ნაზი ბერიძე
06.03.2023

ბოლო დღეებში გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებები და ინციდენტები - ბელგოროდის ოლქში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ სამი რაკეტა ჩამოაგდო, ბრიანსკში „რუსმა პარტიზანებმა" ოპერაცია განახორციელეს, დრონების თავდასხმა მოსკოვისა და სანკტპეტერბურგის ახლომდებარე ტერიტორიებზე. რაზე მიუთითებს განვითარებული მოვლენები და გადაინაცვლა თუ არა ომმა რუსეთის ტერიტორიაზე - „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ, ომი დიდი ხანია უკრაინის საზღვრებს გასცდა, თუმცა, არ არის ფართომასშტაბიანი.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, აფეთქებები რუსეთის სხვადასხვა არეალებში ხდება. „ნოვი ოსკოლში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა. სამი რაკეტა ჩამოაგდეს", - განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

ბელგოროდის შემთხვევას წინ უძღვოდა ინცინდენტი ბრიანსკში.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ბრიანსკის რეგიონზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

ამასთან, რუსულმა მედიამ, ბრიანსკის გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი შეიარაღებული პირები რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ ლუბეჩანში შევიდნენ და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს.

ბრიანსკის რაიონში მომხდარ ფაქტზე განცხადება გაკეთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიც. კიევში აცხადებენ, რომ "უკრაინის სამხედრო ძალები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში განვითარებული მოვლენები მოსკოვის თავხედური პროვოკაციაა".

ასევე, გამოჩნდნენ რუსი პარტიზანები, რომლებიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მოქმედებენ. 2 მარტს სოფელ სუშანში ელექტროქვესადგური და ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა. დაიბომბა კურსკის რეგიონში სოფელ ტეტნიკოს ტერიტორიაც.

28 თებერვალს მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა დაადასტურა"ტელეგრამის" არხებზე გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი კოლომენსკის რაიონში გაზის კომპრესორის სადგურთან ჩამოვარდა.

ასევე, სანკტ პეტერბურგის მთავრობის ინფორმაციით, ექვსი დღის წინ სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა ავიარეისების მომსახურება დროებით შეაჩერა.

რაზე მეტყველებს რუსეთში განვითარებული მოვლენები და გადაინაცვლა თუ არა ომმა რუსეთში - ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" სამ სავარაუდო ვერსიას განიხილავს.

„აქ არის რამდენიმე შესაძლო ვარიანტზეა ლაპარაკი - ჯერ არა ფართო მასშტაბით, მაგრამ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა გადაინაცვლა რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდში რამდენიმეჯერ მოხდა დაბომბვა, სასაზღვრო ზოლში ხდება რუსული ტერიტორიების დაბომბვა. ასე რომ, დიდი ხანია გადასული არის ომი საზღვრის გარეთ, მასშტაბია უბრალოდ მცირე.

„აქ ჩანს უკრაინის სპეცსამსახურების ძალიან კარგი მუშაობა, ვინაიდან არავინ არ იცის ეს ვისი გაკეთებულია და ვინ დაიბრალებდა. მეორე, ადვილი შესაძლებელია რომ მართლა გამოჩნდნენ რუსი პარტიზანები, რომლებიც ასევე შეიძლება იყოს თვითონ რუსეთის შიდა სამეფო კარის თამაშების ნაწილი და ვიღაცას აწყობდეს ამ პარტიზანების გამოყენება რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. და მესამე - აქაც შეიძლება გამოჩნდნენ რუსები, ვინც მიხვდნენ იმას, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ეს არის დამღუპველი რუსეთისთვის. მაგრამ, ეს ნაკლებსარწმუნოდ მეჩვენება. ასე რომ, მე მაინც მხარს ვუჭერ იმ ვერსიას, რომ ეს უკრაინის სპეცსამსახურების საქმეა. თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

„ომმა დიდი ხანია გადაინაცვლა რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ იგი იქნება ფართომასშტაბიანი, ის იქნება ეპიზოდური რუსეთის ტერიტორიაზე" - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×