ნაზი ბერიძე
08.03.2023

ბახმუტზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, რუსულ ძალებს გზა გაეხსნებათ აღმოსავლეთ უკრაინის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების დასაპყრობად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, ბახმუტს ძალიან დიდი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ის ხელს უშლის რუსეთს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში და სწორედ ამიტომ, ბახმუტის დაცვასა და ბრძოლას მტრის წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის.

„გვესმის, რომ ბახუტის შემდეგ შეძლებენ უფრო შორს წასვლას. ბახმუტის შემდეგ რუსების გზა გაიხსნება უკრაინის სხვა ქალაქებისკენ, დონეცკის მიმართულებით, ამიტომ დგანან ჩვენი ბიჭები იქ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბახმუტის დაცვისას უკრაინისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ ხალხზე ზრუნვა.

„ჩვენ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს ხალხზე. არავინ უნდა იყოს ალყაში - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მქონდა შეხვედრა სამხედრო მეთაურებთან. ისინი ყველანი საუბრობენ, მტკიცედ უნდა ვიდგეთ ბახმუტში, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეზე. მაგრამ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვიძლია" - ამბობს ზელენსკი.

ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" ისაუბრა, უკრაინის ე.წ. მანერჰეიმის თავდაცვის სამ ხაზზე, რომლის გადალახვის შემთხვევაში, ძალიან დიდი ტერიტორიები მოექცევა რუსეთის ანექსიაში.

„ბახმუტი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ რგოლს, წერტილს, რომელიც მოიცავს უკრაინული ე.წ. მანერჰეიმის თავდაცვის ხაზს, რომელიც გადის სოლედარიდან, უგლედარის ჩათვლით და დაახლოებით ეს მონაკვეთია, რომელიც ქალაქ დონეცკის მიმდებარე ტერიტორიებს წარმოადგენს.

„ეს არის საკმაოდ სერიოზული თავდაცვითი ხაზი. მეორე თავდაცვის ხაზი, რომლის გარღვევას რუსები ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებისას ცდილობდნენ. აქ არის სოლედარი, ბახმუტი, მარინკა, ავდიივკა და უგლედარი, მთელი ეს ხაზია. რუსების საოკუპაციო ჯარებმა და ვაგნერის დაქირავებულმა მებრძოლებმა თუ უკრაინული ე.წ. მანერჰეიმის ხაზი გაარღვიეს, მაშინ, ისინი გადიან მესამე თავდაცვის ხაზზე: ეს არის სევერსკი, კრამატოვსკი, სლოვიანსკი, და თუ ესეც დაიკავეს, მაშინ იქნება მთლიანად დონბასის, ეს არის დონეცკისა და ლუგანსკის, რეგიონების მთლიანად ოკუპაცია.

„ამ ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით რუსებს შეუძლიათ გავიდნენ ოპერატიულ სივრცეზე სამი მიმართულებით - პირველი ეს არის ხარკოვის მიმართულება, მეორე დნეპრი და მესამე ზაპოროჟიე. შეიძლება სამი მიმართულებით განავითარონ უკვე სტრატეგიული შეტევა.

„ასე რომ უკრაინის მეორე ე.წ. მანერჰეიმის თავდაცვითი ხაზის შენარჩუნება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გარემოებაა, ამიტომ, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მისცა ბრძანება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რომ ბოლომდე დაიცვან და მოიგერიონ რუსული ოკუპანტთა შეტევები. თუ რუსეთის მიერ გახდა კონტროლირებად ბახმუტი, რუსეთი გააგრძელებს უკრაინის შემდგომ ოკუპაციას"-განაცხადა მაისაიამ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×