თამთა ჩაჩანიძე
17.03.2023

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთს კვლავ გააფთრებით უტევს, ქალაქ ბახმუტის შტურმის მცდელობებს არ წყვეტს. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით რუსები უკრაინელების თავდაცვის გარღვევას ცდილობენ და ამასთან ეს ხდება ძალიან დიდი დანაკარგების ფონზე. რუსული მხარე კი პირიქით ამტკიცებს, რომ დიდი სამხედრო ზარალი უკრაინას აქვს.

უკრაინის გენშტაბის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასულ დღე-ღამეში, ხუთი მიმართულებით, რუსული ძალების 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში მტერმა მათზე 70-ზე მეტი შეტევა განახორციელა", - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ინფორმაციით, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის შტურმის მცდელობებს. კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით კი ისინი უკრაინელების თავდაცვის გარღვევას ცდილობენ. ასევე აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი 73-ჯერ გახსნეს.

უწყების თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის 760 ჯარისკაცი, 13 ერთეული ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი გაანადგურეს.

როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე წერს, ბახმუტში სიტუაცია რთულია, უკრაინელები კი რუსულ საარტილერიო სისტემაზე ნადირობენ.

„ბოლო დღეებია უკრაინელები ძალიან მეთოდურად ნადირობენ რუსულ საარტილერიო სისტემებზე. რუსულ რიგებში დანაკარგი საკმაოდ დიდია. უკრაინელები რუსული არტილერიის განეიტრალებასთან ერთად არამხოლოდ საკუთარი პოზიციების დაცვას შეძლებენ უკეთ, არამედ კონტრშეტევისას უფრო უსაფრთხოდ მოახერხებენ გადაადგილებას. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ამ ომში მსხვერპლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ არტილერიის წარმატებით მუშაობაზე მოდის.

„ბახმუტთან რუსები ძალიან დიდ დაწოლას ახორციელებენ სამხრეთის მიმართულებიდან უშალოდ ქალაქზე, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩასივ იარისაკენ მიმავალი გზის გადაჭრას ცდილობენ. სიტუაცია საკმაოდ რთულია ქალაქიდან ჩრდილოეთითაც, სლავიანსკისაკენ მიმავალ გზაზე. რუსები შეტევის დივერსიფიცირებას ცდილობენ, რათა უკრაინული ნაწილების გაფანტვა მოახდინონ.

„პოლონეთი უკრაინას ურემონტებს მიგ-29 მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს და უგზავნის უკრაინას. ცაში რუსული დომინაცია ისედაც ვერ იქნა მიღწეული და "მიგების" გამოჩენასთან ერთად კიდევ უფრო შეიცვლება სურათი"- წერს ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „ფეისბუქზე".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა კი თავის ტრადიციულ ყოველდღიურ შემაჯამებელ გამოსვლაში პარასკევს განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსებმა „დონეცკის მიმართულებით 135-მდე უკრაინელი სამხედრო, სამი ჯავშანტექნიკა, ოთხი პიკაპი, ავტომობილი, „გრადის" ტიპის სისტემა, დ30 ჰაუბიცა და უკრაინის შეიარაღებული ძალების 53-ე მექანიზებული ბრიგადის საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს".

ამასთან, კონაშენკოვის განცხადებით, უკრაინას დანაკარგი აქვს ლიმანის მიმართულებითაც, მისი თმით, ამ მიმართულებაზე „79-ზე მეტი უკრაინული სამხედრო, ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, სამი პიკაპი, ერთი ჯავშანმანქანა და დ30 ტიპის ჰაუბიცაა განადგურებული". ირწმუნება, რომ უკრაინას დიდი დანაკარგი აქვს კუპიანსკის მიმართულებითაც.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას „მიგ 29" ტიპის 13 გამანადგურებელს გადასცემს.ხუთშაბათს კი პოლონეთი პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თქვა, რომ უკრაინას, უახლოეს დღეებში, „მიგ-29" ტიპის 4 გამანადგურებელს გაუგზავნიან.

„იქმნება განცდა, რომ ეს ქვეყნები ძველი, არასაჭირო აღჭურვილობის უტილიზაციით არიან დაკავებულები", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, პოლონეთისა და სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამბობს, რომ: „არ არის საჭირო, სამხედრო ექსპერტი იყო იმისთვის, რომ თქვათ, რომ ეს გავლენას არ მოახდენს".

საერთაშორისო მედია წერს, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა პოლონეთის მიერ კიევისთვის "მიგ-29" გამანადგურებლების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები ახლა უკრაინისთვის თანამედროვე გამანადგურებლების გადაცემას შესაძლებლობას განიხილავენ.

"გამანადგურებლები უკვე დიდი ხანია არის უკრაინის მხრიდან თხოვნა, და ესაა, რასაც მოკავშირე ქვეყნების წრეში განვიხილავთ. ამიტომ კი, ეს არის ის, რასაც ჩვენ მოკავშირეებთან განვიხილავთ და ეს არის ის, რაც, როგორც მე ვიცი, მოკავშირეების ჯგუფში განიხილება", - აღნიშნა ფრედერიკსენმა.

ფრედერიკსენმა დასძინა, რომ დანია ასევე განიხილავს უკრაინისთვის საკუთარი თვითმფრინავების გადაცემას. აღსანიშნავია, რომ დანიის საჰაერო ძალები ახლა ეფ-16 გამანადგურებლებს იყენებენ, 2023 წლის შემოდგომიდან კი მათი უფრო თანამედროვე F-35-ებით ჩანაცვლება იგეგმება.

"კი, რამდენიმე სხვადასხვა ასპექტს განვიხილავთ და ამ საკითხში ძალიან, ძალიან მჭიდრო დიალოგში ვიმყოფებით ჩვენს მოკავშირეებთან", - განაცხადა ფრედერიკსენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×