თამთა ჩაჩანიძე
26.03.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხდებს, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამისთვის სპეციალური საწყობის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და 1-ლი ივლისისთვის დასრულდება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ანალიტიკოსის, ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, პუტინის შანტაჟის სტრატეგია შემდგომ მწვავე ფაზაში გადავიდა და თეორიულად დასაშვებია, რომ ასეთმა ნაბიჯებმა ადრე თუ გვიან მსოფლიოს ბირთვული დაპირისპირებისკენ უბიძგოს.

თუმცა მენაღარიშვილი ასევე ამბობს, რომ პუტინი „რატომღაც მთლად ისეთი გიჟიც არ უნდა იყოს, რომელიც პირდაპირ თვითმკვლელობაზე წავა".

აღსანიშნავია, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საგანგებო განცხადება გაავრცელა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა. მასში ნათქვამია, რომ პენტაგონიც ვერ ხედავს რაიმე ნიშანს იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.

როგორც ვლადიმერ პუტინი რუსულ სამთავრობო მედიასთან ახადებს, ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე განლაგებულია 10 თვითმფრინავი, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთმა ბელარუსს „ისკანდერის" სარაკეტო სისტემაც გადასცა, რომლითაც ასევე შეიძლება ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტების გაშვება.

პუტინი აცხადებს, რომ იარაღი შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე განლაგდება. ბელარუსი კი დიდი ხანია ითხოვს თავის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.

„3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1-ლ ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამას გავაკეთებთ ჩვენი ვალდებულებების დარღვევის გარეშე. ხაზს ვუსვამ - ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე. ჩვენ უკვე დავეხმარეთ ჩვენს ბელარუს კოლეგებს მათი თვითმფრინავების აღჭურვაში. 10 თვითმფრინავი მზადაა ამ ტიპის იარაღის გამოსაყენებლად", - განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება პენტაგონს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშნები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ამასთან, პენტაგონი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შეცვლის მიზეზს ვერ ხედავს.

„ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს, რომ ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიცია შევცვალოთ და არც რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ვრჩებით ნატო-ს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული", - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ესაა მუქარა ნატოს მისამართით და პუტინის ბირთვული შანტაჟის გაგრძელება.

„ეს შანტაჟის სტრატეგიის შემდგომი გაღრმავებაა. საფრთხე უპირველეს ყოვლისა ისაა, რომ ადრე თუ გვიან ამან შეიძლება სიტუაცია წონასწორობიდან გამოიყანოს და მსოფლიოს ბირთვული დაპირისპირებისკენ უბიძგოს.

„რაც შეეხება ბელარუსში განლაგებას, ესეც მისი ამ შანტაჟის სტრატეგიის ნაწილია - ამით აცხადებს, რომ ვითომ ბელარუსს დაიცავს, თუმცა რა საფრთხე ემუქრება ბელარუსს, გაუგებარია. ბელარუსთან დაკავშირებით არავინ არაფერს არ აპირებს, თუ ის თვითონ რაღაც უპასუხისმგებლო ქვეყანასავით მახეში არ გაებმება", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

კითხვაზე, ლოკაციურად რა მნიშვნელობისაა ბელარუსი, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება აქ გადაწყვიტეს, მენაღარიშვილმა გვითხრა, რომ ეს ნატოს მისამართით შანტაჟის ნიშნებსაც შეიცავს.

„ვერ გეტყვით. ბელარუსი ცენტრალური ევროპის სახელმწიფოა, რომელიც ნატოს წევრი ბევრი სახელმწიფოს მეზობელია - ლიეტუვა, პოლონეთი და ა.შ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა რომელიმე რუსმა გენერალმა ჩათვალოს, რომ ეს დარტყმის განსახორციელებლად მოსახერხებელი ადგილია, თუმცა ამას მხოლოდ ვვარაუდობ და არანაირი მონაცემები არ მაქვს", - ამბობს მენაღარიშვილი „რეზონანსთან".

მისივე თქმით, თეორიულად დასაშვებია, რომ კუთხეში მიმწყვდეული პუტინი ამ იარაღის გამოყენებაზე წავიდეს.

„თეორიულად დასაშვებია... პუტინი დაბალანსებული პიროვნება არაა, ამას უკვე ყველა ხედავს. მაგრამ რატომღაც მთლად ისეთი გიჟიც არ უნდა იყოს, რომელიც პირდაპირ თვითმკვლელობაზე წავა. არადა ამ ნაბიჯის გადადგმა პირდაპირ რომ ამას ნიშნავს, ვფიქრობ მისთვის კარგადაა ცნობილი.

„მას რომ ომი ფაქტიურად წაგებული აქვს, მის ირგვლივ სამხედრო სპეციალისტებისთვის კარგა ხანია ცნობილია. ყველაზე მძიმე დარტყმა, რაც პუტინმა მიიღო, ეს ჰააგის გადაწყვეტილება იყო. ამის შემდეგ დიმიტრი მედვედევი ბირთვული დარტყმით სასამართლოსაც კი ემუქრებოდა. ეს აგონიაა.

„პუტინის თავში შეიძლება ბევრი შიში ტრიალებდეს. შიში იმისა, რომ შეიძლება, რომელიმე ძალოვანმა მინისტრმა, ან ძალოვანი სამსახურის ხელმძღვანელმა ტახტიდან უბრალოდ ჩამოადოს, ან სიცოცხლეს წაართვან, ამგავრი შიშები ბევრი შეიძლება ჰქონდეს", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×