ნაზი ბერიძე
19.02.2023

უკრაინა მოითხოვს რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას, რომელსაც უნდა ჰქონდეს ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია და რუსეთის მაღალჩინოსნებს ფუნქციური იმუნიტეტების მოხსნის შესაძლებლობა. ამაზე „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ასეთი ტრიბუნალის შექმნა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც სავსებით შესაძლებელია.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელსაც ექნება ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია.

„ჩვენ, უდავოდ, დაჟინებით მოვითხოვთ სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას და, ხაზს ვუსვამ, რომ ის ცალკე უნდა შეიქმნას და ჰქონდეს არა ეროვნული, არამედ ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია. ასევე, როგორც ტრიბუნალის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის შეთანხმების ნაწილი, მას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება ფუნქციური იმუნიტეტი მოუხსნას რუსეთის ხელმძღვანელობას", - განაცხადა პოდოლიაკმა.

იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, ასეთი ტრიბუნალის შექმნის პრეცენდენტები წარსულში უკვე არსებობს.

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია და უკვე გვქონდა კიდეც ასეთი პრეცედენტები, როცა, მაგალითად, იუგოსლავიის სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნა, რომელმაც განიხილა ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული და განსასჯელთა სკამზე დასვა დამნაშავეები. დღესაც გრძელდება ბევრი დამნაშავის ძებნა და ბევრი იმალება. ამიტომ, ეს სავსებით შესაძლებელია, მით უფრო, რომ მარტო პოდოლიაკის მოსაზრება და საჯარო განცხადება არ არის ეს. თუ არ ვცდები, ესტონეთის პრეზიდენტმაც იგივე წინადადება გააჟღერა ახლა მიუნხენის კონფერენციაზე. ძალიან ბევრი სისასტიკე და დანაშაულია ჩადენილი რუსეთის მიერ და დღემდე გრძელდება ეს ამბები უკრაინის ტერიტორიაზე.

„სპეციალური, ზესახელმწიფოებრივი ტრიბუნალი იმიტომ უნდა შეიქმნას, რომ რუსეთი რომის სტატუტის ხელმომწერი არ არის და ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქცია მასზე არ ვრცელდება. ამიტომ უნდა შეიქმნას სპეციალური, განსხვავებული ტრიბუნალი რუსეთისთვის, და ამ ტრიბუნალს ექნება რა თქმა უნდა, გლობალური იურისდიქცია, რომ რუსები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, პასუხისგებაში მიეცნენ რუსეთის ტერიტორიის გარეთაც," - განაცხადა რეზონანსთან ლია მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რათა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×