ნაზი ბერიძე
27.02.2023

ვაშინგტონი ბერლინთან და ვარშავასთან ერთობლივი სამხედრო სწავლების პოლონეთში ჩატარების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - „დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. სამხედრო ექსპერტის, გიორგი კობერიძის განმარტებით, პოლონეთში სამხედრო წვრთნების ჩატარება მიანიშნებს, რომ პოლონეთი არის უსაფრთხოების დაცვის ერთერთი გარანტორი აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.

ბორის პოსტორიუსის თქმით, საკითხი ამჟამად „განხილვის პროცესშია"და უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაში სამხედრო მანევრების ჩატარება იქნება მკაფიო გზავნილი, როგორც ნატოს მოკავშირე ქვეყნებისათვის, ასევე პუტინისთვის.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ნატო არის შეკრული, ძლიერი და შორს არის ისეთი სუსტისგან, როგორც დიდი ხანია მიაჩნდა პუტინს.

„თუმცა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სლოვაკეთი და სხვა, მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და შეერთებული შტატები, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, ასრულებენ თავდაცვით ვალდებულებებს" - განაცხადა ბორის პისტორიუსმა

სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე პოლონეთის სტრატეგიული წვრთნების მნიშვნელობას განმარტავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი აღმოსავლეთ ევროპაში უსაფროთხოების დაცვისა და განმტკიცებისთვის.

„პოლონეთი არის და ყოველთვის წარმოადგენდა აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის უმთავრეს სამხედრო ბასტიონს, რომლის ფუნქციაც იყო შეეჩერებინა პოტენციური აგრესია რუსეთისაგან.

„ნებისმიერი წვრთნა პოლონეთის ტერიტორიაზე, ეს არის სიგნალი რუსეთისათვის, რომ უსაფრთხოების ქოლგა მოქცეულია არამარტო დასავლეთ ევროპაში, არამედ უსაფრთხოების ქოლგა გადაფარებული აქვს აღმოსავლეთ ევროპასაც.

„რაც ყველაზე მთავარია, პოლონეთი არის უმთავრესი სახელმწიფო, რომელიც ამარაგებს უკრაინას იარაღით, შესაბამისად, უკრაინის შეიარაღებასთან ერთად წვრთნები არის ასევე ნიშანი და სიგნალი მოსკოვისთვის, რომ უკრაინის მომარაგების მთავარი არტერია პოლონეთი, იქნება კარგად დაცული ყოველი გამოწვევის თუ ყოველი პროვოკაციისათვის და ეფექტურად გასცემს სათანადო პასუხს" - აღნიშნა „რეზონანსთან" გიორგი კობერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×