თამთა ჩაჩანიძე
20.03.2023

უკრაინაში ფრონტზე სიტუაცია რთულია. მთავარი ბრძლა კვლავ ბახმუტში მიდის, სადაც ბოლო დღეებში, სხვადასხვა წყაროების ცნობით, უკრაინელებმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაისროლეს. სამხედრო ანალიტიკოსები მოელიან, რომ მიწის გამოშრობისთანავე უკრაინის დიდი შეტევისთვის ხელსაყრელი მომენტი დგება და ეს შეტევა, შესაძლოა, სწორედ ბახმუტის დებლოკაციით დაიწყოს. თუმცა აქვე საუბრობენ იმაზეც, რომ, სავარაუდოდ, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად რუსებიც გეგმავენ მასშტაბურ შეტევას და საკითხი შესაძლოა უკვე ასე დგას - ვინ ვის დაასწრებს შეტევის დაწყებას და რომელი მხარე იქნება უფრო მიბილიზებული. 

ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსების პრიორიტეტი ჯერ დონბასის ოლქის ბოლომდე დაკავება და შემდეგ იმ ტერიტორიებზე გასვლაა, რომლებიც ცოტა ხნის წინ საკუთარ ოლქებად გამოაცხადეს. რაც შეეხება უკრაინის არმიის მოქმედებას, სამ შესაძლო სცენარს ასახელებენ. შეტევის ოპტიმალურ მიმართულებად კი მელიტოპოლი-ბერდიანსკი მიაჩნიათ, რაც, მათი თქმით, უკრაინელებს საშალებას მისცემს აზოვის ზღვის სანაპიროზე და ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან გავიდნენ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ომის ამერიკული კვლევის ინსტიტუტს, რომლის ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ რუსული დიდი შეტევა უკვე იყო ბახმუტთან, რომელიც კულმინაციას აღწევს საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი გამარჯვებების გარეშე და უკრაინას შეუძლია კონტრშეტევა დაიწყოს.

მათივე თქმით, თავდასხმებმა ბახმუტზე, უგლედარზე, ასევე, ავდიივკა-დონეცკის და სვატოვო-კრემინას ხაზებზე რუსებს არაფერი მოუტანა, ახლა უკრაინას აქვს ყველა შანსი, დაიბრუნოს ინიციატივა და ამჟამინდელი ფრონტის ხაზის კრიტიკულ ადგილებში დაიწყოს კონტრშეტევა.

ამის პარალელურად კი უკრაინის სარდლობა იუწყება, რომ რუსებმა კვირას ღამით დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკას მიმართულებით დაიწყეს მასირებული შეტევა და მის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ტავრიისკის მიმართულების თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის პრესსპიკერი ოლექსი დმიტრაშკოვსკი აცხადდებს, რომ ახლო მომავალში ეს ქალაქი შესაძლოა „მეორე ბახმუტად“ გადაიქცეს.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბახმუტის ალყაში მოქცევის საფრთხე იზრდება, ქალაქში კი ქუჩის ბრძოლებია. 

„დიდი საფრთხეა, რომ ბახმუტი ალყაში მოექცეს. სულ რაღაც 4-კმ-იაა დარჩენილი, რომ რუსებმა ალყის ტომარას პირი შეუკრან. ქალაქში ახლა ქუჩის ბრძოლებია, რა დროსაც ტაქტიკა განსხვავდება. ანუ საბრძოლო ტექნიკის ფართოდ გამოყენება რთულია, რადგან ვიწრო ქუჩებში ტექნიკას ვერ გაშლი და თანაც მათი განადგურების დიდი საფრთხეა. 

„ვაგნერი“ და რუსი ოკუპანტები მცირერიცხოვანი ჯგუფებით კონკრეტულ კვარტალს, შენობებს თუ კორპუსს  სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ და აღებას ცდილობენ. მათი ჯავშანტექნიკა და არტილერია უფრო შორს დგას და იქიდან მხარდამჭერ ცეცხლს უხსნიან. 

„უკრაინელები შენობებიდან და სარდაფებიდან იბრძვიან და უფრო დაცულები არიან, ვიდრე რუსები, რომლებიც იძულებული არიან წამოდგნენ და შეტევაზე გადავიდნენ. მათი დანახვა შედარებით ადვილია. თუმცა რუსეთის არტილერია ჭურვებს არ ზოგავს და უკრაინის მხრიდანაც, სამწუხაროდ, დიდი მსხვერპლია.

„სხვა ცხელი წერტილებია უკლედარი, კრემენნოე, სვიატოვო, ავდიიივკას  მიმართულებები. რადიკალურად არაფერი შეცვლილა. ტექნიკის გადასაადგილებლად ჯერ მხოლოდ ასფალტიან გზებს იყენებენ და ჯავშანმანქანების აფეთქება ბევრად ადვილია. მიწა რომ გამოშრება და სხვაგანაც შეეძლებათ გადაადგილება, შეტევები მაშინ უფრო სხვა მასშტაბებს მიიღებს“, - განაცხადა ალადაშვილმა.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბახმუტიში, უკრაინელებს გარკვეული ტაქტიკური წარმატებები აქვს. 

„ფრონტის ხაზზე რადიკალურად არაფერი შეცვლილა.  გუშინ იყო, რომ უკრაინელებმა ბახმუტის სამხრეთით კონტრშეტევა განახორციელეს. წარმატებაც ჰქონდათ, მაგრამ ჯერჯერობით საუბარი ადრეა, რადგან ეს ტაქტიკური წარმატებები ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს. თუმცაღა ფაქტია, რომ უკრაინამ ბახმუტის ბოლომდე დაცვა გადაწყვიტა. 

„ალბათ ბახმუტის დაცვას დიდხანს ვიხილავთ. რუსებს რომ რაღაც ლოჯისტიკური გზების ხელში ჩაგდების საშუალება არ მისცეს, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ვნახოთ შემდეგში მოვლენები როგორ განვითარდება“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.   

აპირებს თუ არა დიდ შეტევას რუსეთიც და ვინ ვის დაასწრებს

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინამ მიმდინარე წელს კონტრშეტევის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რადგან მოკავშირეებისგან დახმარების მიღება მომავალში მასშტაბური კონტრშეტევის ახალი მცდელობისთვის უკიდურესად რთული იქნება. 

მისი თქმით, კონტრშეტევის განხორციელება რამდენიმე თვეში უნდა მოხდეს. ჩეხეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „შესაძლებლობის ფანჯარა წელს ღიაა, მომავალი ზამთრის შემდეგ კი უკიდურესად რთული იქნება დახმარების ამჟამინდელი დონის შენარჩუნება“.

„ბევრი ქვეყანა, ბევრი პოლიტიკოსი ელოდება გარკვეულ პროგრესს წელს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინას დიდი კონტრშეტევის განხორციელების მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება. ასე რომ, თუ ის გადაწყვეტს დიდი კონტრშეტევის წამოწყებას და მარცხს განიცდის, უკიდურესად რთული იქნება შემდეგისთვის დაფინანსების მოპოვება“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

როგორც ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, უკრაინელების საპირწონედ რუსებსაც სურთ დიდი შეტევა, რადგან ძველი მიზნები კვლავ განსახორციელებელი დარჩა. თუმცა, ამ მოცემულობაში იმის თქმა ძნელია, თუ ვინ ვის დაასწრებს. 

„დღეისათვის საბრძოლო ინიციატივას მაინც რუსეთის საოკუოპაციო ძალები ფლობენ. რა მოხდება, როცა მიწა გამოშრება და საბრძოლო ტექნიკის გადაადგილება მინდვრებშიც შესაძლებელი გახდება, ამის პროგნოზირება ძნელია. ორივე მხარე ცდილობს ე.წ. სამხედრო ეშმაკობა იხმარონ და მოწინააღმდეგე დააბნიონ, თუ იერიშის დაწყებას სად აპირებენ. 

„ბრძოლით დაზვერვა ხდება. ერთი მხარე მოწინააღმდეგის თავდაცვის პოზიციების დაზვერვას ცდილობს ვითომ შეტევით და ამ დროს ნამდვილი შეტევა შეიძლება სულ სხვა ადგილას მოხდეს. წინასწარ იმის გამოცნობა, თუ ვინ როგორ გააკეთებს ძნელია, თუმცა გასაგებია ვის რა მიზანი აქვს.

„კრემლის მიზანია ბახმუტი დაიპყროს, ოკუპირებულ დონბასის ოლქის ადმინისტრაციულ საზრღვრებზე გავიდეს, რაც კრამატორსკის და სლავიანსკის დაპყრობას ნიშნავს და თუ შესაძლებლობა მიეცემა, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირომდე გავიდეს. უკრაინის ამოცანა კი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაა. მათი შეტევის მიმართულება შეიძლება იყოს, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთით კრემენაიას მიმართულება ლუგანსკის მხარეს, ისე დონეცკის ოლქი და სამხრეთი ზაპოროჟიეს მხრიდან. ესაა პროგრამა მინიმუმი, რაც შეიძლება უკრაინელებს ჰქონდეთ უფრო ზაფხულის დასაწყოისში, როცა ნიადაგი გამოშრება. 

„ჩემი აზრით, ამ სამი შესაძლო ვარიანტიდან უფრო მეტი შედეგი სამხრეთის მიმართულებით შეტევას ექნება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ესაა მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულება, რომ აზოვის ზღვის სანაპიროზე და ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან გავიდნენ.

„პოლოტიკური თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ  უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას იწყებს. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კი ოკუპანტებს სახმელეთო გზა გადაეჭრებათ, რომლითაც ისინი რუსეთის როსტოვის ოლქიდან ყირიმის ნახევარკუნძულს ამარაგებენ. ყირიმიც ხიდიც არის, მაგრამ ერთხელ მისი აფეთქება მოახერხეს და მომავალშიც შესაძლებელია. თუ ეს ეტაპი წარმატებით იქნება გადალახული, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები ანექსირებულ ყირიმს ჩრდილოეთიდან მიადგებიან და შეეძლებათ, რომ შემდგომში შეტევები თავისუფლად განავითარონ. 

„რუსებს შეტევის განხორციელება, რა თქმა უნდა, უნდათ პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 8 თვეა ამ პატარა ქალაქის (ბახმუტის) აღებას ამდენი სამხედრო შეაკლეს, რთულია იმის გათვლა, კრამატორსკის აღებას რამდენად შეძლებენ, რომელიც ბევრად დიდია“,-განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან“.  

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რუსების მხრიდან რაღაც მზადება შეინიშნება, თუმცა სერიოზული მზადების ინიდიკატორი არაა. 

„უკრაინელებმა ბახმუტის სამხრეთში მცირე კონტრშეტევა მოაწყვეს, რომ რუსები გაეყარათ. რუსები ემზადებიან, მაგრამ სერიოზული მზადების არანაირი ნიშანწყალი და არანაირი მზადყოფნა არ ეტყობა, რომ იმაზე მეტი ქნა, ვიდრე აკეთებენ. ამის არანაირი ინდიკატორი არაა. 

„რა თქმა უნდა, რუსებს კიდევ რაღაც მობილიზაციის გამოცხადება მოუწევთ, მაგრამ კარგად ჩანს, რომ მოუმზადებელი ხალხის ბრძოლაში გაგზავნით ვერაფერს შედეგს ვერ აღწევენ და ვერც მიაღწევენ. 

„ყოველ შემხვევაში, რუსები რასაც არ უნდა აპირებდნენ, განსაკუთრებულ წარმატებას არ უნდა ელოდნენ. თავადაც ამ საქმეს საკმაოდ რეალისტურად უყურებენ. მათს დიდ შეტევაზე გვესმოდა და ვნახეთ რაცაა ის „დიდი“... და რამე უფრო სერიოზულის ინდიკატორს მე პირადად ვერ ვხედავ“,- განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან“ და დაამატა, რომ, მისი აზრით, უკრაინელთა დიდი შეტევაც „ჯერჯერობით ვერ იქნება“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×