ნაზი ბერიძე
24.02.2023

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური აგრესიის დაწყების წლისთავზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ვერ შეათანხმა. ამის მიზეზი პოლონეთია, რომელიც უფრო მკაცრ სანქციებს ითხოვს.

ღია საზოგადოების ფონდის საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მეათე პაკეტზე კონსენსუსის მალე შედგება და ის რაღაც შუალედური იქნება პოლონეთის მოთხოვნასა და არსებულ ვერსიას შორის.

გამოცემა „პოლიტიკოს" ცნობით, ევროპელმა დიპლომატებმა სანქციების მეათე პაკეტის თითქმის ყველა პუნქტი შეათანხმეს, თუმცა პოლონეთი წინააღმდეგი იყო სინთეტიკური კაუჩუკის იმპორტზე შეთავაზებული შეზღუდვებით. პოლონეთის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები არასაკმარისია.

„ჩვენ არ ვბლოკავთ სანქციებს. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ სანქციებს ჰქონდეს აზრი", -განუცხადა გამოცემას ანონიმურობის დაცვით პოლონელმა მაღალჩინოსმა.

პოლონეთი წინააღმდეგია რუსეთის სინთეტიკური კაუჩუკის იმპორტის და მის სრულ აკრძალვას ითხოვს, თუმცა ევროკომისიის შეთავაზება ითვალისწინებს კაუჩუკის იმპორტზე კვოტების დაწესებას 560 ათასი მეტრული ტონის დონეზე. პოლონელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეთავაზებული კვოტა ამჟამინდელ იმპორტს აღემატება.

„აქ მნიშვნელოვანია ორი საკითხი: პირველი არის ის, რომ სანქციების დაწესებისთვის საჭიროა, ევროკავშირის 27-ე წევრი ქვეყნის თანხმობა, შესაბამისად ეს ართულებს სანქციების დაწესებას და ამაზე შეთანხმებას.

„მეორე ამ კონკრეტულ შემთხვევაში გახლდათ ის, რომ პოლონეთი ითხოვს, სანქციების მეათე პაკეტი იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო წარმოდგენილი, ანუ იყოს უფრო მეტად დამაზიანებელი რუსეთისათვის. ამასთან დაკავშირებით კი ამ ეტაპზე არ არის 27 ქვეყნის თანხმობა. თუმცა, მგონია, რომ მალევე იქნება ეს კონსენსუსი მიღწეული და ყველა ქვეყანა შეთანხმდება," - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

კითხვაზე თუ როგორი იქნება სანქციების ახალი ვერსია, ამბობს, რომ ის იქნება უფრო ნეიტრალური, ანუ რაღაც შუალედური წინა პაკეტებსა და პოლონეთის მოთხოვნას შორის.

შეგახსენებთ რომ მეცხრე პაკეტში, ევროკავშირმა გააფართოვა ექსპორტის აკრძალვა პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც დაკავშირებულია საავიაციო და კოსმოსურ მრეწველობებთან. აღნიშნული აკრძალვა როგორც პილოტირებად, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებზე გავრცელდება. აკრძალვები ეხებოდა უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ძრავების ექსპორტს რუსეთში ან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია რუსეთისთვის დრონების მიწოდება.

გარდა ამისა, ევროკავშირმა კიდევ ორი რუსული ბანკის აქტივები გაყინა. ევროკავშირის საბჭომ ასევე დაიწყო კიდევ ოთხი რუსული არხის სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერების პროცესი. ესენია НТВ/НТВ Мир, Россия 1, Рен ТВ და Первый канал. ასევე, ევროკავშირის მოქალაქეებს აეკრძალათ რუსეთის სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ორგანიზაციებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება წამყვან პოზიციებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×