ნაზი ბერიძე
10.03.2023

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ხანგრძლივობის განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია და ომი შეიძლება ორი, სამი ან თუნდაც ათი წელი გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა დახმარებას მიიღებენ მოწინააღმდეგე მხარეები, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

დასავლეთის მიერ უკრაინის დახმარებაზე ბევრი იწერება, თუმცა, ალადაშვილის თქმით, ნაკლებადაა ცნობილი ის შეარაღება, რასაც რუსეთი იღებს ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან. ხოლო თუ ასეთი დახმარება ჩინეთიდანაც წამოვიდა, მაშინ ომი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.

მანამდე ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ელეგიუს პოლავიჩიუსმა განაცხადა, რომ რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს, რათა ომი ამ ინტენსივობით კიდევ ორი წელი გააგრძელოს.

„რესურსები, რომელიც ახლა რუსეთს აქვს, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ომი არსებული ინტენსივობით კიდევ ორი წელი გაგრძელდეს. რამდენი ხანი შეძლებს რუსეთი ამ ომის გაგრძელებას. ეს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერაზეცაა დამოკიდებული, როგორებიცაა, მაგალითად, ირანი და ჩრდილოეთ კორეა", - განაცხადა ელეგიუს პოლავიჩიუსმა.

„ეს ომი ერთი წელი გაგრძელდება, ორი, სამი თუ ათი წელი, არავინ იცის. არავის არ შეუძლია ახლა ეს თქვას, მათ შორის არც ლიეტუვის სამხედრო დაზვერვას, და არც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ამის წინასწარ გათვლა უბრალოდ შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა დამატებითი ძალები ჩაერთვებიან რუსეთ-უკრაინის ომში. დასავლეთი უკრაინას ერთ წელიწადზე მეტია საკმაოდ სერიოზულად ეხმარება. ირანი ეხმარება რუსეთს და თუ ამას დაემატა ჩრდილოეთ კორეა და მით უმეტეს ჩინეთი, მაშინ წარმოიდგინეთ ეს ომი რა მასშტაბებს მიიღებს და სად გადაიზრდება," - ამბობს ირაკლი ალდაშვილი.

მისი თქმით, ერთადერთი იმის თქმა არის შესაძლებელი, რომ აპრილის დასასრულს, როცა წვიმის სეზონი გადაივლის და მიწა გაშრება, სავარაუდოდ დაიწყება დიდი შეტევა როგორც უკრაინელების, ასევე რუსი ოკუპანტების მხრიდან.

„ამ მომენტისთვის თვენახევარია დარჩენილი. მნიშვნელოვანია, ვინ რა დახმარებას მიიღებს. ირანიდან ისედაც იღებს რუსეთი დახმარებას, და ეს არ არის მხოლოდ კამიკაძე დრონები. არის ინფორმაცია, რომ კასპიის ზღვით ირანიდან რუსეთის პორტ ასტრახანში დიდი სატვირთო გემებით ხდება კონტეინერებით უცნობი ტვირთის გადაზიდვა. რა დევს ამ კონტეინერებში, ძნელი სათქმელია.

„ასევე გამორიცხული არ არის, ჩრდილოეთ კორეიდან დახმარება, რადგან ათწლეულების განმავლობაში ჯერ საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა ჩრდილოეთ კორეას, რომ საბჭოთა სტანდარტების სამხედრო ინდუსტრია შეექმნა. ანუ, იქ იწარმოება თითქმის ყველა კალიბრის საარტილერიო ჭურვები, რა არტილერიაც ჰქონდა საბჭოთა რუსეთის. ასე რომ, ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული 122- და 152-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების გადაცემა, რაც აქტიურად გამოიყენება ფრონტზე, აბსოლუტურად შესაძლებელია," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×