სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბექა ქურხული
    30.09.2009

    ამის შესახებ ცნობებს აზერბაიჯანული გამოცემა "ექო" ავრცელებს დაღესტნელი მოჯაჰედების ვებ-გვერდზე დაყრდნობით. ამ წყაროს ცნობით, მოჯაჰედები აზერბაიჯანს "მეორე ფრონტის" გახსნით ემუქრებიან. საიტი არ გამორიცხავს აზერბაიჯანთან მიმართებაში, ე.წ. "საქართველოს ვარიანტის" გამოყენებას, როდესაც აზერბაიჯანს "ყარაბაღის გარდა, თავისი ტერიტორიის კიდევ 7-12 რაიონის დაბრუნებაზე მოუწევს მოლაპარაკების გამართვა".
    ნიშანდობლივია, რომ ორიოდე დღის წინ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა აზერბაიჯანი ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეთა აქტიურ დახმარებაში დაადანაშაულა. მართალია, კადიროვი საქართველოსაც ახსენებდა, მაგრამ ძირითადი აქცენტი ამჯერად აზერბაიჯანზე ჰქონდა. მისი თქმით, ჩრდილოკავკასიელ მოჯაჰედებს იარაღი ძირითადად აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიეწოდება.
    ისტორიული საინგილოს, ან თუ გნებავთ ჰერეთის, სამ რაიონს, ბელაქანს, ზაქათალასა და კახს, აღმოსავლეთით ნუხის რაიონი ესაზღვრება სადაც ძირითადად, დაღესტნური ეთნიკური ჯგუფები, ლეზგინები (იგივე ლეკები), ავარები (ხუნძები) და წახურები ცხოვრობდნენ. დაღესტანელებსა და აზერბაიჯანელებს ტრადიციულად საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში. რამდენჯერმე სერიოზული შეტაკებაც მოხდა, მაგალითად ორიოდე წლის წინ ნუხის რაიონის სოფელ ყობახჩოში. ეს კონფლიქტი, შემდეგ ჩაიფარცხა და მდგომარეობა თანდათან დასტაბილურდა, თუმცა დაძაბულობა ამ ხალხებს შორის მაინც ყოველთვის იგრძნობოდა.
    ამ ბოლო დროს კი სიტუაცია დაღესტნიდან, ლეკებით დასახლებულ ტერიტორიაზე გადმოსულმა მოჯაჰედებმა გაართულეს. მათ რამდენჯერმე დაარღვიეს აზერბაიჯან-რუსეთის საზღვარი, რასაც აზერბაიჯანელ მესაზღვრებთან და სამხედროებთან შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა. დაღესტნელი ბოევიკები აცხადებენ, რომ დაღესტნური ეთნიკური ჯგუფები, "ლეზგინები, ავარები და წახურები სისტემატიურად იჩაგრებიან. აზერბაიჯანი მიზანმიმართულ რეპრესიებს ატარებს ამ ხალხების მიმართ და ცდილობს მათ ასიმილირებას".
    "ფაქტიურად მთელი რაიონი ბლოკირებულია აზერბაიჯანული სამხედროებისა და სპეცდანიშნულების რაზმების მიერ. რაიონში შეყვანილია ტანკები და ჯავშანმანქანები. მობილიზებულია ადგილობრივი პოლიცია. სასაზღვრო ზონა გაძლიერებულია დამატებით სამხედრო კონტინგენტით, რომლებიც ავიწროებენ ადგილობრივ მოსახლეობას. მკვიდრი მოსახლეობა - ლეზგინები, ავარები და წახურები უკვე უკიდურეს მდგომარეობაში არიან და ნებისმიერ წამს შეიძლება იარაღი აიღონ ხელში", - აცხადებს იგივე "ჯამაათ შარიათი".
    აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის რასიმ აგაევის აზრით, აქ ძალიან ადვილია დაღესტნელ მოჯაჰედებსა და სომეხ ნაციონალისტთა შორის კავშირის დანახვა. აგაევი თვლის, რომ მსგავსი მოვლენების განვითარებით აზერბაიჯანის ჩრდილოეთით პირდაპირ არის დაინტერესებული სომხეთი, რომელიც იმედოვნებს, რომ "დამატებითი პრობლემის შემთხვევაში, აზერბაიჯანის მხარე, ოფიციალური მოლაპარაკებების დროს უფრო დამთმობი გახდება და გაცილებით მეტ კომპრომისზე წავა".
    აზერბაიჯანელმა ექსპერტმა იქვე გაიხსენა 90-იანი წლების შუა ხანში განვითარებული მოვლენები "როდესაც, ავადსახსენებელი ცნობილი ლეკური მოძრაობა "სადვალი", სომეხ სეპარატისტებთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, აწყობდა ტერაქტებს ბაქოში და ა.შ."
    "თუ მეხსიერება არ მღალატობს ვინმე ასლანოვმა, სომხეთის დაზვერვის დავალებით, რამდენიმე ტერორისტული აქტი მოაწყო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. სომეხ სეპარატისტებს და მათ რადიკალურ ფრთას - ტერორისტულ ჯგუფებს ყოველთვის ჰქონდათ კავშირი ანალოგიური ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის "ალ-ქაიდასთანაც", - ამტკიცებს რასიმ აგაევი.
    რაც შეხება ე.წ. მოჯაჰედ-ანსარებს, აზერბაიჯანელი ექსპერტის სიტყვებით, "ეს ჩვეულებრივი ბანდფორმირებებია, რომლებსაც არანაირი კავშირი არა აქვთ დაღესტნელ ხალხებთან - ლეზგინებთან, ავარებთან და წუხარებთან, რომლებიც აზრბაიჯანის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, დაკავებული აქვთ ხელმღვანელი პოსტები და ყველა უფლებით და პრივილეგიებით სარგებლობენ".
    აზერბაიჯან-რუსეთის საზღვარზე შეიარაღებულ შეტაკებასთან დაკავშირებით "რეზონანსმა" კომენტარი სთხოვა სამხედრო ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს.
    "აზერბაიჯანის ამ ტერიტორიაზე თავისი ინტერსები რუსეთს აქვს. რაც შეეხება სომხეთს, ცნობილია, რომ მის ინტერესებს იმიერკავკასიაში ასევე რუსეთი ლობირებს. სწორედ რუსეთს უნდა აზერბაიჯანზე ზემოქმედებისათვის, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გარდა, სხვა დამატებითი მექანიზმებიც გააჩნდეს.
    "ეს მეთოდი რუსეთს ძალიან კარგად აქვს აპრობირებული საქართველოშიც. მე დიდი ხანია ვამბობდი, რომ რუსეთი შეეცდება, ჩრდილოეთ კავკასიიდან, სადაც მას უკიდურესად აქვს გართულებული მდგომარეობა, ბოევიკები სამხრეთით - აზერბაიჯანის და საქართველოს მხარეს გამოდენოს. ამით რუსეთი ორ კურდღელს დაიჭერს. პირველი - შექმნის ამიერკავკასიაში დამატებით დაძაბულობის კერებს, სიტუაციის გართულების შემთხვევაში კი ჯარების რეგიონში შემოყვანის საბაბი გაუჩნდება; მეორე - ამიერკავკასიის რესპუბლიკებს კერძოდ კი საქართველოსა და აზერბაიჯანს აიძულებს გაამკაცროს კონტროლი თავის ჩრდილოეთ საზღვრებზე, რაც მოჯაჰედებს გაურთულებს ამ რეგიონში მოძრაობას და შეაფრეხებს აზერბაიჯანის მხრიდან იარაღის ჩრდილოეთ კავკასიაში გადინებას.
    "გავიხსენოთ პანკისის ხეობის პრობლემა და პუტინის მუქარა. მეტიც, შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობა რუსეთმა რამდენჯერმე დაბომბა. საბოლოოდ პანკისის ხეობის პრობლემა მოგვარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პანკისის ხეობაში ეუთოს დამკვირვებლები ჩავიდნენ. ალბათ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვისაც უპრიანი იქნებოდა თავისი ჩრდილოეთ საზღვრის გასაკონტროლებლად უცხოელი დამკვირვებლები მოეწვია. თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლება ერიდება ასეთი ნაბიჯის გადადგმას, რადგან არ უნდა რუსეთის გაღიზიანება. ბაქოს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ კრემლი მას ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. თუმცა ვფიქრობ ეს იმედი საკმაოდ უსაფუძვლოა, რადგან რუსეთს კავკასიაში პრობლემის მოგვარება კი არა, სწორედ გამუდმებული დაძაბულობის კერების არსებობა უნდა", - განაცხადა სესიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter