ნაზი ბერიძე
24.02.2023

უკრაინის ომში მხარეები საკუთარ დანაკარგს ამცირებენ, მტრისას კი აზვიადებენ, აცხადებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. მისი მონაცემებით, სულ ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 70-80 ათასამდე რუსი და 40 ათასამდე უკრაინელი სამხედრო, ასევე დაახლოებით 30 ათასი უკრაინელი მშვიდობიანი პირი.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთ წელში 10-ჯერ მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ავღანეთში 10 წლის განმავლობაში - ანუ, სადღაც 150 ათასი. „ერთი წლის წინ ბევრი ელოდა, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა. დღეს, წამყვან პლატფორმებზე მსჯელობენ, როგორი უნდა იყოს უკრაინის გამარჯვება და როგორ უნდა გაფორმდეს რუსეთის დამარცხება," - აღნიშნა რეზნიკოვმა.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, რეზნიკოვის ციფრები შეიძლება გაზვიადებული იყოს, თუმცა რუსებს, მისი მონაცემებით, მაინც ორჯერ მეტი დანაკარგი აქვთ. ამბობს, რომ ორივე მხარემ, უკრაინამ და რუსეთმა, კოლოსარული სამხედრო დანაკარგები განიცადეს და შეიძლება მასშტაბებით ეს ერთწლიანი ომი მეორე მსოფლიო ომს შევადაროთ.

„24 თებერვლის დილის 5 საათზე სრულდება ერთი წელი, რაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას. ეს ერთი წელი არის ყველაზე ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები - შეიძლება შედარება მეორე მსოფლიო ომის მასშტაბებთანაც კი. იგივე ავღანეთის ომი რომ ავიღოთ, რასაც საბჭოთა კავშირი აწარმოებდა 1979-1989 წლებში, მაშინაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთის ტერიტორიაზე, და ცხრა წელში, ოფიციალური მონაცემებით, საბჭოთა კავშირმა დაკარგა 15 ათასამდე ადამიანი.

„დღეს უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს რომ ამ ომში 145 ათასამდე რუსი სამხედროა დაღუპული, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ციფრები გაზვიადებულია. საერთოდ, ომების დროს მხარეები საკუთარ დანაკარგებს ამცირებენ, მოწინააღმდეგისას კი ზრდიან. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა რუსი ოკუპანტების მსხვერპლი ძალიან დიდია. რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგი 200 ათასია, აქედან 70-80 ათასი დაიღუპა, დანარჩენი არის დაჭრილი, ტყვედ ჩავარდნილი და ა.შ. რომელშიც შედის რუსეთის როგორც შეიარაღებული ძალების რეგულარული დანაყოფები, ასევე „ვაგნერი", კადიროველები, ასევე ადგილობრივი დონბასელი სეპარატისტები.

„რაც შეეხება უკრაინელების დანაკარგს, ის დაახლოებით 120 ათასამდე ადის, საიდანაც დაღუპულია 40 ათასზე მეტი, დანარჩენები დაჭრილები დაშავებულები და ა.შ.

„როგორც წესი ვინც შეტევაზე მიდის, მას უფრო მეტი დანაკლისი აქვს, იმიტომ, რომ ვინც თავდაცვაშია, მას პოზიციები აქვს მომზადებული და ნაკლებ მსხვერპლს განიცდის ვიდრე, ვინც შეტევაზეა და საბრძოლო ტექნიკით გადააადგილდება. მართალია, თანამედროვე ომებში წესები იცვლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დანაკარგი რუს ოკუპანტებს უფრო მეტი აქვთ. სამაგიეროდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 30 ათასამდე უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული რუსეთის დაუნდობელი დაბომბვების შედეგად," - აცხადებს ალადაშვილი „რეზონანსთან".

მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წინსვლა ძალიან ნელია და ესეც უდიდეს ფასად უჯდებათ.

„მალე დაიწყება წვიმის სეზონი, თუ მანამდე არ მოხდა რამე დიდი შეტევა რუსეთის მხრიდან, უკრაინელებმა არა მგონია, რომ მოასწრონ ამ წვიმების სეზონამდე. წვიმების სეზონი რომ გადაივლის, სადღაც ალბათ აპრილის ბოლოსკენ, და უკრაინა ბოლოს და ბოლოს მიიღებს დასავლეთისგან შეპირებულ ტანკებს და ჯავშანტექნიკას, მერე უკვე შიძლება უკრაინამ იფიქროს სერიოზული კონტრიერიშების დაწყებაზე, თავისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად," - აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×