ნაზი ბერიძე
20.02.2023

ჩინეთი გადაკვეთს წითელ ხაზს თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას გრინფილდმა „სიენენთან" ინტერვიუში განაცხადა. საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინი არასდროს მიიღებს აშშ-ს მიერ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობისკენ თითის გაშვერას, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა იგი კონფრონტაციისკენ არ არის მიმართული.

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერის შემაშფოთებელ ტენდენციებს ხედავს და პეკინს სურს რუსეთს სამხედრო დახმარება ფარულად მიაწოდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეს საკითხი ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას დააყენა.

„ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას რომ მათ მშვიდობა სურთ, რადგან ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით მსგავს სიტუაციებში. მაგრამ, ჩვენ ასევე მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ ჩინელები და სხვები თუ აპირებენ რუსების ლეტალურ მხარდაჭერას უკრაინაზე მათ სასტიკ თავდასხმაში, ეს მიუღებელია.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ ვხედავთ ჩინეთს, როგორც მოწინააღმდეგეს. ჩვენ მზად ვართ, კონკურენცია გავუწიოთ ჩინელებს და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ წინააღმდეგობის გასაწევადაც"-განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას მოჰყვა პასუხი ჩინეთის მხრიდან: „ჩინეთის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება მესამე მხარის მიუმხრობლობასა და არაკონფროტაციულობას, ორი დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტის ფარგლებში"- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ჩინეთი ამერიკის მოწინააღმდეგედ დიდი ხანია ითვლება, ეს ახალი არ არის, ხოლო ჩინეთის პოზიცია გამოხატულია როგორც თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

„ასე რომ, აქ ახალი არაფერია. ჯერ კიდევ ნატოს თემატიკაში იყო გამოცხადებული, ნატოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, რომ ჩინეთი არის ამერიკის მოწინააღმდეგე. ახლახან, ჩინეთსა ამერიკას შორის დაიძაბა ურთიერთობა საჰაერო ბურთთან დაკავშირებით, ასე რომ, ამერიკელების პოზიცია არ არის ახალი და გასაგებია რომ ისინი ჩინეთთან არიან ცოტა აგრესიულ კუთხით და განსაკუთრებით სენსიტიურია, რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის პირობების განვითარება.

„სხვათა შორის, 2018 წლის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ექსპერტთა ჯგუფმა დადო, რომ ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა იყვნენმ სოფლიო წესრიგის აქტორები. მე მგონი ახლაც იგივეა, არაფერი შეიცვალა ამ მიმართულებით, ჩინეთი და ამერიკა არის მთავარი აქტორი ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე არაფერი ახალი არ არის ამერიკის პოზიციაში."

„რაც შეეხება ჩინეთს - ნაკლებად უყურებს ამერიკა რას იტყვის და როგორ იტყვის, ჩინეთს გააჩნია გლობალური ჰეგემონიის პოზიციები და ის ყოველთვის დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

„ამერიკა და ჩინეთი არის უძლიერესი მსოფლიო დიდი სახელმწიფოები, ეკონომიკაში პოლიტიკაში და სამხედრო სფეროში. ჩინეთმა ახლა გამოსცადა ბალისტიკური სტრატეგიული რაკკეტა, რომელსაც შეუძლია თავისუფლად მიაღწიოს ამერიკის ტერიტორიამდე,

„აქედან აჩვენა მან საკმაოდ ძლიერი პოზიციები. ჩინეთს ნაკლებად აინტერესებს მასზე რა წარმოდგენა ექნება დასავლეთის სახელმწიფოებს, საკუთარ ტრაექტორიას ავითარებს, ეს ჩანს ჩინეთის პასუხში. დაეხმარება თუ არა ჩინეთი სამხედრო იარაღით რუსეთს, ეს გამოჩნდება მარტში ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის დროს" - განაცხადა მაისაიამ.

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის მკაცრი გაფრთხილებები და სავარაუდო სამომავლო ქმედებები, თუ ჩინეთი დასავლეთის და ამერიკის პოლიტიკური კურსით არ ივლის, პირველ რიგში ჩინეთის ეკონომიკას დაარტყამს.

„ეს რბილი განცხადებაა, რადგანაც დიპლომატის გაკეთებულია, პოლიტიკოსები უფრო მკვახედ იტყოდნენ ალბათ. პრინციპში, კონკურენცია როგორც მოწინააღმდეგესთან, ნიშნავს რომ შეერთებული შტატები ჩინეთს ძალიან ბევრ გზას ჩაუკეტავს ვაჭრობაში. მაგალითად შეუქმნის სავაჭრო ბარიერებს და როგორც ვიცით, ჩინეთის ვაჭრობა ამერიკასთან ძალიან მაღალია, თითქმის ტრილიონ დოლარს უახლოვდება, ამიტომ ჩინეთის ეკონომიკისთვის ამერიკის ბაზრის ჩაკეტვა იქნება დამანგრეველი."

კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა ჩინეთის პასუხი, ანალიტიკოსი რეზონანსთან განმარტავს,რომ უბრალოდ აღიარა რომ არ მივაწვდი იარაღსო.

„ჩინეთმა პრაქტიკულად ღიად გამოთქვა დაპირება რომ იარაღს არ მიაწვდის რუსეთს და შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. შეიძლება ამერიკის განცხადება, იმისთვის იყო გაკეთებული რომ ეს იყო მაპროვოცირებელი იმისა, რომ ჩინეთს ღიად დაედასტურებინა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ რუსეთს არცერთ შემთხვევაში იარაღს არ მიაწვდის" - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×