„აუცილებელია ოპოზიციამ დაიწყოს ფიქრი, როგორ გაგრძელდეს მშვიდობიანად ამ პოცესის მართვა“
ელზა პაპოშვილი
09.03.2023

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ ხალხის ძალის კანონპროექტი უკან გაიწვია, ოპოზიციის ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ხელისუფლება ამით დროის მოგებას ცდილობდეს. თუმცა, “ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტლება, რომლის შეცვლაც გამორიცხულია. ამიტoმ ოპოზიციას არწმუნებენ, რომ სპეკულაციები ამ თემის ირგვლივ საჭირო აღარ არის. ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მან ვენეციის კომისიას წერილი უკვე გაუგზავნა და კანონპროექტის განხილვის შეჩერება სთხოვა. 

საზოგადოებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებიდან გაიგო. მასში ნათქვამია, რომ მმართველმა ძალამ მიიღო გადაწყვეტილება უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს კანონპროექტი.

აქვე ნათქვამია, რომ "სიცრუის მანქანამ შეძლო საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა, კანონპროექტს რუსული კანონის ყალბი იარლიყი მიაკერა და მისი პირველი მოსმენით მიღება ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინა". განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი ძალა აპირებს საზოგადოებას უკეთ განუმარტოს, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი. ამისთვის დაიწყება შეხვედრები მოსახლეობასთან.

რაც შეეხება ერთობლივი განცხადების შემდგომ გავრცელებულ საზოგადოებრივ აზრს, რომ შესაძლოა "ქართულმა ოცნებამ" არ ჩააგდოს კანონპროექტი და ეს განცხადება მხოლოდ დროის გაწელვის მიზნით გაკეთდა, მამუკა მდინარაძე ამას კატეგორიულად გამორიცხავს და მკაფიოდ აცხადებს, რომ კანონი ჩავარდება. 

"არა, ეს გავმიჯნოთ - კანონი ჩავარდება. ეს ძალიან მკაფიოდ - კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს რეგლამენტი ითვალისწინებს. სხვაგვარi დათქმა არ არის. აქაც განმარტებას გავაკეთებ, რომ სპეკულაციები მორჩეს. ისევე როგორც პირველივე მოსმენამდე ეს ფორმალური საუბრები, რამაც გამოიწვია და ჩემი აზრით აბსოლუტური სპეკულაციაა იმიტომ, რომ თუ კი ვინმეს უნდა ახლა ამ ფორმალიზმთან დაკავშირებით რაღაც მუხტი შეინარჩუნოს პასუხისმგებელი იქნება თითოეულის ფრჩხილის ტკენაზე, პირდაპირ რომ დავარქვათ თავისი სახელი ამითი თუ აპირებენ რაღაცა მუხტის გაზრდას. აბსოლუტური სპეკულაციაა ტექნიკურ და ფორმალურ დეტალებზე საკითხების გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნების მცდელობა.

ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხის პროტესტზე თუ არის რაღაც საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების დროს, ეს წარმოუდგენელი ამბავია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

პარტია"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არცერთი ადამიანის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება მთავრობის ინტერესებში არ იყო. ამის შესახებ მანდ პარტიის ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა.

"გუშინ, გუშინწინ იყო ძალადობრივი ფაქტები, თუმცა ეს რისკები შესაძლოა გაზრდილიყო. ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა არცერთი ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, შესაბამისად, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. 

პროცედურებთან დაკავშირებით არის ცარიელი სპეკულაციები, რაზეც უკვე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. გადაწყვეტილება არის გაჟღერებული და ეს ვეღარ გადაიხედება დანარჩენი არის ტექნიკური საკითხი. 

ყველას მოვუწოდებთ პოლიტიკანებს, რომ თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.     

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, საბოლოო ჯამში კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ტექნიკურად, კანონის უკან გაწვევა მარტივია, თუმცა საჭიროა მეორე კენჭისყრა.

"ეს იმის შედეგია, რომ ადამიანების ემოცია იყო სწორი. ეს არ იყო ხელოვნურად შეკრებილი მიტინგი. არა მგონია, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია, უბრალოდ არ გადადგა ნაბიჯი უფსკრულისკენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი არის კიდევ გასაკეთებელი. ტექნიკურად 1 კანონის გამოწვევა მარტივია, მეორე კენჭისყრაა საჭირო. ეს არ არის რთული,  1 კვირაში შეიძლება ეს ტექნიკურად დასრულდეს, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს ალბათობა, რომ რაღაცნაირად გაწელონ და არ გააკეთონ, გადაგორების რეჟიმში იყვნენ," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.  

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ტექნიკური გამარჯვებაა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აშკარაა ხელისუფლება მიხვდა უკან დახევა  აუცილებელი იყო, რადგან პროცესები შესაძლოა უმართავი გამხდარიყო. ამის მიზეზი კი ახალგაზრდების მწვავე პროტესტი და ის რეალობა გახდა, რომელშიც ხელისუფლება აღმოჩდა. 

„ეს იყო რუსეთის მიერ შემოგდებული კანონი, რომლითაც ქართველი ხალხის ნება დატესტეს. მათ ეგონათ, რომ რადგან ქართველები უკრაინის ომთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად სიფრთხილეს იჩენდნენ და ხელისუფლების არასწორ განცხადებებს მაინც ატარებდნენ, ამასაც ჩაყლაპავდნენ. საბედნიეროდ ქართველმა ახალგაზრდებმა, რომელთა დაბადებაც ჩვენს თვალწინ მოხდა, მკაცრი პასუხი მოსთხოვეს და ხელისუფლებაც იძულებული გახად უკან დაეხია. რუსეთი ცდილობს, რომ თუკი უკრაინის ომს წააგებს, საქართველო მაინც ცალკე ოთახში მოყუჩებული ჰყავდეს. ამიტომ ნუ ვიქნებით მოდუნებულები და არ უნდა გვევგონოს, რომ ყველაფერი დასრულდა.  

არის მოსაზრება, რომ უკრაინაში ჩვენი ბედი წყდება, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ჩვენც თუ ხელი არ გავატოკეთ, რაც ამ ორ დღეში ხალხმა იმარჯვა, სხვაგვარად გააკეთებენ იმას, რასაც სურთ. რუსეთმა იცის, რომ საქართველოში პოპულარული არაა. წარმოუდგენელია რუსეთის დროშების ფრიალი. ამიტომ ის შეგუებულია, რომ ქართველები მათ ქებას არ დაიწყებენ. თუმცა მას სჭირდება საქართველო ანტიდასავლური იყოს, მაგრამ ახალგაზრდებმა ძალიან დიდი სილა გააწნეს. 7 და 8 მარტს ახალი თაობის დაბადება ვიხილეთ, რომელმაც რუსეთსაც და ჩვენს ხელისუფლებასაც უთხრა, რომ ამდენს უკვე აღარ გადაყლაპავდნენ“,-ამბობს ზაქარეიშვილი. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და ზოგადად საქართველომაც ამ ორ დღეში ახალი საქართველოს სუნთქვა ნახა. ყველა მიჩვეული იყო, განსაკურებით „ოცნება“ პარტიულ აქტივს, რომლის დისკრედიტაციასაც ადვილად ახდენდა.  

„ხელისუფლების თვალწინ უცბად სხვა საქართველო ამოიზარდა, რომლის კონტროლიც ნახეს, რომ შეუძლებელია. ამიტომ გარისკვად მიხვდნენ, რომ არ ღირდა. თუმცა, ეიფორიაში ჩავარდნა არ შეიძლება. ახლა „ოცნებას“ სწორედ ამის იმედი აქვს, რომ დროს გაწელავს. სიტუაცია მიწყნარდება, წარმატების განცდას გააჩენს და ამ დროს სრულიად სხვა ფორმიდან იგივე ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს. 

„ამიტომ საჭიროა საქმე ბოლომდე მივიდეს და ახლა ყველამ ევროკავშირის კანდიდატის  სტატუსის მიღებაზე ვიფიქროთ. ხელისუფლებას ამ მიმართულებით საქმის გაკეთება მოვთხოვოთ. ახლა საჭიროა ხელისუფლებას გამჭვირვალეობა აქეთ მოვთხოვოთ. გაგვაგებინონ რაში ხარჯავენ ჩვენს მიერ გადახდილ ფულს. რას გვიკეთებენ. ჩვენ გვაინტერესებს ბიუჯეტის ფულს რაში და როგორ იყენებენ. ასევე აუცილებელია ოპოზიციამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, როგორ გაგრძელდეს მშვიდობიანად ამ პოცესის მართვა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×