თამთა ჩაჩანიძე
24.02.2023

რუსეთი მოდლოვის პროდასავლური, დემოკრატიულად არჩეული რეჟიმის დამხობას ცდილობს და ამისთვის სხვადასხვა აპრობირებულ მეთოდებს მიმართას. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის წყალობით სამხედრო ძალით ამას ვერ მოახერხებს, მან პროვოკაციის სტრატეგია არჩია.

კრემლის მორიგი „გაღმა შედავების" მცდელობა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინა მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება. შეჭრის საბაბად კი დაასახელებენ „რუსეთის ჯარების მიერ დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან თავდასხმის მცდელობას".

როგორც თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, ეს რუსეთის დიპლომატიის აპრობირებული მეთოდია, რომელიც არაერთხელ გამოუყენებია - მოსკოვი ჯერ მოლდოვაში ხელისუფლების დამხობას შიდა პრორუსული ძალებით შეეცდება, ხოლო თუ სიტუაცია გაურთულდა, არც სამხედრო კონფლიქტის დაწყებას მოერიდება, თუმცა ამის რესურსი უკრაინასთან ომის გამო ამოწურული აქვს.

„რუსეთის დიპლომატიის აპრობირებული მეთოდია, რომელსაც ის თავისი მეზობლების წინააღმდეგ იყენებს, როდესაც რაღაც პროვოკაციის მოწყობას თვითონ აპირებენ და ამ დროს ცდილობენ, რომ „გაღმა შეედავეს" პრინციპით ასეთი განცხადებები გააკეთონ. მოლდოვაში პრორუსული ძალების მიერ სიტუაცია დაიძაბა და დამძიმდა. მოლოდინია, რომ რუსეთი დნესტრისპირეთის სეპარატისტული ანკლავიდან პროვოკაციას მოაწყობს იმისათვის, რომ სანდუს ხელისუფლება დაამხოს. ამაზე მანამდე ოფიციალური ინფორმაცია იყო როგორც უკრაინის ხელისუფლებიდან, ასევე სანდუსგან. ამის შედეია ის, რომ რანმდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ მოლდოვას სამხედრო ტექნიკა გაუგზავნა.

„ეს პროვოკაცია დიდი ხანია მწიფდება. რუსეთმა იგრძნო, რომ მაია სანდუს პრეზიდენტობის პირობებში მოლდოვამ შეიძლება ნეიტრალიტრეტზე უარი თქვას და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს ეს ქვეყანა მთლიანად „ხელიდან გამოეცლება". ამიტომაც ცდილობენ, რომ სანამ ჯერ კიდევ დაგვიანებული არაა, პრორუსული ჯგუფები მაქსიმალურად გაააქტიურონ, რომ სანდუს ხელისუფლება დაამხონ და თუ მოლდოვაში პრორუსული ხელისუფლების მოყვანას მოახერხებენ, უკრაინას ზურგიდანაც დაარტყას.

„იმის გამო, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარების ნაწილია დაბანაკებული, უკრაინა იძულებულია, რომ საკუთარი სამხედრო ნაწილი ოდესის მხარეს ჰყავდეს. იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი დაიწყება, არაა გამორიცხული, რომ უკრაინა მოლდოვის ხელისუფლებას დაეხმაროს.

„რუსეთის ძირითადი მიზანია, რომ შიდა პრორუსული ძალებით სანდუს პროდასავლური ხელისუფლება დაამხოს, მოლდოვა დასავლეთს ჩამოაშოროს და პრორუსული ხელისუფლება დასვას. თუ სიტუაცია გაურთულდა, არც სამხედრო კონფლიქტის დაწყებას მოერიდებიან. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი დნესტრისპირეთს გეოგრაფიულად ვერ სწვდება, იქით უკრაინა და აქეთ რუმინეთია, მას სამხედრო ჩარევა ძალიან გაუჭირდება.

„ყველა ვარიანტში, რუსეთი რაღაც ბერკეტებს მოძებნის, შესაძლოა მოლდოვას რაღაც სანქციებიც დაუწესოს, მათი მოქალაქეები გააძევოს. რუსებისთვის ახლა მოლდოვაში სამხედრო მოქმედებების დაწყება ნაკლებადრეალისტურია, რადან ცნობილი მიზეზების გამო, რესურსებიც არა აქვთ. მათთვის მთავარია, რომ პოლიტიკურად რაღაცნაირად მიაღწიონ იმას, რომ სანდუს ხელისუფლება დაემხოს. პრორუსულ ძალებს მოლდოვის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ, როგორც ქვეყნის ხელისუფლება და პოლიტიკოსები ამბობენ, ამაში რუსეთს ძალიან დიდი თანხა აქვს ჩადებული, რადგან პრორუსული ძალები მიტინგებზე ყოველდღიურად გამოდიან და ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებენ", - განაცხადა კორნალი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

„არსებული ინფორმაციით, კიევის რეჟიმი მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება, რომელსაც განახორციელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, მათ შორის „აზოვის" ნაციონალისტური ფორმირება.

„ამ მიზნით, უკრაინელი დივერსანტები, რომლებიც მონაწილეობენ ინსცენირებულ შეჭრაში, რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცების ფორმებში იქნებიან გადაცმული", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×