თამთა ჩაჩანიძე
17.02.2023

რუსეთის მხრიდან საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია, ეს რამდენიმე მიმართულებით, ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინაში შეინიშნება. ოკუპანტებმა დიდი დაწოლა ლუგნსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიასკენ მიმართეს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, ძირითადი ძალები და სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს. როგორც ოფიციალური კიევი აცხადებს, კომპრომისი არ იქნება და ერთი გოჯი მიწის დათმობას არ აპირებენ.

როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე წერს, რუსული არმიის გააქტიურება სწორედ იმის ნიშანია, რომ რუსეთმა მოსალოდნელი შეტევა დაიწყო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბიბისი-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა მოსალოდნელი შეტევა უკვე დაიწყო და მთელს დონბასში რუსული არმიის გააქტიურება სწორედ ამის ნიშანია. საუბარი არ არის, რომ ახალი სამიზნეები გაჩნდა, არამედ მინიშნებაა იმაზე, რომ ინტენსიური დაწოლა იზრდება დონეცკისა და ლუგანსკის რაიონის რამდენიმე პუნქტზე - ეს სწორედ ამ ჩაფიქრებული შეტევის ნაწილს წარმოადგენს. რუსული შეტევის მიმართულებად რჩება ქალაქი დონეცკის შემოგარენი - მარინკა და ავდიივკა, დონეცკის რაიონის სამხრეთ ნაწილი - ვუჰლედარი და ველიკა ნოვოსილკა, დონეცკის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილი - ბახმუტი-სივერსკი და ლუგანსკის რაიონში კრემენნიას შემოგარენი.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას და მსგავს კომპრომისზე წასვლას არავინ არ უნდა ელოდოს. მანვე დაამატა, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი პოზიციები მანამ, სანამ კონტრშეტევისათვის მზადება მიმდინარეობს.

„ზელენსკიმ ბელარუსიც გააფრთხილა - არ ჩაერიოს ომში, რადგან უკრაინა მაინც დაიცავს თავს ხოლო ბელარუსი აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაში. ამ ფონზე ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება ომში, თუკი ბელარუსის წინააღმდეგ დაიწყებს ვინმე მოქმედებასო. ეს კი შესაძლოა წინასწარ პროვოკაციის მომზადებასაც ნიშნავდეს ან პირიქით, ომში ჩართვისაგან თავიდან არიდების მცდელობას", - წერს კობერიძე უკრაინის ფრონტზე გასული 24-საათიანი ვითარების შეჯამებისას.

ამასთან, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ოკუპანტებმა დიდი ძალები ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიასკენ გადაისროლეს.

„იქ უყრიან თავს მძიმე ტექნიკასაც, მუდმივად არის მცდელობები, რომ ჩვენი თავდაცვითი ხაზები გაარღვიონ",- განაცხადა გაიდაიმ.

მისივე თქმით, რუსები თავს ესხმიან სხვა ქალაქებსაც.

„ყველა მიმართულებით დაბომბვისა და შეტევის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თან ახლა ავიაციაც ჩართეს, მაგრამ რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს, დღეს ის აბსოლუტურად კონტროლირებადია ბელოგოროვკაში, კრემენნაია-ლიმანისა და სვატოვო-კუპიანსკის მიმართულებებზე", - ნათქვამია გაიდაის მიმართვაში.

როგორც იგი ამბობს, რუსები თავის ძველ ტაქტიკას არ ცვლიან და ქალაქებს მიწასთან ასწორებენ, მისი თქმით ახლახანს ერთ-ერთი დასახლება თითქმის განადგურდა.

„ბელოგოროვკაში, ალბათ, არც ერთი კვადრატული მეტრი არ არის დარჩენილი, სადაც რუსული ჭურვი არ მოხვედრია," - დასძინა გაიდაიმ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია და რუსეთის თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით ხდება. ამ კონტექსტში, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აუცილებლობას.

„რა თქმა უნდა, თანამედროვე იარაღი აჩქარებს მშვიდობას. იარაღი არის ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა თავისი გადარჩენისთვის იბრძვის და ევროპისკენ მიისწრაფვის როგორც ეკონომიკურად, ასევე ღირებულებებით.

„ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები. ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, უფრო სუსტს გაგვხდის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საუბარი არ არის ზოგადად კომპრომისის მიმართ შიშზე, საუბარია, ვისთან მიდიხარ კომპრომისზე.

„საქმე თავად კომპრომისში არაა. რატომ გვეშინოდეს ამის? ჩვენ ყოველდღიურად მილიონობით კომპრომისი გვაქვს ცხოვრებაში. საკითხავია ვისთან? პუტინთან? არა. იმიტომ რომ ნდობა არ არსებობს. დიალოგი მასთან? არა იმიტომ, რომ ნდობა არ არსებობს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×