თამთა ჩაჩანიძე
22.03.2023

ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობა ისე გამწვავდა, რომ სიტუაცია დიდი ომის ზღვარზეა. თეირანი იმუქრება, რომ თუ აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს და ზანგეზურის ბლოკპოსტთან განლაგებულ ირანის სამშვიდობოებს თავს დაესხმება, არაა გამორიცხული, რომ ბაქოზე სარაკეტო იერიში მიიტანოს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ირან-აზერბაიჯანს შორის სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, თუმცა ამის მიუხედავად კავკასიაში დიდი ომის საფრთხე არაა.

როგორც ემიგრაციაში მყოფი ირანელი ჟურნალისტი, სამხედრო ანალიტიკოსი ბაბაკ თაღვაე ტვიტერზე წერს: „აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანმა ზანგეზურის დერეფანში თავისი ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკვე გაგზავნა, ბოლო სასაზღვრო პუნქტში, რომელიც სომხეთს გარე სამყაროსთან აკავშირებს, რადგან აზერბაიჯანის არმია სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება, სომხეთის სრული ბლოკადისთვის".

აღსანიშნავია, რომ ეს პოსტი 2023 წლის 22 მარტითაა დათარიღებული, ამ ინფორმაციას ვიდეოც ერთვის, სადაც სავარაუდოდ რამდენიმე სამხედრო ჯავშანმანქანა და ავტომობილია თავმოყრილი და ამასთან ადამიანები გადაადგილდებიან.

წყარო ასევე წერს, რომ „ირანის ჩრდილო-დასავლეთით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო კოსმიური ძალების ბალისტიკური სარაკეტო ბაზები მზადყოფნაშია ბაქოზე ნებისმიერი შესაძლო სარაკეტო დარტყმისთვის იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანის არმია თავს დაესხმება ირანის სამშვიდობოებს, უკვე სომხეთში (ზანგეზურის დერეფანი)".

მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ირანმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე სამხედრო წვრთნები უკვე ჩაატარეს და ძალების დემონსტრირება მოახდინეს, მაგრამ საქმე დიდ ომამდე არ მივა, რადგან „ძალიან სერიოზული ძალებია ჩართული".

„ეჭვი მეპარება, რომ ასეთი შედეგი დადგეს. ირანსა და აზერბაიჯანს შორის რეალურად ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა და ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს, მაგრამ ომს მაინც არ ვვარაუდობ. ძალიან სერიოზული ძალებია ჩართული იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ჯერ ერთი, არსებობს 3+3 ფორმატი, რომელიც მაინცდამაინც არ მუშაობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამან ის შედეგი არ გამოიღოს, რაც ომთანაა დაკავშირებული.

„ცუდ შდეგებში იმას ვგულისხმობ, რომ ეს დაძაბულობა თავისთავად რეგიონისთვის ცუდია. ორივემ (ირანმა,აზერბაიჯანმა) საზღვარზე სამხედრო წვრთნები ჩაატარა, იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ ყველაფრისთვის მზად არიან. დღეს აზერბაიჯანის მთავარ მოკავშირე თურქეთს ირანთან საქმის გარჩევისთვის არ სცალია, რადგან თავისი სერიოზული პრობლემები აქვს - ერთი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრა და მეორე, არჩევნები,რომელიც მაისში უნდა ჩაატაროს. აზერბაიჯანი კი მარტო ამის გამკეთებელი არაა. თურქეთის გარდა, აზერბაიჯანის უკან ისრაელი დგას, ეს თეირანში ძალიან კარგად იციან. დემონსტრირება დემონსტრირებად, მაგრამ ამან არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული ფორმა მიიღოს",- განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×