სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ერევანში ამბობენ, რომ ოფიციალური პროტოკოლების ხელმოწერიდან, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და საზღვრის გასვლამდე 1-2 წელი გავა
    ია აბულაშვილი
    29.09.2009

    პროტოკოლების ხელმოწერა შვეიცარიაში, ციურიხში გაიმართება, სადაც თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავლენ. ამის შესახებ განცხადება გუშინ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა, ამასთან, შვეიცარიული მედიის ცნობით, 10 ოქტომბერს ციურიხში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც ჩავა.
    აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში იქნება, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართავს მოლაპარაკებას ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. ამის შემდეგ კი, 14 ოქტომბერს სარგსიანი თურქეთის ქალაქ ბურსაში გეგმავს გამგზავრებას, სადაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი ოფიციალური მატჩი იგეგმება თურქეთისა და სომხეთის ნაკრებებს შორის.
    ამასთან, ერთი ვერსიით, სარგსიანი თურქეთში სახმელეთო გზით გაემგზავრება იმის აღსანიშნავად, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვარი გაიხსნა და მიმოსვლა აღსდგა.
    რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების რეალურ აღდგენას, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც თურქეთისა და სომხეთის პარლამენტები შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ, ეს პროცესი კი შესაძლოა გაიწელოს. მაგალითად, სომხეთის პარლამენტის წევრი არამ საფარიანი აცხადებს, რომ რატიფიკაციას 1-2 წელი დასჭირდება. მისივე სიტყვებით, რომელიც სააგენტო "რეგნუმს" მოჰყავს, კიდევ უფრო გაჭიანურდება სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა, რადგანაც ეს ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაზე იქნება მიბმული.
    თბილისში საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგებას მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ეს რეგიონში როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით ახალ რეალობას ქმნის და საქართველოს ხელისუფლებამ ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს.
    "რეზონანსი" ქართველ ექსპერტებს ესაუბრა, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი პერსპექტივაში საქართველოს კარნახობს მოაწესრიგოს ურთიერთობები მეზობლებთან და აქტიურად იმოქმედოს იმ მიმართულებით, რომ ყველა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გადაწყვეტილებაში, რომელიც სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით იქნება მიღებული დაიცვას და უზრუნველყოს საქართველოს ინტერესები.
    დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე: "თურქეთ-სომხეთს შორის საზღვრის გახსნის პერსპექტივის გამოჩენის შემდეგ სომხურ პრესაში იმატა ანტიქართულმა სტატიებმა. თუ სომხური პრესით ვიმსჯელებთ, უკვე მოითხოვენ საქართველო-სომხეთის საზღვრის გადახედვას და ჯავახეთისთვის ავტონომიის მიცემას. პრესაში ერთმა სომეხმა პოლიტოლოგმა ისიც მოითხოვა, რომ ერევანს ეცნო ჯავახეთის დამოუკიდებლობა და რომ ჯავახეთში სომხური ენა სახელმწიფო ენად აღიარონ.
    "როგორც ჩანს, სომხეთში გარკვეულ წრეებს იმედი აქვთ, რომ საქართველო, როგორც ტრანზიტული არტერია, სომხეთს აღარ დაჭირდება. არის ასეთი კულუარული ინფორმაციაც, რომ ევროკავშირი სომხეთისაგან მოითხოვს კომპრომისს აზერბაიჯანთან კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით, კერძოდ სომხეთის მიერ ოკუპირებული ხუთი აზერბაიჯანული რეგიონის განთავისუფლებას და იქ 700 ათასი აზერბაიჯანელი ლტოლვილის დაბრუნებას, რის სანაცვლოდაც "ნაბუკოს" მარშრუტი საქართველოს ნაცვლად სომხეთზე გაივლის. ჯერჯერობით ეს მხოლოდ კულუარული ინფორმაციაა, მაგრამ თუ ჩვენ ვიმსჯელებთ პრინციპით "უცეცხლოდ ბოლი არ არსებობს", შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინფორმაციას, რაღაც დოზით, საერთო აქვს რეალობასთან. თუმცა ეს ჯერჯერობით ჟურნალისტური ჟანრია.
    "პირადად მე ყველაზე მეტად მაშფოთებს ის ანტიქართული ვაკხანალია სომხურ პრესაში, რომელიც ხელს არ აძლევს და ელემენტარულად შუღლს აღვივებს ისტორიულ მეზობლებს შორის", - განაცხადა სოსო ცინცაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
    ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ რეგიონში ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარება პოლიტიკური თვალსაზრისით მისასალმებელია, თუმცა რამდენად მდგრადი და სტაბილური იქნება ეს ურთიერთობები, ამის პროგნოზირება ექსპერტს უჭირს.
    "ამ ურთიერთობებში ბევრი წინაპირობა არსებობს, მხედველობაში მაქვს ამ ორი ქვეყნის ისტორული წარსული. წინაპირობაში იგულისხმება ისიც, თუ რას ელის სომხეთი იმის სანაცვლოდ, რომ დაივიწყოს გენოციდის ფაქტი. ფაქტია, რომ თურქეთთან კავშირის დამყარების შემდეგ სომხეთს ექნება ალტერნატიული გზა ცივილიზაციისაკენ და ეს გზა იქნება კონკურენტუნარიანი.
    "რაც შეეხება პროექტებს, ჯერ კიდევ შარშან აგვისტოში გაჟღერდა თურქეთის მხრიდან, რომ ზოგიერთ ეკონომიკურ პროექტებში საქართველოს სომხეთი ჩაანაცვლებს, თუმცა ენერგეტიკული პროექტები ნამდვილად არ არის სომხეთის და თურქეთის ურთიერთობების მძევალი. ეს თემები უფრო მასშტაბურია და სერიოზულ როლს ვერ ითამაშებენ მარშრუტების გადახედვის კუთხით. ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მარშრუტის ცვლა არ მოხდება", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
    ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ეს მოვლენა სცილდება ორი ქვეყნის ურთიერთობის ფარგლებს.
    "თურქეთი არავითარ შემთხვევაში ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, რომ არა პერსპექტივა აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობის დარეგულირებისა. როგორც ჩანს, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა ეტაპობრივად გაუმჯობესდება და თანდათანობით მიღწეული იქნება ორივე მხარისათვის მეტ-ნაკლებად მისაღები გადაწყვეტილებები.
    "ვფიქრობ, რომ ყარაბაღის პრობლემა პირველ ეტაპზე ღიად დარჩება. უფრო სწორედ მისი სტატუსი არ განისაზღვრება, ხოლო სომხეთი თანდათანობით და უმტკივნეულოდ დათმობს ყარაბაღის ირგვლივ ანექსირებულ რაიონებს.
    "ცხადია სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის დარეგულირება ქმნის ხელსაყრელ პირობებს, რომ დღემდე არსებული, მონახაზის დონეზე ჩამოყალიბებული საერთაშორისო დიდ ეკონომიკური პროექტებს გაუჩნდეს ალტერნატიული რეალიზაციის გზები და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან სამხრეთ კავკასიაში დიდი პრობლემების მოხსნის შემდეგ, პირველ პლანზე წამოიწევს დიდი ენერგეტიკული და სხვა საერთაშორისო პროექტების ეკონომიკურობა. აქ სომხების პოტენციალი საკმაოდ მაღალია, ტრასების სიმოკლის და სხვა ფაქტორების გამო.
    "რაც შეეხება ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალს, პირადად მე ეს პროექტი გარკვეული ტექნოლოგიის შედეგი მგონია, რომელსაც რაღაც ეტაპზე უნდა შეენიღბა რაღაც ახალი. თუკი ვინმეს რაიმე წარმოდგენა აქვს ეკონომიკაზე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის გეოგრაფიულ განლაგებაზე, აგრეთვე ამ სამ ქვეყანაში როგორ არის განლაგებული სარკინიგზო მაგისტრალი და ასევე საბჭოთა კავშირის დაშლამდე როგორ იქნა დაკავშირებული სომხეთი აზერბიჯანთან ე.წ. აღსტაფის მონაკვეთის გავლით, რომელიც აზერბაიჯან-სომხეთის ომის დროს იქნა ბლოკირებული და რომელის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, იოლად დაასკვნის, რომ სტამბულიდან ბაქოში და შემდეგ შუა აზიაში ტვირთების გადაზიდვა ყარსი-ახალქალაქის გავლით 35-40%-ით ძვირი იქნება, ვიდრე სტამბულიდან ბაქოში სომხეთის გავლით არსებული მაგისტრალით. "თუკი "ნაბუკოს" პროექტის რეალიზაცია მართლაც დაიწყო, მაშინ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და დაუზუსტებელი ტრასა სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. "ნაბუკოს" პროექტი ირანისა და თურქმენეთის გაზის გარეშე არაერალურად ჩანს, ირანთან ურთიერთობების დარეგულირების შემდეგ, სომხეთის გავლით ყველაზე მოკლე ტრასა იკვეთება.
    "რაც შეეხება საქართველოს, დღეს ჩვენ გვაქვს როგორც ენერგეტიკული, ისე მაგისტრალური და სარკინიგზო პროექტები. ბაქო-ჯეიჰანს და ბაქო-ერზერუმს არავინ წაიღებს. კიდევ ვიმეორებ, თუ ახალი პროექტები გაკეთდა, მაგალითად, იგივე "ნაბუკო", სამუშაო და საბრძოლველი იქნება, რომ ჩვენც ვიყოთ ამ ინტერესების სფეროში", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter