თამთა ჩაჩანიძე
22.03.2023

ყირიმში აფეთქებების სერია გრძელდება, რის გამოც ხალხი პანიკაშია და ნახევარკუნძულიდან განსაკუთრებით მოსახლეობის ის ნაწილი გადის, რომელიც ანექსიის შედეგად რუსეთიდან შვიდა. უკრაინის ხელისუფლებას კი თავიდანვე გაცხადებული ჰქონდა, რომ არცერთ ტერიტორიას არ დათმობდა და ყირიმის ჯერიც დადგებოდა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხეწდრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, შეტევები კვლავ გაგრძელდება და არაა გამორიცხული, იერიში რუსეთსა და ოკუპირებული ყირიმის დამაკაშირებელ ხიდზე ისევ განხორციელდეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ ჯანკოიში რუსული ფრთოსანი რაკეტები „კალიბრები" გაანადგურეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოკუპანტები მათ სარკინიგზო ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.

ამბობენ, რომ საუბარია რაკეტებზე, რომლებიც განკუთვნილია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან გაშვებისთვის. ასეთი იარაღის მოქმედების დიაპაზონი 2500 ათას კილომეტრზე მეტია სახმელეთო სამიზნეებისთვის და 375 კილომეტრზე მეტი - საზღვაო სამიზნეებისთვის.

„იდუმალი „ბავოვნა" აგრძელებს რუსეთის დემილიტარიზაციის პროცესს და ამზადებს უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმს დეოკუპაციისთვის", - აცხადებენ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში.

რუსული მედია კი კრემლის მიერ დანიშნულ სევასტოპოლის „გუბერნატორზე", მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ყირიმში, სევასტოპოლის პორტზე დრონით თავდასხმა მოიგერია.

როგორც ვახტანგ მაისია აცხადებს, როგორც ჩანს, უკრაინელებმა ის დრონები გმოიყენეს, რომელთაც რუსები არ ელოდნენ.

„უკრაინელებმა მითხრეს, რომ ოკუპირებულ ქალაქ ჯანკოიში რუსული ფრთოსანი რაკეტების „კალიბრების" ეშელონი დაბომბეს. სხვათა შორის, რუსებმა ოდესის იმ აეროპორტს დაარტყეს, საიდანად როგორც თავად ამბობენ, იმ დრონების ბაზა იყო, რითაც ოკუპირებულ ყირიმზე შეტევა უნდა განეხორციელებინათ. მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, უკრაინელებს საკმაოდ სერიოზული აეროდრომები აქვთ, საიდანაც მათ ანექსირებული ყირიმის მიმართულებით თავდასხმა შეუძლიათ.

„შეტევები, როგორც ჩანს, დრონებით ხდება. ეს შეიძლება იყოს როგორც საბჭოთა მოდიფიცირებული, ისე დასავლური აპარატები. საბრძოლო დრონები ზოგადად 4 კატეგორიად იყოფა - მძიმე, საშუალო, მსუბუქი და მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატები. როგორც ჩანს, უკრაინელებმა საშუალო ტიპის გამოიყენეს, რომელთა მასა დაახლოებით 500 კგ-ია, გაფრენის დრო 10-დან 18 საათია, სიშორე 500 კმ ხოლო სიმაღლე 8 კმ. რუსები ამიტომაც არიან პანიკაში, რომ ასეთი ტიპის დრონების გამოყენებას არ ელოდნენ.

„ამას ემატება ისიც, რომ უკრაინელებმა კომბინირებული შეტევა განახორციელეს და პირველად წყალზედა დრონებიც გამოიყენეს. როგორც მე ვიცი, დარტყმები ოჩაკოვადან ხდება, რომელიც უკრაინელების კონტროლქვეშაა. წყლის დრონი უპილოტო კატერია, რომელიც მოწინააღმდეგის მიმართულებით მიემართება, სამხედრო გემები და სანაპირო დაცვის შესაბამისი სამხედრო ობიექტები მწყობრიდან გამოჰყავს.

„ბოლო პერიოდში ეს მეორე-მესამე შეტევაა, რომელიც ანექსირებულ ყირიმზე მიიტანეს, შიგნითაც პანიკა დაიწყო და ძირითადად ის მოსახლეობა გადის, რომელიც თავის დროზე ყირიმის ანექსიის შედეგად რუსეთიდან წამოვიდა. ზოგი რუსული წყარო ამბობს, რომ ბოლო შეტევა მოიგერიეს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რადგან ფაქტმა პანიკა გამოიწვია, ესე იგი უკრაინელებმა მიზანს მიაღწიეს.

„ესაა მოწინააღმდეგის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა და ამ იბიექტების განადგურების მცდელობა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ იერიში რუსეთსა და ოკუპირებული ყირიმის დამაკაშირებელ ხიდზე ისევ განხორციელდეს, უკრაინელებმა ის საშუალებები უკვე მოიპოვეს, რომლის საშუალებით შეუძლიათ, რომ რუსი ოკუპანტები ერთგვარ შიშში ამყოფონ, თუნდაც ანექსირებულ ყირიმში", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციებს, გერმანული გამოცემა „ბილდი" ნატოში თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდონით წერს, რომ კიევი შეტევას ამზადებს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ლუგანსკისა და ზაპოროჟიესკენ. შეტევის მიზანი კი ოკუპირებულ ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელი სახმელეთო კომუნიკაციის ხაზების გადაჭრა იქნება. გამოცემის თანამოსაუბრე ამბობს, რომ ასევე „უკრაინის შიარაღებული ძალები შეეცდებიან, რომ ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდი გაანადგურონ."

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ ეს მიმართულება მართლაც ოპტიმალური ვარიანტია, რადგან ერთდროულად რამდენიმე სახის ოპერაციის განხორციელება შეეძლებათ.

„ბახმუტის მიმართულებითაც მოახდენენ დებლოკირებას, ყირიმსაც მიუახლოვდებიან და მის გათავისუფლებას შეეცდებიან", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია".

„უკრაინის გამარჯვებისადმი ჩვენი ნდობა, ჩვენი ხედვა ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლის შესახებ, უკრაინული გმირობა, რომელმაც გააოცა მსოფლიო - ეს ყველაფერი იქ დაიბადა: უკრაინის ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის გმირულ ქალაქებში. გმირების ქალაქებში, რომელთა ხასიათი არც ერთი წამით არ დაემორჩილა ოკუპანტს, მაშინაც კი, როცა ოკუპანტი მათ სახლებში მოვიდა. ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას. ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ისტორიას", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×