ბაჩანა ტყემალაძე
15.02.2023

რუსული ჰიპერბგერითი რაკეტებით შეიარაღებული ადმირალ გორშკოვის ფრეგატი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კონკრეტულად კეიპტაუნში სამხრეთ აფრიკის, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის ჩავიდა. ინფორმაციას კეიპთაუნის რუსეთის საკონსულო ავრცელებს.

„საბრძოლო ხომალდი დედაქალაქში დურბანისკენ მიმავალ გზაზე ჩავიდა, სადაც ერთობლივ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც 17-27 თებერვალსაა დაგეგმილი", - ვკითხულობთ საკონსულოს ტვიტერის გვერდზე.

წვრთნების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავი მოახლოვდა. მოსკოვს ამით იმის ჩვენება სურს, რომ ის მსოფლიო ასპარეზზე მრავალი სანქციის მიუხედავად არ არის იზოლირებული და კვლავ ჰყავს მოკავშირეები.

იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და მისმა სამხრეთ აფრიკელმა კოლეგამ, ნალედი პანდორმა პრეტორიაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვიტეს საზღვაო წვრთნების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს ლავროვის სამხრეთ აფრიკაში პირველი ვიზიტი იყო.

თებერვლის დასაწყისში რუსული სახელმწიფო ინფორმაციის სააგენტო რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის გავრცელებულ ინფორმაციას ციტირებდა, სადაც წერია, რომ ადმირალი გორშკოვი ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტების საწვრთნელ გაშვებას სამხრეთ აფრიკისა და ჩინეთის ფლოტთან წვრთნების დროს განახორციელებს.

სახმრეთ აფრიკის ცნობით, ერთობლივი საზღვაო წვრთნები სავარაუდოდ მოიცავს სამხრეთ აფრიკის ეროვნული თავდაცვის ძალების 350-მდე ჯარისკაცს, რომლებიც რუს და ჩინელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს მსგავსი სწავლება 2019 წელს გაიმართა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წვრთნები ადმირალ გორშკოვის ფრეგატის ცირკონის ჰიპერბგერით რაკეტებს მოიცავს, რომლებიც პირველად 2021 წლის ბოლოს გამოსცადეს.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ამ ტიპის რაკეტები რუსული ბალისტიკური ბირთვული ტრიადიდან ერთ-ერთია, რომლის გამოყენებასაც რუსეთი უკრაინასთან ვერ გაბედავს.

„წვრთნებში ადმირალ გარშკოვის ფრეგატიც მიიღებს მონაწეილეობას, რომელიც შეიარაღებული იქნება ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტებით. დაახლოებით მსგავსი ტიპის რაკეტებით იქნება წარმოდგენილი ჩინური მხარე, ხოლო სამხრეთ აფრიკა წვრთნებში 8 ხომალდით მიიღებს მონაწილეობას.

ეს „ფრიგსის" ეგიდით ხორციელდება და მხოლოდ ძალების დემონსტრაციისთვის ხორციელდება. უკრაინასთან მიმართებაში რუსეთი მსგავს იარაღს ამ ეტაპისთვის მაინც ვერ გამოიყენებს და შესაბამისად, ეს წვრთნებიც სხვა ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×