ნაზი ბერიძე
18.03.2023

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გაცემა რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო გააღრმავებს და ამან შესაძლოა თავად რუსულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ძვრები - ამის შესახებ „რეზონანსს" ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განუცხადა. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დასავლეთსა და რუსეთს შორის, პრაქტიკულად, უკვე ყველა ხიდი დამწვარია და დასავლეთი გააგრძელებს ომში უკრაინის დახმარებას რუსეთის დამარცხებამდე.

ევროკავშირიში აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება „მხოლოდ დასაწყისია". აშშ-შ მიიჩნევენ, რომ ეს სამართლიანია, რადგან „პუტინმა ჩაიდინა ომის დანაშაულებები". ამის პარალელურად კი იზრდება იმ საერთაშორისო კოალიციის წევრი სახელმწიფოების რაოდენობა, რომელიც რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობს.

ჰააგის სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, 17 მარტს წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

„წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ, პროკურატურის 2023 წლის 22 თებერვლით დათარიღებული შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ თითოეული ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის უკანონო დეპორტაციისა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანის ომის დანაშაულზე, რამაც ზიანი მიაყენა უკრაინელ ბავშვებს", - წერია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ გადაწყვეტილებას გამართვებული უწოდა.

„ვფიქრობ, რომ გამართლებულია, ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერი პოზიციას", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები"

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ დანაშაულების სიმძიმე და ჰააგის სასამართლოს განცხადებები „ყველაფერს ამბობენ".

„ეს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უკრაინის ხალხისთვის. ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, უსაფუძვლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეს რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია იმ დანაშაულებისთვის და სისასტიკისთვის, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მკვეთრა უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა თავად რუსეთში. პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ საკითხის ასე დაყენება „აღმაშფოთებელი და მიუღებელია". საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პუტინის მიმართ და რეაქციები მსოფლიო ლიდერების მხრიდან, ასევე ის თუ რა შედეგები მოჰყვება ამ პროცესს „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვიმა შეაფასა.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სავარაუდოდ, დასავლელი ლიდერები უარს იტყვიან პუტინთან მოლაპარაკებაზე.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის ორგანო, რომლისთვისაც წოდება და თანამდებობა არაფერს ნიშნავს. რა შეიძლება ამას მოჰყვეს, ცოტა ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, ეს რუსეთის ხელისუფლებისათვის სერიოზული დარტყმა უნდა იყოს.

„იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ ამ სასამართლოს უფლებამოსილებას, პირველ რიგში ავალდებულებს სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებელ აღსრულებას. აქ საუბარია ყველა მხარეზე, ვინც თავის დროზე ეს სასამართლო შექმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოქმედება არის ბევრად უფრო ფართო, და წესით, ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლელი ლიდერები უარს იტყვიან პუტინთან მოლაპარაკებაზე", - აცხადებს მენაღარიშვილი „რეზონანსთან".

ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ დასავლეთს საბოლოოდ გადაწყვეტილი აქვს, უკრაინის დახმარება გააგრძელოს რუსეთის დამარცხებამდე და ალტერნატიული ვარიანტი აღარ განიხილება. ამ მოსაზრებას ეთანხმება მენაღარიშვილიც. მისივე აზრით, პუტინის დაკავების ორდერის გაცემას შესაძლოა თავად რუსულ საზოგადოებაში მოყვეს მნიშნელოვანი ცვლილებები.

„ეს უკმაყოფილებას გაზრდის და, სავარაუდოდ, რუსეთის საზოგადოებაში ანტიპუტისტურ განწყობილებებს გააძლიერებს. თუმცა, ჯერ ნუ ვიჩქარებთ. რუსეთში მაინც ცოტა განსხვავებული აზროვნების საზოგადოებაა. ვნახოთ, ამ ნაბიჯს რა შედეგები მოჰყვება რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×