ნაზი ბერიძე
25.05.2023

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტიდან ძალების გაყვანას გეგმავს და პოზიციების რუსეთის არმიისთვის გადაცემას აპირებს. სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" პრიგოჟინის ამ გადაწყვეტილებას აფასებენ, როგორც ახალი ძალების მოკრებისა და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი სამხედრო პოტენციალის შენარჩუნებას.

„დღეს ბახმუტიდან გაგვყავს ქვედანაყოფები. ახლა დილის 5 საათია. 25 მაისი. 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილები უკანა ხაზის ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს ვუთმობთ," - თქვა პრიგოჟინმა.

მან გავრცელებულ ვიდეოში გამოაჩინა ვაგნერის ორი წევრი, რომლებმაც, ბახმუტის აღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მისი თქმით, ის მათ დაუტოვებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, „თუ სამხედროებს გაუჭირდებათ".

პრიგოჟინმა 20 მაისს განაცხადა რომ მისმა ძალებმა ბახმუტი სრულად დაიკავეს.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" „ვაგნერის" ამ ნაბიჯის უკან ხედავს მხოლოდ დიდ სამხედრო დანაკარგებს და დაჯგუფების რეფორმირების აუცილებლობა.

„პრიგოჟინის „ვაგნერმა" ამოწურა ძირითადი საბრძოლო პოტენციალი ბახმუტის დასაკავებლად რამდენიმეთვიანი ბრძოლების შემდეგ. საბოლოოდ მიაღწია ამას, დანგრეული ბახმუტი დაიპყრო ძირითადად „ვაგნერის" ამ შენაერთმა მაგრამ თავად პრიგოჟინის აღიარებით, მათ დაკარგეს 20 000 ადამიანი, მათგან 10 000 ვინც შტატში იყო, ანუ პროფესიონალი, ასევე 10 000 იმ 50 000 პატიმრიდან, რომლებიც ციხეებიდან გამოუშვეს „ვაგნერის" დასახმარებლად.

„თუმცა რუსეთში თვლიან, რომ „ვაგნერის" დანაკარგი თითქმის ორჯერ მეტია არამედ 40 000-მდე, რაც უზარმაზარი რიცხვია. ამის შედეგად ვაგნერის საბრძოლო მზადყოფნა მნიშვნელოვნად დაეცა. ამიტომ პრიგოჟინი იძულებულია გაიყვანოს „ვაგნერი" ზურგში, რათა მოახდინოს მისი რეფორმირება, გადაიარაღება და ძალების აღდგენა," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

სამხედრო ექსპერტი ლაშა ბერიძე „რეზონანსს" ეუბნება, რომ პრიგოჟინი მარცხისთვის ემზადება, რაც არ უნდა, რომ დაიბრალოს და თავისი სამხედრო ძალების შენარჩუნებას ცდილობს, რაც რუსეთის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებში დასჭირდება.

„პრიგოჟინი არ ემზადება ამ ომში მოგებისთვის, ის ემზადება დამარცხებისთვის, ცდილობს, რომ თავისი ძალები ახლა მაქსიმალურად დაზოგოს, რათა ამ ომში მარცხის შემდეგ შეძლოს უკვე თავისი თავი წარმოაჩინოს ომის გმირად.

„პრიგოჟინი ფიქრობს, რომ ზენიტშია, მაქსიმალური შეასრულა, ბახმუტში თუ ის ახლა გააგრძელებს ბრძოლას, ძალიან კარგად იცის, რომ მისი ქვედანაყოფები განადგურდება და ფაქტიურად ისეთი დამარცხებული იქნება, როგორც ნებისმიერი სხვა.

„ამიტომ ბახმუტიდან გასვლით, შეინარჩუნებს ძალებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს უკვე რუსეთის შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებში. ძალა ეყოლება, ქვედანაყოფის ძალა, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა განსხვავებით რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან, რომელმაც ომი წააგო.

„პრიგოჟინს არ უნდა, რომ ამ ომის წაგება რაიმე სახით დაიბრალოს, რაც იმას ნიშნავს რომ ომის შემგომი პერიოდისთვის ემზადება ყველა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ საკმარისი ხალხი, უჭირთ მართვა და კონტროლი, შესაბამისად, იმედი მაქვს მეტ ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს ვიხილავთ გათავისუფლებულად," - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×