მოვლენა
21.10.2022

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, 2022 წლის 5 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაჯილდოების ცერემონიაზე პერსონალის წევრს აცვია ტანსაცმელი, რომელზეც ტრადიციული ჩინური დეკორატიული ელემენტი ჩანს. (Xinhua/Wu Zhuang)

სამოსის დიზაინერ ჩუ იანის სტუდია სავსეა ტრადიციული ჩინური ტანსაცმლით, რომელთაგან ერთ-ერთმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე შთაბეჭდილება მოახდინა. 

ჩუმ სახელი იმით მოიხვეჭა, რომ ტრადიციულ ჩინურ სამოსს ხელახლა ქმნის და უძველეს ელემენტებს თანამედროვე ელფერს სძენს. ქალბატონი ჩუ პეკინის მოდის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ასწავლის და საკუთარი სტუდიაც აქვს გახსნილი.  

პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონიაზე ბაო სან ჰუას - ძველისძველ კერამიკულ ნაწარმში გამოყენებული ფლორისტული ორნამენტი, რომელიც ყვავილისა და ფიფქის მოხატულობის შერწყმაა - ნახჭით შექმნილი სამოსი წარადგინა. ეს საერთაშორისო არენა მან თანამედროვე ჩინური ესთეტიკის მსოფლიოსთვის გასაცნობად გამოიყენა. 

ტურისტს აცვია ჰანფუ, ტრადიციული ჩინური სამოსის ტიპი, და შუაშემოდგომის ფესტივალზე ფარნებთან პოზირებს შანხაიში; 2022 წლის 28 აგვ. (Xinhua/Chen Fei)

- როდესაც თორმეტი წლის ვიყავი და მოდის შესახებ ჟურნალებს ვკითხულობდი, დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაშინ ცხოვრების მიზნად დიზაინერობა დავისახე, - თქვა ჩუ იანმა. 

სხვადასხვა ქვეყნის ფასონების შესწავლის შემდეგ ჩუს ჩინური ტრადიციული ტანსაცმლის მიმართ ცხოველი ინტერესი ჩამოუყალიბდა.

ჩუმ კარიერაში წარმატებას ბოლო ათწლეულში მიაღწია. პოპულარობა კი სამამულო ბრენდებს შორის ტრადიციული ჩინური სტილისა და კულტურის ელემენტების შეტანით მოიპოვა. ამ ტენდენციას „გოჩაო“ ანუ „ჩინური ლაზათი“ ეწოდება.

- დიზაინერების ახალი თაობა მაღალი მიზნისკენ უნდა ილტვოდეს, ოღონდ, არამხოლოდ ჩინური სილამაზის წარმოჩენით, არამედ მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ლიდერის ადგილის დაკავებით, - განაცხადა მან. 

ცვლილებები უკეთესობისკენ

ათწლეულმა ჩაიარა და ჩინელების ტანისამოსშიც ბევრი რამ შეიცვალა. მაღალი მოდის ნაწარმით მოვაჭრე მაღაზიებში გულუხვი მყიდველების ნაკლებობას არ უჩივიან. ამ სიას უნდა დაემატოს ციპაო (კაბები) და ტანის კოსტიუმები, შედეგად ჰანფუს - ტრადიციული შესამოსელის ტიპს მივიღებთ.  

iiMedia-ის კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ჰანფუს გაყიდვებმა 190 მილიონი იუანიდან (26.76 მლნ ამერიკული დოლარი) 6.36 მლრდ იუანს მიაღწია 2015-დან 2020 წლამდე, რასაც ხელი სოციალური მედიის წარმომადგენლებმა შეუწყვეს. ისინი ჩაცმულობით ისტორიული დრამიდან გადმოსულ პერსონაჟებს ჰგავდნენ.

- რაც ახლა ჩანს, ეს ტრადიციული ჩინური კულტურის ნოყიერ  ნიადაგზე დაწყებული თანამედროვე აღორძინებაა. ტანსაცმლის მრეწველობა კიდევ უამრავ ორიგინალურ და საინტერესო ნაწარმს შექმნის, - ამბობს ვან ვენშენი, პეკინის საფეიქრო და სამოსის ასოციაციის ვიცედირექტორი.

ჩინეთის მშპ შარშან გაორმაგდა და 114 ტრილიონ იუანს მიაღწია 2012 წელს არსებულ 50 ტრილიონ იუანთან შედარებით. ათი წლის წინ ჩინეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6300 აშშ დოლარი იყო, რამაც შარშან 12000 დოლარს მიაღწია. უფრო ღრმა ჯიბე უფრო მრავალფეროვანი არჩევანის საწინდარია. 

ჩჟან იანმეი, რომელიც Xiabu Xiabu-ს ცხელი კერძების ქსელში მუშაობს, ბულიონებში ცვლილების შესახებ გვიყვება.

- ორიოდე წლის წინ ამდენი გემო არ გვქონია. ახლა ტაილანდური ტომ იუმ კუნის, ინდური კარისა და დურიოს გემოც კი გვაქვს, რაც თქვენს კარამდე შეუფერხებლად მოვა, - თქვა მან.

მისივე თქმით, საზკვების სფეროში ახალი ბრენდები და ქსელები ჩნდება და მათი ფილიალები უცხოეთშიც იხსნება. 

განვლილ ათ წელიწადს თუ გადავხედავთ, მოგზაურობისა და დროის გატარების წესიც შეცვლილია. ჟაო ცირონი, ტაიუანის - ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე ქვანახშირით მდიდარი პროვინცია შანქსის - მცხოვრები ელექტრომობილების სწრაფი ზრდა-განვითარების მომსწრეა. ამა წლის ივნისში ჩინეთს 10 მლნ ახალი ენერგოეფექტური მანქანა ჰქონდა.

ელექტრომობილი ჟაომაც უყიდა ცოლს სამსახურში სასიარულოდ და ბავშვების სკოლაში სატარებლად. - ბევრი ხალხი ყიდულობს ელექტრო მანქანას, რადგან ის ძალიან მოსახერხებელია, - ამბობს ჟაო. 

ჩქაროსნული მატარებელი მიდის პეკინ-გუანჯოუს ჩქაროსნული რკინიგზის პეკინ-უჰანის მონაკვეთში, ცენტრალურ ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში; 2022 წლის 20 ივნისი. (Xinhua/Xiao Yijiu)

ტრანსპორტის კიდევ ერთი სფერო - ჩქაროსნული რკინიგზა უზარმაზარი ნახტომებით ვითარდება. - ჩინეთის ჩქაროსნული რკინიგზა ახალ საზღვრებს ლახავს, რათა საზოგადოებას სარგებელი მოუტანოს, - ამბობს გაო ლიანი, პეკინის სატრანსპორტო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის სკოლის ხელმძღვანელი. 

2021 წლის მიწურულს ჩინეთის რკინიგზისა და გზატკეცილების საერთო სიგრძე 1.1 მლნ კილომეტრით გაიზარდა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით. 

ზრდის კოდი

პეკინის უნივერსიტეტის პროფესორ გუ ჰაილიანის თქმით,  ბოლო ათწლეული ინოვაციურმა, კოორდინირებულმა, ეკოლოგიურმა, ღია და ერთობლივმა განვითარებამ განაპირობა,  რამაც ჩინეთის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში საგრძნობი ცვლილებები შეიტანა. 

- კონცეფციის კომპლექსური და პატიოსანი რეალიზებით ჩინეთი მაღალხარისხოვან განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, - განაცხადა მან.

პანდემიასთან შეჩეხების მიუხედავად, ჩინეთმა იანვრიდან ივნისამდე პერიოდში წლიური 2.5 პროცენტიანი ზრდა  გვიჩვენა. ქვეყანა შემოსავლების გაუმჯობესების გზას ადგას.     

2012 წლიდან ჩინეთში სოფლად მცხოვრებმა დაახლოებით 100 მილიონმა ადამიანმა სრულ სიღატაკეს დააღწია თავი. მასშტაბური პროექტების ფარგლებში 9.6 მლნ ადამიანი გადასახლდა საცხოვრებლად ნაკლებად ვარგისი ადგილებიდან უკეთ მოწყობილ გარემოში. 

2022 წლის 26 აპრილს გადაღებული აეროფოტო აჩვენებს მდინარისპირა ხედს ქალაქ ჩჟანჰუაში, ხანგჭოუში, აღმოსავლეთი ჩინეთის ჯეძიანის პროვინციაში. (Xinhua/Xu Yu)

როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ჩინეთის მიერ სიღარიბესთან ბრძოლის წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯმა კაცობრიობის ისტორიაში კვალი დატოვა, ასახა რა პარტიული ხელმძღვანელობის სიძლიერე, ადამიანზე ორიენტირებული ფილოსოფიის ეფექტიანობა და მისი ინსტიტუციური სიმძლავრე. 

 მე-14 ხუთწლიანი (2021-2025) გეგმის მონახაზში - „ეროვნული  ეკონომიკური და სოციალური განვითარება და გრძელვადიანი  მიზნები 2035 წლამდე“ - ჩინეთმა დაადასტურა მომდევნო წლებში ხალხზე ორიენტირებული მიდგომის ვალდებულება, სადაც ხაზგასმულია, რომ განვითარება ხალხისთვის არის და ხალხზეა დამოკიდებული, მის მოსავალს კი ისევ და ისევ ხალხი იმკის.     

მიიწევს რა წინ, ჩინეთს განვითარების ახალი გეგმები აქვს დასახული, რაც საყოველთაო კეთილდღეობის წინა პლანზე წამოწევასა და საზოგადო სიკეთეების თანაბარ განაწილებს მოიაზრებს. 

- ჯეძიანის პროვინცია, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევის სადემონსტრაციო ზონაა, მტკიცედ მიიწევს წინ, - განაცხადა იუ ძიანსინმა, ჯეძიანის გონშანის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა. - ჯეძიანის საქმიანობა გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რას ნიშნავს საყოველთაო კეთილდღეობა, და მიზნის მისაღწევად ქმნის ნიადაგს, - თქვა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×