავის დროზე ხორბალი, ეგონათ რომ უფრო კარგ ფასში გაყიდდნენ მოგვიანებით, ამასობაში შემოვიდა უკრაინული ხორბალი, რომელიც უფრო იაფია. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ეს პრობლემა, რაც არსებობს უნგრეთშიც და სლოვაკეთშიც, სადაც ადგილობრივი ფერმერები ვერ ყიდიან ხორბალს იმიტომ, რომ უკრაინულ ხორბალს უფრო დაბალი ფასი აქვს.

„ბუნებრივია, ეს შემდეგ აისახება პოლიტიკურ პარტიებში და ეს ფერმერები და ინტერესთა ჯგუფები აიძულებენ მმართველ პარტიას, რომ დაიცვას მათი ინტერესები. სწორედ ამით არის განპირობებული პოლონეთის ხელისუფლების პოზიცია.

„ბუნებრივია უკრაინა ამაზე არ თანხმდება, რადგან მიაჩნია რომ მას აქვს ამის უფლება, მით უმეტეს ომის დროს, ამიტომაც შეიტანა სარჩელი, რომ მას უზღუდავენ უფლებას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, გაუგებრობას სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რა თქმა უნდა, კარგი არ არის და ამით მხოლოდ მოსკოვი ხეირობს.

„რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ბუნებრივია პოლონეთის და უკრაინის ურთიერთობების გაცივება წარმოუდგენელია, იმიტომ რომ პოლონეთი არის სახელმწიფო ვინც ზურგს უმაგრებს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და მის გარეშე უკრაინას ძალიან გაუჭირდება საკუთარი მიზნების განხორციელება. ამიტომ ალბათ კომპრომისული ვარიანტი უნდა იყოს გამონახული საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ან დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, იმიტომ რომ აქედან ვერცერთი მხარე ვერ იქნება მოგებული, ამ ორმხრივი დაპირისპირებიდან," - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი „რეზონანსთან" უკრაინა-პოლონეთის პოლიტიკურ დაძაბულობას უსიამოვნო ფაქტად აფასებს, რაც არ იქნება უკრაინისთვის ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკურ გლობალურ ასპარეზზე.

„ძალიან უსიამოვნო მოვლენაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პოლონეთი წარმოადგენდა უკრაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარდამჭერს ამ კონფლიქტში. ჯერ ერთი ჰუმანიტარული პრობლემების დროს, ლტოლვილთა მასამ სწორედ პოლონეთის მეშვეობით შეძლო თავის დროზე თავი დაეღწია პრობლემებისათვის. ხოლო შემდეგ უკვე საომარ პირობებში დასავლეთის ქვეყნების დახმარება, მნიშვნელოვანწილად სწორედ პოლონეთის მეშვეობით ხორციელდება, ლაპარაკია ტვირთების ტრანზიტზე, რითაც მარაგდებოდა უკრაინა, ახლა ეს დაძაბული სიტუაცია ქმნის ამგვარი კონსტრუქციისათვის შეფერხებებს. ამიტომ ეს ძალიან უსიამოვნო მოვლენაა.

„პრობლემა ის გახლავთ რომ რაღაცნაირად ამ მძიმე დაპირისპირების პირობებში მხარებმა ალბათ უნდა მოძებნონ კომპრომისული შეთანხმება, რომელიც საშუალებას მისცემდა არა მარტო სახე შინარჩუნონ არამედ ერთმანეთთან ურთიერთობის პრინციპული მომენტები გაითვალისწინონ, რაც მე უკვე მოგახსენეთ. და იარსებოს ქვეყნებს შორის ნორმალურმა დამოკიდებულებამ

„პოლონეთი მოგეხსენებათ ნატოს წევრი ქვეყანაა, ამიტომ ალიანსის ყველა გადაწყვეტილება სხვა მოთამაშეებთან ერთად პოლონეთზეც არის დამოკიდებული. ამიტომ უკრაინისთვის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ქვეყანა თავისი წარსულით, თავისი გამოცდილებით რომელიც ასე ვთქვათ სერიოზულ მხარდამჭერს წარმოადგენდა, არ იყოს დაკარგული მისთვის," - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღაღიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×